10 აპრილს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ მასწავლებლები, რომლებიც, მოსწავლეებთან ერთად, უამრავ საინტერესო პროექტსა თუ აქტივობას ახორციელებენ და ყოველდღიურად უკეთესობისკენ ცვლიან გარემოს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა, სამოქალაქო განათლების წარმატებულ პედაგოგთა და სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვეების დაჯილდოების ცერემონია.
კონფერენციის საზეიმოდ გახსნაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ბერიკა შუკაკიძესთან და სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" დირექტორთან, მარინა უშვერიძესთან ერთად მონაწილეობდა. ეკა დგებუაძემ ჩვენთან საუბრისას აქცენტი სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობასა და მასწავლებელთა წახალისების აუცილებლობაზე გააკეთა:
"ზოგადად, განათლების სისტემაში სამოქალაქო განათლების მიმართულებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. საგანი მოსწავლეებში აყალიბებს სამოქალაქო ცნობიერებას. მათ შესაძლებლობა აქვთ, დაინახონ პრობლემა, დაიწყონ ფიქრი თემში არსებულ გამოწვევებსა და მათ გადაჭრის გზებზე და ჩაერთნონ პროცესებში. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, წახალისდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო მოსწავლეებთან მუშაობაში, არამედ სასკოლო კულტურის განვითარებაშიც. ფორუმის დაჯილდოების ფარგლებში, მათ კიდევ უფრო მეტად უმაღლდებათ მოტივაცია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა."- განაცხადა ეკა დგებუაძემ.
მარინა უშვერიძე, სამოქალაქო პროგრამა "მომავლის თაობის" დირექტორი ამბობს, რომ წლების წინ საგნის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება ძალიან დაბალი იყო. თუმცა, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, ახლა უამრავი საინტერესო პროექტი ხორციელდება. ფიქრობს, რომ პროექტულ სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მიაჩნია, რომ თუ მოსწავლეებმა საკითხები ყოველდღიურ საქმიანობაში არ გადაიტანეს, მაშინ საგaნი საკუთარ მისიას ვერ შეასრულებს.
"წლებთან ერთად პროექტების შინაარსი გაღრმავდა და ხარისხიც გაიზარდა. ახლა ბავშვები ხშირად მუშაობენ ადამიანის უფლებების, მოსწავლეთა შორის ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, არჩევნების თუ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართულებით. პროექტული სწავლება ძალიან უყვართ, იქიდან გამომდინარე, რომ თავად არიან მოქმედი პირები და ხედავენ შედეგსა და ცვლილებას. ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითია, როცა სხვადასხვა რეგიონში მოსწავლეთა პროექტების შედეგად მრავალი პრობლემა მოგვარდა. ბევრი მასწავლებელი გვყავს, რომელთა მოხალისეობრივი შრომა აღიარებული და დაფასებულია. პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია წინა წელს ვერ გაიმართა, ამიტომ, ის პედაგოგებიც წელს ჯილდოვდებიან. ერთობლივი დიდი შრომის შედეგად მოვიდა ის ცვლილებები, რომლებსაც ველოდებოდი, თუმცა, წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ შედეგი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ" - ამბობს მარინა უშვერიძე.
სოფიო ბაჩილავა, კერძო სკოლა "ოპიზაში" სამოქალაქო განათლების პედაგოგია და არაერთი საინტერესო პროექტის გამო, 2020 წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. როგორც თავად ამბობს, ჯილდო მისთვის მოულოდნელი და განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა:
" მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩემს მოსწავლეებ მათ გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია და პროცესებში საკუთარი როლი დაინახონ, ჰქონდეთ განცდა და ამბიცია, რომ რაღაცების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ, გამოუმუშავდეთ ის უნარები, რომელთა წყალობითაც სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან. მე და ჩემი მოსწავლეები ძალიან ბევრ თემაზე ვმუშაობთ. მაგალითად, ესენია, ადამიანის უფლებები, ბულინგი, უსაფრთხოება, ეკოლოგიური საკითხები და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით, ბევრ საინტერესო პროექტსა თუ აქტივობას ვგეგმავთ, რაც, ვფიქრობ, მოსწავლეებს განვითარებასა და ცნობიერების გაზრდაში ეხმარება", - ამბობს სოფიო.
თემურ სუყაშვილი სამოქალაქო განათლების 2020 წლის საუკეთესო პედაგოგი გახდა. ის მარნეულის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლაში მუშაობს. სამართალმცოდნეობიდან და საერთაშორისო ურთიერთობებიდან ამ სფეროში მოხვდა, თუმცა, ამბობს, რომ არსებულ ცოდნას მოსწავლეებთან ურთიერთობაში ძალიან კარგად იყენებს.
"მომავლის თაობასთან" და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობა 1 წლის წინ დავიწყე. პანდემიის პირობებში ვებინარებს ვატარებდით და მასწავლებლებს პროგრამა "თიმსში" ორიენტირებაში ვეხმარებოდით. ძალიან კარგი გამოცდილება დამიგროვდა. ჩემთვის, თეორიული სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა თუ სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით სიცოცხლე არ ჩქეფს, მეც რომ ვიყო მოსწავლე, სწავლა გამიჭირდებოდა. ჩემს მოსწავლეებთან ერთად, უამრავ პროექტს ვახორციელებ. გარდა ამისა, სკოლის გუნდთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ინტეგრაციაში ვეხმარები. ახლა მიმდინარე პროექტი გვაქვს, რასაც ესტონელებთან ერთად ვახორციელებთ. ერთ-ერთი პარტნიორი ტალინის უნივერსიტეტია და ქართულ რეალობაში თვითმართულ სწავლებას ვამკვიდრებთ, რაც მოსწავლეების დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას გულისხმობს." - ამბობს თემურ სუყაშვილი.
კიდევ ერთი გამარჯვებული თამარ ბაუჟაძეა. ის ქალაქ ბათუმის სკოლში "ევრო 2000" სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ამბობს, რომ მოსწავლეებთან ერთად ბევრ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში მონაწილეობს და ბავშვების პროგრესი, ამ მიმართულებით, ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანია:
"ჯილდოზე შეიძლება ჩემი სახელი წერია, მაგრამ როდესაც გადმომცეს, ყველა იმ მოსწავლის სახელი და გვარი წარმოვიდგინე, რომლებთან ერთადაც როდისმე მიმუშავია. სამოქალაქო განათლების როლი და დანიშნულება უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ ხდება პიროვნების ფორმირება, ღირებულებების ჩამოყალიბება და განმტკიცება. ბევრი პროექტიდან აღსანიშნავია სიმულაციები, რომლებიც კონფლიქტური სიტუაციების ანალიზს გულისხმობდა, გარდა ამისა, ვმუშაობდით შშმ პირების პრობლემებთან დაკავშირებით, გვქონდა საკლუბო შეკრებები, ტრენინგები, ვორქშოფები. მოვაწყვეთ ფლეშმობი და ერთად ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ." -ამბობს თამარ ბაუჟაძე.
ღინისძიებაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ენდელაძე 2020 წელს სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. ის 11 წელია სკოლაში მუშაობს და გარდა ძირითადი საქმიანობისა, ახალგაზრდული მუშაკი და მოხალისეა. როგორც თავად ამბობს, მოსწავლეებისთვის მაგალითის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია:
"ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ დიდი საქმე პატარა ნაბიჯებით იწყება. ამიტომ, ერთად დავიწყეთ მოხალისეობრივი საქმიანობა. ბევრ თემაზე ვმუშაობთ. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მათთან ერთად დავიწყე ვარჯიში და დღემდე ვაგრძელებთ. ვფიქრობ, რომ მასწავლებელი, პირველ რიგში, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ბავშვებისთვის. სამოქალაქო განათლებით მოსწავლეებს ჯანსაღი სამოქალაქო ცნობიერება უყალიბდებათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწავლება. შედეგად ყალიბდება საზოგადოება, რომელიც სტერეოტიპებისა თუ ბევრი არასწორი შეხედულებისგანაა დაცლილი." - ამბობს ქეთევან ენდელაძე.
ღონისძიებაზე, წარმატებულ მასწავლებელთა დაჯილდოების პარალელურად, რამდენიმე პრეზენტაცია გაიმართა. მარინა უშვერიძემ პროგრამა "მომავლის თაობის" შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა კი სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესახებ ისაუბრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამონისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ "ახალი სკოლის მოდელში" სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და საშუალო საფეხურზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. პრეზენტაცია გამართა განათლების მკვლევარმა, სიმონ ჯანაშიამ თემაზე "ციფრული კომპეტენციები სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში", ხოლო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა შეაჯამა მაკა ბიბილეიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა.
აღსანიაშნავია, რომ კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
თამარ იაკობაშვილი