დაინიშნება თუ არა გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტება
დაინიშნება თუ არა გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტება
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო. ყველა აბიტურიენტისათვის წინასწარაა ცნობილი, რომელ საგანში, სად და რა დროს მოუწევს გამოცდის ჩაბარება. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად არიან ადამიანები, რომლებსაც გამოცდაზე, თუნდაც რამდენიმე წუთით, სხვადასხვა მიზეზით, აგვიანდებათ. 
არც წლევანდელი წელია გამონაკლისი, თუმცა რამდენიმე მშობელი დაგვიკავშირდა და გვთხოვა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია, თითქოს დაგვიანებული აბიტურიენტები კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტებისათვის გათვალისწინებულ დამატებით სესიაზე შეძლებდნენ გამოცდის ჩაბარებას.

გადასამოწმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც აცხადებენ:

"მოგეხსენებათ, მთელი ამ წლების განმავლობაში, დაგვიანებული აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებოდნენ და არც დამატებითი სესია ინიშნებოდა მათთვის. წელს, პანდემიიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, დამატებითი სესია
დაინიშნა არა დაგვიანებულთათვის, არამედ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც კოვიდინფიცირების მიზეზით გამოცდაზე ვერ გამოცხადდნენ," - ამბობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, კოვიდინფიცირებულების გარდა, დამატებითი გამოცდა დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტები საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ვერ შეძლებენ:
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის,
  • ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების,
  • საქართველოს სახელით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო.

ბუნებრივია, დაგვიანებული აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ეს ძალიან სტრესულია და ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას. მით უმეტეს, როდესაც 3-5-წუთიან დაგვიანებაზეა ლაპარაკი და თანაც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინტერნეტმომხმარებლის ბიჭიკო ოჩიგავას პოსტი ამ თემაზე, რომელსაც
ასევე გთავაზობთ:

"ბავშვს, რომელიც წლების მანძილზე ემზადება ამ დღისთვის და რაღაც გაუთვალისწინებელი მიზეზით გამოწვეული დაგვიანების გამო უკან აბრუნებენ, ექცევიან სასტიკად. გაუგონარი გულგრილობა მგონია მე, აბიტურიენტს მაშინ ჩაუდგე ჯიბრში, როცა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდება. შესაძლოა ამან სამუდამოდ დაუკარგოს მოტივაცია და საბოლოოდ ჩაიქინიოს სწავლაზე ხელი.
5 წუთით დაგვიანება (ცხადია დაგვიანებაცაა და დაგვიანებაც) რას წყვეტს, ვერ ვხვდები. ყველანი ადამიანები ვართ. ეს იმდენად ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა აბიტურიენტისთვის, რომ ძალიან მეეჭვება, დაგვიანების მიზეზი მისი დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა იყოს. ყოველწლიურად აბიტუტიენტთა უმნიშვნელო რაოდენობა აგვიანებს საგამოცდო ცენტრებში და ძალიან მეეჭვება, რომ მათთვის დამატებით ხუთი წუთის დათმობამ უმართავი ქაოსი გამოიწვიოს. სხვა მხრივ ხომ ყველანაირად მოწესრიგებულნი ვართ და აწყობილი გვაქვს საქმე საათივით. ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, თუ რა ხდება ამ დროს ბავშვის გულსა და გონებაში.
არაერთი მაგალითი ვიცი, როცა აბიტურიენტი მომავალ წლებში საერთოდ არ გავიდა გამოცდაზე. ქვეყნის მოწყობა და ჩვენი ზნე-ჩვეულების "გაპუნქტუალურება" სხვა გზებით მოახერხეთ. ბავშვებს ნუ უნგრევთ მომავალს..."

თამარ იაკობაშვილი

429
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი