აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულები მიიღეს ქართულის გამოცდაში - "მასწავლებელიც ძალიან დამეხმარა, ფაქტობრივად, ჩემი პირველი გზამკვლევი იყო..."
აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულები მიიღეს ქართულის გამოცდაში - "მასწავლებელიც ძალიან დამეხმარა, ფაქტობრივად, ჩემი პირველი გზამკვლევი იყო..."
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. Mshoblebi.ge გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, 70 ქულა მიიღეს.

თეკლა ცუცხაშვილი, ქ.ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებული:
mshoblebi
- როგორც კი დაიდო, მაშინვე ვნახე და ახლაც არ მჯერა, რომ 70 წერია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ქართულში უმაღლეს შედეგს ავიღებდი, რადგან ჰუმანიტარი ნაკლებად ვარ. თავისუფალ უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, პროგრამირებაზე. სიმართლე გითხრათ, ლიტერატურა და კითხვა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეს წელი თითქმის მთლიანად ქართულს დავუთმე, ბევრი ვიშრომე და, შესაბამისად, შრომა დამიფასდა. ერთი წელი ვემზადებოდი და ჩემს
რეპეტიტორს ლომის წილი აქვს ჩემს შედეგში.
მე-4 ვარიანტი ვიყავი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რთული ტესტები იყო წელს, თემებიც კარგი სამსჯელო გამოდგა და არ გამჭირვებია, მაგრამ მაინც მიუღწევლად მეჩვენებოდა 70. დავალებებიდან განსაკუთრებულად არაფერი არ გამჭირვებია, განსაკუთრებულად გრამატიკა მეეჭვებოდა, ვფიქრობდი, რომ პუნქტუაციაში მაინც შეიძლებოდა ქულა დამკლებოდა.

ქრისტინე ვარდოსანიძემ ქალაქ ტყიბულის მე-6 საჯარო სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ შედეგის მიღწევაში თავდაუზოგავი შრომა და მონდომება დაეხმარა:
mshoblebi
- ვიცი, რომ მაქსიმალურ შეფასებას საქართველოში ბევრი აბიტურიენტი ვერ იღებს და შედეგს არ ველოდი. არაპროგრამული ტექსტი ავირჩიე და ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი. აბიტურიენტობის პერიოდში თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი. დღეს ეს ქულა რომ ვნახე, მივხვდი, მთავარია, შრომისმოყვარეობა და ძალიან დიდი მონდომება.
სექტემბერში, როცა რეპეტიტორთან დავიწყე მომზადება, ბევრი
რამის სწავლა თავიდან მომიწია, რადგან სკოლის პროგრამა სათანადოდ არ ითვალისწინებს ეროვნული გამოცდეისათვის მომზადებას. ამიტომაც, მასწავლებლისა და მოსწავლის შეთანხმებული მუშაობა და პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ანი ჩარკვიანმა თბილისის 99-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგზე ნერვიულობდა, თუმცა მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო:
mshoblebi
- თემებისა და ესეების წერა არ მიყვარდა. ბოლო წელი ვემზადებოდი და მაქსიმალურად ვეცადე, შესაძლებლობები გამომეყენებინა. ვფიქრობ, იმისათვის, რომ კარგ შედეგს მიაღწიო, მუდმივად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. მასწავლებლის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, რომ ყველა პროგრამული ტექსტი კარგად დაამუშაონ, არასაპროგრამო მასალებიც წაიკითხონ და განსაკუთრებული ყურადღება გრამატიკულ საკითხებს მიაქციონ.

ირაკლი დოლბაია ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მთავარი მონდომება და შრომაა:
mshoblebi

- ქართულში მაქსიმალურ ქულას არ ველოდი. მასწავლებელთან მხოლოდ რამდენიმე თვე ვიარე, მაგრამ იმხელა მოტივაცია მომცა, რომ შედეგიც შესაბამისი მივიღე. უფრო მეტ დროს მათემატიკას ვუთმობდი. ამ მიმართულებით ვგეგმავ ჩაბარებას. ვფიქრობ, თუ მიზანს დაისახავ, აუცილებლად აისრულებ. მთავარია, მოინდომო და იშრომო.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების მოპოვება შეძლო თამთა ვახტანგაშვილმაც. მან გორის მე-6 საჯარო სკოლა დაამთავრა:
mshoblebi
- დაბალ ქულას არ ველოდი, მაგრამ მაქსიმალური შეფასება მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მაია კარელიძეს, ჩემს მასწავლებელს, რომელმაც ძალიან დიდი დრო და ენერგია დაგვითმო. მთელი წელი ვშრომობდი და მგონია, ეს ყოველთვის ფასდება. გამოცდის ნაწილში თემა არ გამიჭირვებია, ესე რთულად მომეჩვენა, მაგრამ ძალიან მოვინდომე და კარგი შედეგი ვაჩვენე.

კესო ჩიკვილაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა დაამთავრა. როგორც ის გვიყვება, კარგი შედეგის მისაღწევად, პროგრამული საკითხების ცოდნასთან ერთად, ზოგადი განათლებაც მნიშვნელოვანია:
mshoblebi
- ვცდილობდი, მაღალი ქულა მიმეღო, თუმცა მაქსიმალურს არ ველოდი და ძალიან ემოციური იყო. ყოველდღიურმა შრომამ შედეგი გამოიღო. მასწავლებელიც ძალიან დამეხმარა, ფაქტობრივად, ჩემი პირველი გზამკვლევი იყო. არ იფიქროთ, რომ რამე მიუღწეველია, თუმცა ნიჭს აუცილებლად სჭირდება შრომა. გარდა სასკოლო პროგრამისა, ძალიან მნიშვნელოვანია წიგნების წაკითხვა, სპექტაკლებისა და ფილმების ნახვა, ზოგადი ცოდნა იმისათვის, რომ აზრი კონკრეტული არგუმენტებით გაამყარო.

თამარ იაკობაშვილი
მარიამ ტურძილაძე


alt"ჩემი აზრით, სულაც არ არის საჭირო რეპეტიტორთან სიარული... უამრავი რესურსი არსებობს..." - რას ამბობენ აბიტურიენტები, რომელთაც უმაღლესი ქულა მიიღეს ინგლისურ ენაში


49109
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (21)
ეკა
0
აი ამათი რეპეტიტორები ვინ არიან ეგ მაინტერეებს
00:18 / 10-08-2021
0
დიახ ვინც მონდომებულია შესწავლის მას ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს რეპეტიტორთან სიარული
18:12 / 04-08-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი