"პასიური ბავშვები უფრო იჩაგრებიან, სულ აქტიურების წამოძახილები ისმის და განუწყვეტელი ხმაურია" საქართველოს სკოლებში დღეს სწავლა ონლაინრეჟიმში განახლდა. გაკვეთილებს დისტანციურად არ ესწრებიან მხოლოდ პირველკლასელები. მე-2 კლასიდან კი სწავლის ფორმატი ყველასთვის ონლაინია.
როგორ ჩაიარა პირველმა დღემ, რამდენად გამართულად ჩატარდა ონლაინგაკვეთილები - ამის შესახებ მშობლები სოციალურ ქსელში წერენ:
”გააჩნია, "გამართულს" ვინ რას ეძახის. ინფიცირების რისკებიდან გამომდინარე, მეც არ ვარ მომხრე სკოლაში ბავშვის გაშვების, თუმცა როგორ შეიძლება გამართული და ეფექტური ვუწოდოთ 20 წუთიან გაკვეთილებს, რომლის დროსაც კომუნიკაცია არასრულფასოვანია, არ მესმის...” ”დაწყებით კლასებში 20-წუთიანი გაკვეთილებია და ნახევარი დრო ბავშვების მოწვევას და ტექნიკურ საკითხებს სჭირდება. თავის მოტყუებაა, ვისაც ჰგონია, რომ ასეთი სწავლებით განათლებას იღებს ბავშვი”. ”პანდემიიდან ორი წლის შემდეგ ისევ ონლაინრეჟიმი ნამდვილი დანაშაულია. ყველაფერი მუშაობს და დუღს თურმე და მარტო ბავშვებისთვის არის პანდემია? რეგულაციებს ქვეყენაში არავინ იცავს და პასუხსაც არავინ სთხოვს. გამოდის, მარტო ბავშვებისგან ითხოვენ რეგულაციების დაცვას” ”პასიური ბავშვები უფრო იჩაგრებიან, სულ აქტიურების წამოძახილები ისმის და განუწყვეტელი ხმაურია. ონლაინ ახსნილ ტექნიკურ საგნებს კარგად ვერ იგებენ”. ”აქ მშობლებისგან ისეთი კომენტარებია, ბავშვებთანაც თუ ასე საუბრობენ, რა განწყობა ექნებათ, წარმომიდგენია. ვინც პასუხისმგებლობით უდგება საკითხს, მასწავლებელიც საკმაოდ იხარჯება და მოსწავლეც. ისე ამბობთ, თითქოს სკოლაში რომ დადიან, წიგნს არ აგდებენ ხელიდან ბავშები. ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის.” ”სწავლით არ ვემდური ჩემს შვილს, მაგრამ არის რაღაც ფაქტორი, რის გამოც ისე აღარ აქტიურობს, როგორც კლასში იაქტიურებდა და ეს არაა იმით განპირობებული, რომ სწავლა არ უნდა. არანაირად არაა გამართლებული ონლაინსწავლა, ყველაფერი ღიაა, ყველაფერი მუშაობს, ბავშვებიც ყველგან დადიან და რაღა სკოლაშია კატასტროფა,სხვა თუ არაფერი, მეგობრებთან, კლასელებთან ურთიერთობა სჭირდებათ ბავშვებს, სკოლა მარტო გაკვეთილების მომზადება რატომ გგონიათ, ვერ ვხვდები”. ”რომ გკითხოთ, სკოლა არაფერ ცოდნას არ აძლევს და რეპეტიტორების გარეშე უმაღლესში ვერ ეწყობიან და სადღა მიგეჩქარებათ. ვისაც სწავლა უნდა, ყველანაირ გარემოს მოერგება. ჩართვაც გადასარევი იყო, ჩემმა შვილმა დავალებებიც გადაგზავნა და მოსაძიებლებიც მოიძია. მე პირადად ონლაინს არ ვემდური, გადასარევი მასწავლებლები გვყავს,უღრმესი მადლობა მათ” ”მასწავლებლებიც მყავს ნაცნობებში და მოსწავლეებიც და რომ დავაკვირდი, ვისი შვილიც არც სკოლაში აკეთებს არაფერს და არც სახლში, ყველაზე მეტი პრეტენზიები იმათ მშობლებს აქვთ. ონლაინს გადააბრალეს შვილების უსწავლელობა” ”ონლაინგაკვეთილი, რა თქმა უნდა, სკოლა არ არის, მაგრამ, მშვენივრად ჩატარდა. ბევრი რამ არის დამოკიდებული მასწავლებელზე” ”ჩემი შვილები კარგად სწავლობენ. ზოგიერთი მასწავლებელი უფრო მეტადაც დავაფასე, როცა ონლაინში ახსნილ გაკვეთილს მოვუსმინე რამდენჯერმე. თუმცა სკოლა გაკვეთილის ახსნა და შემდეგ ამ გაკვეთილის მომზადება არ არის. სკოლას უდიდესი როლი უჭირავს ადამიანის სოციალიზაციაში, მასწავლებელი მოსწავლეს რომ უყურებს, მიმიკით და გამოხედვით უნდა ხვდებოდეს, ბავშვს სად და რა უჭირს, რაც ონლაინ შეუძლებელია... ”რომელ გამართულობაზეა საუბარი, ვინმეს უფიქრია, როგორ უნდა ჩავრთო ჩემი მე-2 კლასელი შვილი ონლაინ, როცა მეც ვმუშაობ და გასული ვარ, მამაც მუშაობს და არ მაქვს ძიძის ყოლის შესაძლებლობა. საერთოდ ვერ ჩავრთე გაკვეთილზე, ვმუშაობ და ფიზიკურად ვერ ჩავრთავ”. ”როგორც ვხედავ, ზოგი ონლაინით კმაყოფილი და აქაც არჩევანის უფლება უნდა გვქონდეს. ვისაც უნდა ატაროს ბავშვი სკოლაში ვისაც უნდა - ონლაინ. კამერის მიღმა მშობლები რომ კარნახობენ ბავშვებს და ასე უწერენ ნიშნებს, ეს არაა ნორმა. ამით მხოლოდ თქვენ თავს ატყუებთ. გახსენით სკოლები და ბაღები. იქ უფრო დაცულები არიან ბავშვები, ვიდრე სკვერებში და გასართობ ცენტრებში.”