განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლა. თუმცა, მშობლებს აქვთ არჩევანის უფლება, დატოვონო შვილები ონლაინსწავლების რეჟიმზე ან გაუშვან სკოლაში. საზოგადოებისთვის ცნობილ დედებს გავესაუბრეთ, რატომ გადაწყვიტეს სკოლაში ბავშვების გაშვება და რამდენად უსაფრთხოდ მიაჩნიათ სასკოლო გარემო.
ირინა ონაშვილი:
- ძალიან გვიხარია, რომ უკვე სკოლებში და საბავშვო ბაღებში განახლდა სწავლა. სულ ახლახან დავბრუნდით სახლში და შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ჩემთვის პრიორიტეტია, რომ ნორმალურ გარემოში იყვნენ ბავშვები და სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ამდენი ხნის განმავლობაში დისტანციურად სწავლობდნენ და რაც არ უნდა მოსთხოვო ბავშვს, სრულყოფილად ვერ იმეცადინებს. ონლაინსწავლება ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, რადგან მგონია, რომ ძალიან არაეფექტიანია. ბავშვები სკოლაში სხვანაირად არიან მობილიზებულები და მოტივირებულები. ერთი სიტყვით, ძალიან გახარებულები ვართ და იმედია, პანდემიის პირობებში, მშვიდობიან გარემოში მოუწევთ მათ სწავლის გაგრძელება.
საბედნიერო, სკოლაშიც და ბაღშიც ყველანაირი წესები და რეგულაციები იყო დაცული. აკეთებდნენ თერმოსკრინინგს, ატარებდნენ დეზინფექციას, განაწილებული ჰყავთ ბავშვები, რომ ერთ სივრცეში ბევრს არ მოუწიოს ერთად ყოფნა, სკოლაში შესასვლელებიც გამოყოფილია და ბავშვები სხვადასხვა შესასვლელიდან შეჰყავთ. ყველა ცდილობს, რომ დაიცვან წესები და ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში.
გვანცა დარასელია:
- ჩვენც გვქონდა დღეს სკოლის პირველი დღე. ჩემი შვილი დიდი სიხარულით ელოდებოდა ამ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი სტკიოდა და შეიძლებოდა არ გაგვეშვა, მაინც წავიდა. სულ მალე მივაკითხავ და ძალიან მაინტერესებს, როგორი ემოციებით დამხვდება.
ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი სკოლის, რადგან მუდმივად გვაყენებდნენ საქმის კურსში, რა ხდებოდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერთადერთი, პირბადეები გახდა მოსწავლეებისთვის სავალდებულო და ეს ცოტა პრობლემაა ჩვენთვის. ჩემი შვილი სათვალეს ატარებს, პირბადის ტარების დროს კი ეორთქლება მინები, რაც დისკომფორტს უქმნის. ვნახოთ, როგორ შეეგუება ამ ვალდებულებას. იმედია, შეეჩვევა და მოირგებს ისე, რომ დისკომფორტი არ ჰქონდეს, თან კარგად დაინახოს და თან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
მერი ბლიაძე