სკოლებში კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება. გარდა ამისა, შემუშავებულია მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშომელი ატარებდეს პირბადეს და იცავდეს ჰიგიენის ნორმებს. ხორციელდება თერმოსკრინინგი როგორც სკოლაში შესვლისას, ასევე ტრანსპორტში ასვლისას. ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურებათ.
თერმოსკრინინგისას ცხელების - 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში; ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
სიცხის გადამოწმების შემდეგ 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს/112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად; მოსწავლეს (მიუხედავად მისი ასაკისა) მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლე დროულად გაიყვანოს სკოლიდან; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით; საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე; რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით; არსებული რეკომენდაციებით, სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
სკოლა გაკვეთილების დაწყების დროსა და საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავს. შესვენებები 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალურად შეზღუდულია ვიზიტორების შესვლა სკოლის ტერიტორიაზე, ხოლო მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს მასწავლებლებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ დისტანციურ შეხვედრებს მიანიჭონ.
კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების ინსტრუქცია/პროტოკოლი.
მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის იმ თანაკლასელებს, რომელთაც არ ეკეთათ ან არასათანადოდ ეკეთათ პირბადე, მიუხედავად ინფიცირებულის მიერ პირბადის ტარებისა.
დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია; მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, თუ მოსწავლის ოჯახის წევრი ავადაა, სასურველია, მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინოს, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.
რეკომენდაციები სრულად იხილეთ აქ.
თამარ იაკობაშვილი