რა ხდება მაშინ, როცა სკოლაში მკაცრად არ ითხოვენ სწავლას - რა მოიტანა ინგლისში ასეთმა ლმობიერმა მიდგომამ
რა ხდება მაშინ, როცა სკოლაში მკაცრად არ ითხოვენ სწავლას - რა მოიტანა ინგლისში ასეთმა ლმობიერმა მიდგომამ

ბოლო დროს მშობლების მხრიდან ბავშვის სწავლისადმი მკაცრი მიდგომა გამართლებული აღარ არის. ინგლისში მცხოვრები ოთხი შვილის დედა საუბრობს იმაზე, თუ როგორ აისახება ბრიტანელ მოსახლეობაზე სწავლისადმი არც ისე მკაცრი დამოკიდებულება.

ინგლისში მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი არიან, რომ კარგ შედეგს მიაღწიონ, თუმცა ადამიანებს ბავშვობიდან ასწავლიან დამოუკიდებლობას და ეუბნებიან, რომ მათი ცხოვრება მათსავე ხელთაა.
მსგავსი მიდგომის უპირატესობა აშკარაა, რადგან ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ საკუთარ თავზე ზრუნვას, ინიციატივის გამოჩენას, ცხოვრებისა თუ ნაბიჯების დაგეგმვას და იმას, რომ შეცდომები სხვებს არ გადააბრალონ.
მაგრამ, ნაკლოვანებაც აშკარაა. ბევრ ბავშვს ზოგჯერ დახმარება, მითითება სჭირდება სახლში მეცადინეობისას, თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ ბავშვების უმრავლესობას დამხმარე არ ჰყავს, რადგან მშობლებიც ცუდად სწავლობდნენ.

შედეგად, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა გამართული წერა-კითხვა არ იცის. ინგლისურ ენაში ხომ კითხვის წესი რთულია და მის ათვისებას ბავშვები რამდენიმე წელს ანდომებენ. ასევე რთულია წერაც. ხუმრობაც კი არსებობს, "ინგლისურად იწერება "მანჩესტერი", ხოლო იკითხება "ლივერპული." თუ სწავლების პირველ საფეხურზე ბავშვი ვერ უმკლავდება მარტივ სიტყვებსაც კი, შესაძლოა შემდეგ საერთოდ უარი თქვას რთული დავალებების შესრულებაზე.

დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთი მასწავლებელი ყვება: "ჩემს კლასში ერთი პატარა ბიჭია. ჭკვიანია, მაგრამ კითხვის სწავლა უჭირს. მისი მშობლები განქორწინებულები არიან. ბავშვი ხან დედასთან ცხოვრობს, ხან - მამასთან. წიგნები და საშინაო დავალებების რვეულები სულ სხვადასხვა
ადგილზე აქვს. თუ მამასთანაა - წიგნებს დედასთან ტოვებს და პირიქით. სწავლაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება."

mshoblebi

2x2 = 5

დათვლის სწავლა ცალკე თემაა. მათემატიკაზე კი არა, ელემენტარულ არითმეტიკაზე, ზეპირად დათვლაზე ვსაუბრობ. ბავშვობაში ჰუმანიტარი ვიყავი და მათემატიკის დავალებების შესრულება მიჭირდა. თუმცა, ელემენტარული უნარები საჭიროა. გაერთიანებულ სამეფოში მათემატიკა ყველაზე რთულ და შრომატევად მეცნიერებად განიხილება და ამ საგანში კარგი ქულის მიღება შესაძლებლობას იძლევა ისეთ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე მოხვდნენ, როგორიცაა მედიცინა, სამართალი, ინფორმატიკა.
თუ ადამიანს მათემატიკაში კარგი ქულა აქვს, ეს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების ავტომატური აღიარებაა. ზეპირ თვლასთან დაკავშირებული სიტუაცია კატასტროფულია. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ძალიან ცოტა დავალებას აძლევენ. იმდენად უჭირთ ადამიანებს ზეპირად თვლა, რომ ყველა მაღაზიაში, სადაც წერია, რომ 50-%-იანი ფასდაკლებაა, გვერდით განმარტებაც უწერია. ასე მაგალითად: ღირდა 30 ფუნტი და გახდა 15. პატარა მაღაზიებშიც შეხვდებით წარწერებს: "სპეციალური ფასი! ერთი ქილა კოლა - 1 ფუნტი, 2 ქილა - 2 ფუნტი!" ხანდახან შეიძლება გაგიჩნდეს განცდა, რისთვის აკეთებენ ამას, ეს ხომ ყველამ იცის? თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანებს ასეთი "კარნახი" სჭირდებათ.

ბედნიერება განათლებაში არ არის

ბავშვებს, ფაქტობრივად, აკვნიდანვე ასწავლიან, რომ ბედნიერებისა და საინტერესო ცხოვრებისთვის გაჩნდნენ ამ ქვეყნად. ოცი წლის ასაკში კი მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ არც ცოდნა და არც კვალიფიკაცია აქვთ, კარგ სამსახურში მოეწყნონ. ვიღაც მსგავსი შეგონების შედეგად განათლების გზას ირჩევს, კარგად სწავლობს, საკუთარი პროფესიით საქმდება და შემოსავალიც აქვს, მაგრამ ვიღაც სულ სხვა მიმართულებას, კონკრეტულად კი გართობის, დალევის შესაძლებლობას ირჩევს.

თუმცა, მეორე მხარეცაა. თუ ბავშვს არ შეუძლია კარგად სწავლა და ვერ აღწევს აკადემიურ წარმატებას, უნდა წავართვათ მას ბავშვობა? შევადაროთ თანაკლასელებს, დავამციროთ და ძალით გავაკეთებინოთ ის, რასაც მომავალში არასდროს გამოიყენებს? ბევრი მძღოლი, ბოსტნეულის გამყიდველი, ელექტრიკოსი მინახავს, რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ კარგი სწავლით, თუმცა საკუთარი შრომით მაინც მოახერხეს დამოუკიდებლად ცხოვრება და ბედნიერება. მათ სულაც არ რცხვენიათ იმის გამო, რომ არ წაუკითხავთ შექსპირი ან კონან დოილი.
დიდი ბრიტანეთი იყო და კვლავ რჩება კლასობრივად დაყოფილ საზოგადოებად, აღიარებენ დემოკრატიულ პრინციპებს, თუმცა საუკუნეების მანძილზე ფორმირებულ მენტალიტეტსაც არ ღალატობენ. არც ყველა ოროსანია წარუმატებელი და ღარიბი ადამიანი.
ხელფასის თვალსაზრისით, კარგი ელექტრიკოსები უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სკოლის მასწავლებლები. ადამიანები ხშირად ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს იმ სოციალურ წრეში, რომელშიც მისი მშობლები და ახლობლები არიან და სულაც არ ცდილობენ, მათგან განსხვავებული ცოდნა მიიღონ.

mshoblebi

ცოტახნის წინ ადგილობრივი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ქალაქის მცხოვრებლების 50% ამაყად აღიარებს, რომ მუშათა კლასს მიეკუთვნება, რადგან მათი მამები და ბაბუებიც მუშები იყვნენ და თავად ოფისის თანამშრომლები ან ექთნები ხომ არ გახდებოდნენ.
რა შეგვიძლია დავასკვნათ? კარგი საჯარო სკოლა განათლების შესანიშნავ შანსს იძლევა. თუმცა, ინიციატივას მათგან არ უნდა დაველოდოთ. პასუხისმგებლიანი მშობელი უნდა გაერკვეს, რა მიმართულებითაა მისი შვილი ძლიერი ან პირიქით. ძალიან მოდურია კერძო რეპეტიტორებთან სიარული. კვალიფიციური, ინდივიდუალური გაკვეთილები კი ძვირია და ასეთ ხარჯებს იშვიათად თუ სწვდებიან ოჯახები. როგორც წესი, გამოცდებამდე ცოტახნით ადრე ქირაობენ რეპეტიტორს და მეცადინეობენ.

1804
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები