იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, სწავლა კლასებში განახლდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ასეთ სკოლებს „უსაფრთხო სკოლის” სტატუსი მიენიჭებათ.
„უსაფრთხო სკოლებს“ ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით”, – ამბობს გამყრელიძე.
მანამდე, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში სწავლა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა იქნება. აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 12.97%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.63%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 11.14%.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.