პარლამენტში პირველი მოსმენით იხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, კერძო სკოლას შესაძლებლობა ექნება სტატუსი შეუჩეროს იმ მოსწავლეს, რომელსაც ფინანსური დავალიანება აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, განათლების სამინისტრო ვალდებულია ასეთი მოსწავლე საჯარო სკოლაში გადაიყვანოს. ინიციატივას თავიდან განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა და საზოგადოების ნაწილმა გაიგო, რომ თითქოს სტატუსშეჩერებულ მოსწავლეს სხვა სკოლა ვეღარ მიიღებდა, რაც არასწორია. რატომ გახდა ინიციატივის წარდგენა საჭირო და უფრო ზუსტად, რა ვალდებულებას იღებს განათლების სამინისტრო Mshoblebi.ge კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, განათლების კომიტეტის წევრს შალვა პაპუაშვილს ესაუბრა:
- აქამდე კანონში არსებობდა ხარვეზი, რომელიც გარკვეულ ჩიხურ მდგომარეობას ქმნიდა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს აზარალებდა. ფინანსური დავალიანების შემთხვევაში, კერძო სკოლასა და მშობელს შორის დავა იყო. კერძო სკოლა იმისათვის, რომ ეს ფინანსური დავალიანება ამოეღო, მშობელს საჭირო საბუთებს არ აძლევდა, რომ შვილი საჯარო სკოლაში გადეყვანა. ეუბნებოდა, რომ ჯერ დაეფარა დავალიანება და მერე მისცემდნენ საბუთებს. სკოლა მიმართავდა სასამართლოს, იყო დავა, რაც ბავშვზე ცუდად აისახებოდა. თუმცა, მას სტატუსს ვერ უჩერებდა. კანონპროექტით სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გაესვა ხაზი, ვინაიდან ზოგადი საბაზო განათლება ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, კერძო სკოლა ვალდებულია, რომ მშობელს საბუთები მისცეს, მეორე მხრივ კი სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, ბავშვი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს. თუ კერძო სკოლა მშობელს, რომელთანაც ფინანსური დავალიანება აქვს, საბუთებს არ გაატანს და არ მისცემს შესაძლებლობას, შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს, ავტორიზაცია შეუჩერდება. ახალი ინიციატივით, როცა მშობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იხდის გადასახადს, კერძო სკოლა მოსწავლეს სტატუსს უჩერებს, თუმცა, წინასწარ ატყობინებს განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრო ეკონტაქტება მშობელს და თუ მას სხვა კერძო სკოლაში არ სურს ბავშვის გადაყვანა, ურჩევს საჯარო სკოლას, საცხოვრებელის მიხედვით. თავიდან აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს სტატუსშეჩერებულ მოსწავლეს სხვა სკოლა ვერ მიიღებდა, რაც არასწორია. ეს აქამდე იყო პრობლემა, როცა საჯარო სკოლა ვერ იღებდა მოსწავლეს, რომელსაც ფინანსური დავალიანების გამო კერძო სკოლა საბუთებს არ ატანდა. ახლა, ერთი მხრივ, კერძო სკოლა ვალდებულია, რომ საბუთები მისცეს მშობელს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ვალდებული მოსწავლე საჯარო სკოლაში გადაიყვანოს.
თამარ იაკობაშვილი