ლუკა მებონია სულ მალე სტუდენტი გახდება და სასურველი მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. მან სამ სავალდებულო საგანში მოახერხა და ძალიან კარგი შედეგი მიიღო. მათემატიკაში მაქსიმალური, 51 ქულა აქვს. ქართულში 67 – 70-დან, ხოლო ინგლისურში 78 – 80-დან. ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ამბობს, რომ სკოლის, ოჯახის, საკუთარი ნიჭისა და მონდომების დახმარებით სასურველ შედეგს მიაღწია. საქართველოში ერთ-ერთი უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტი ახლა მხოლოდ 100%-იან გრანტს ელოდება, ჩვენს მკითხველს კი გამოცდილებას უზიარებს:
- ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ ჩემს მასწავლებლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით. ვფიქრობ, თუ ადამიანს მთელი გულით სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ამას აუცილებლად შეძლებს. მათემატიკა ისეთი საგანია, ძალიან დიდი შრომისა და მონდომების გარეშე, მაქსიმალური შეფასების მიღება შეუძლებელია. მყავდა მასწავლებელი, ირმა გუგუჩია, რომელიც ძალიან დამეხმარა. წლების განმავლობაში, ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში და ესეც დამატებითი გამოცდილება იყო. ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე.
- სკოლაში როგორ სწავლობდი?
- სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ოქროს მედალზე დავასრულე. თუმცა, მათემატიკა განსაკუთრებით მიყვარდა. ეს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. დღე არ გავა, რომ მათემატიკის შესახებ ინტერნეტში არსებულ ვიდეოებს არ ვუყურო.
- რა მიმართულებით გეგმავ სწავლის გაგრძელებას?
- თავისუფალ უნივერსიტეტში ვგეგმავ ჩაბარებას, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე.
- თქვენს წარმატებაში ოჯახს რა წვლილი აქვს?
- ოჯახმა სრული მხარდაჭერა გამომიცხადა, ყველანაირად შემიწყვეს ხელი. ბებიაჩემის დამსახურებაა, რომ მათემატიკა პატარაობიდანვე მიყვარს. ის ყოფილი პედაგოგია და ინტერესი ბავშვობიდანვე გამიღვივა.
- მომავალ აბიტურიენტებს რა შეგიძლია ურჩიო?
- როგორი დიდი ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ არ იშრომებს, ის ნიჭი ფუჭია. მიზნის მისაღწევად არც ღამეების გათენებას უნდა მოერიდნონ და აუცილებლად ექნებათ სასურველი შედეგი.
- ზოგადად, რამდენად რთული იყო საგამოცდო ტესტები?
- ინგლისურის ტესტის სირთულე, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა. ქართული მარტივი არ ყოფილა იმიტომ, რომ 3,5 საათში 2 თემის დაწერა რთულია. რაც შეეხება მათემატიკას, სირთულე არ შეცვლილა, თუმცა იყო ცალკეული დავალებები, სადაც ვფიქრობ, რომოდნავი სირთულე იყო. ვემზადებოდი ყველა საგანში და არ გამჭირვებია.
- გარდა პროგრამული საკითხებისა, რა დაგეხმარა, რომ სამივე საგანში ძალიან კარგი შეფასება მიგეღო?
- ინტერნეტში ძალიან დიდი რესურსია. ვისაც მათემატიკის საფუძვლიანი შესწავლა სურს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეიძლება. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ვიცით, მათემატიკაში რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკა, მაგრამ ასევე განსაკუთრებული ყურადღება თეორიულ საკითხებსაც უნდა დავუთმოთ. თუ ადამიანი პროგრამაში არსებულ თეორიულ საკითხებს საფუძვლიანად შეისწავლის, კარგ შედეგს მიიღებს. რაც შეეხება ქართულს, გარდა პროგრამულისაკითხებისა, მასწავლებელთან ერთად ბევრ საინტერესო თემას განვიხილავდით და გამოცდაში ესეც დამეხმარა. გრამატიკის სწავლა კი ერთი დიდი სიამოვნებაა. ინგლისურშიც უამრავი დამატებითი რესურსია. მთავარი მაინც მონდომება და შრომაა. მერე ყველაფერი მიღწევადია.
თამარ იაკობაშვილი