განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადაა, 2021-2022 სასწავლო წლის როგორც დისტანციური სრულად ელექტრონული მოდელით, ისე დასწრებითი სწავლების მოდელით დაწყებისთვის. ამის შესახებ სამინისტროში გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე გვიპასუხეს. მათივე თქმით, სკოლების მზაობა წინა წლის გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რაც დისტანციური სწავლების მოდელის შემთხვევაში უკავშირდება დისტანციური სასკოლო საათობრივი ბადის, ელექტრონული ჟურნალის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სხვა საგანმანათლებლო რესურსების ელექტრონული ვერსიების გამოყენებას.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დასწრებით სწავლების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით შექმნილია უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, მათ შორის ისეთი ზომების გამოყენებით, როგორიცაა ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, გაუმჯობესებული ვენტილაცია/განიავება, ჰიგიენური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; დასწრებით სწავლების დროს მიმდინარეობს პედაგოგების რეგულარული ტესტირება და დაჩქარებულად ხორციელდება მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.
როგორც იცით, 4 ოქტომბრამდე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად მიმდინარეობს. ასევე, 4 ოქტომბრამდე არ დაეწყებათ მეცადინეობები პირველკლასელებს.
რა შემთხვევაში განახლდება სწავლა დასწრებულ ფორმატში 4 ოქტომბრის შემდეგ:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, 2021 წლის 04 ოქტომბრიდან იმ სოფელში/დაბაში/ქალაქში, სადაც ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო, თუ ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე მეტი, სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული სინქრონული, ასევე ასინქრონული მოდელის გამოყენებით.
სკოლის დირექცია ვალდებულია:
დისტანციური სასწავლო პროცესი დაგეგმოს სკოლის რესურსების, თოთოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩასართავად რაიმე შეფერხების გამოვლენისთანავე მიმართოს სკოლის დირექციას და პარალელურად საგნის მასწავლებლებთან, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციით დასახოს გზები მოსწავლის მხარდასაჭერად. იმ შემთხვევაში, თუ სკოლისთვის ხელმისაწვდომი რესურსებით ვერ ხერხდება მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, სკოლა ვალდებულია მოსწავლისათვის უზრუნველყოს ინდივიდუალური კონსულტაციები დასწრებულად ან/და დისტანციურად და გამოიყენოს ყველა შესაძლო ალტერნატივა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსწავლეთა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
შეღავათიანი ინტერნეტპაკეტები
დისტანციურად სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მოსწავლეთა ოჯახებისა და მასწავლებლების ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს "სილქნეტთან", შპს "მაგთიკომთან" და შპს "ვიონი საქართველოსთან" (ბრენდი "ბილაინი") გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წელს სარგებლობდნენ და 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით (20GB- ღირებულება 10 ლარი, 2.5ჯერ იაფი რეალურ ფასზე) მობილური ტელეფონით შეძენილი ინტერნეტი შესაძლებელია "გაზიარებულ" იქნას რამდენიმე მოწყობილობისთვის (კომპიუტერი, სხვა მობილური ტელეფონი...), რაც ოჯახში რამდენიმე მოსწავლისთვის პარალელურ რეჟიმში ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.
არჩევანის უფლება მშობლებს
2021-2022 სასწავლო წელსაც, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს დიდ ქალაქებში მოსწავლეების მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი არადისტანციურ და დისტანციურ სწავლებას შორის.
დისტანციური მოდელით სწავლების გაგრძელების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ყველა სკოლისთვის იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი და სხვა არჩევანი არ ექნებათ მშობლებს.
პედაგოგების აცრების ჩატარების სტატისტიკა:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 07 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო სკოლების მასწავლებელთა 58% არის ვაქცინირებული ერთი დოზით, ხოლო სრულად ვაქცინირებულია მასწავლებელთა 36%. ამასთან საგულისხმოა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პორტალზე, მათ მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
თამარ იაკობაშვილი