გასულ წელს მიჩიო კაკუ ნიუ-იორკ თაიმსმა ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად დაასახელა. იაპონური წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოსმა არაერთი კვლევა ჩაატარა შავი ხვრელების შესწავლისა და სამყაროს გაფართოების დაჩქარების სფეროში. იგი ცნობილია, როგორც მეცნიერების აქტიური პროპაგანდისტი. მეცნიერი რამდენიმე ბესტსელერის ავტორია, აქვს გადაცემების სერია BBC-სა და Discovery-ზე. კაკუ მსოფლიოში ცნობილი მასწავლებელია: ის არის ნიუ-იორკის სითი კოლეჯის თეორიული ფიზიკის პროფესორი და ლექციებით მსოფლიოში ბევრს მოგზაურობს. ახლახან მიჩიო კაკუმ გამოცემაში "ფულის ძალა" ისაუბრა, როგორ ხედავს მომავლის განათლებას.
- თქვენს წიგნში „მომავლის ფიზიკა" წერთ, რომ განათლება დაფუძნებული იქნება ინტერნეტ
ტექნოლოგიებსა და გაჯეტებზე, როგორიცაა Google
Glass. კიდევ რა გლობალური ცვლილებები მოხდება განათლების სფეროში?
- ყველაზე მთავარია ის, რომ სწავლა დამახსოვრებაზე აღარ იქნება დამყარებული. მალე კომპიუტერები და Google Glass გადაიქცევა პაწაწინა ლინზებად, რომლებსაც შეუძლიათ ყველა საჭირო ინფორმაციის ჩამოტვირთვა. უკვე არსებობს გაძლიერებული რეალობის სათვალეები, რომლებსაც აქვთ ასეთი ფუნქცია. ამიტომ, ერთ-ორ წელიწადში სკოლის მოსწავლეები და გამოცდებზე მყოფი სტუდენტები მარტივად შეძლებენ ინტერნეტში მოიძიონ კითხვებზე პასუხები: უბრალოდ თვალებს დაახამხამებთ და გამოჩნდება საჭირო ინფორმაცია. ერთი მხრივ, ტვინი უსარგებლო ცოდნით აღარ გადაიტვირთება, რომლის ძირითადი პროცენტი, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შემდგომში არ გამოიყენება. მეორე მხრივ, გათავისუფლებული გონებრივი რეზერვი მიმართული იქნება აზროვნების, ანალიზის, მსჯელობის და საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებაზე.- ამ შემთხვევაში, მასწავლებლებისა და გამოცდების საჭიროება აღარ იქნება?
- უდავოა, გავხდებით უფრო ავტონომიურები, ავიღებთ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ჩვენს ცხოვრებაზე და შესაბამისად, არ დაგვჭირდება არც ერთი „მაკონტროლებელი ორგანო". ადამიანები დაიწყებენ საკუთარი თავის განათლებას, უფრო მეტიც, გააცნობიერებენ, თუ რა სახის ცოდნა სჭირდებათ. თუ კონსულტაცია დასჭირდებათ, მიიღებენ, მაგალითად, "ჭკვიანი" კედლიდან. ძალიან მალე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ასეთი მოწყობილობები განთავსდება ყველგან: ბინებში, ოფისებში, ქუჩებში. საკმარისი იქნება კედელთან მიახლოება და თქმა: „ბიოლოგიის პროფესორს მინდა დაველაპარაკო". შემდეგ კი კედელზე გამოჩნდება მეცნიერი, რომელიც მოგაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. ასეთი სისტემა გამოდგება არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ სხვა მიმართულებებშიც. მაგალითად, მედიცინაში, სამართალში, დიზაინში, ფსიქოლოგიაში და ა.შ. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება რეალური სპეციალისტები, როგორიცაა ქირურგი. რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი "ლაივში" ნამდვილად აღარ დაგვჭირდება.
- შეძლებენ თუ არა ადამიანები სწრაფად გადაერთონ თვითგანათლებაზე, ონლაინ სწავლებაზე?
- უნივერსიტეტის ონლაინ კურსები უკვე არსებობს, ეს მართლაც ბრწყინვალე იდეაა. მართალია, ასეთი პროგრამების მიტოვების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანებს ჯერ არ გაუვლიათ რეორგანიზაცია, არ უსწავლიათ მენტორის გარეშე მუშაობა „მხოლოდ შენ და კომპიუტერის მონიტორის" პრინციპით, არ აქვთ მაღალი მოტივაცია. მეორე მხრივ, ონლაინ სისტემა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და საჭიროებს კორექტირებას. მაგრამ, ის საკმაოდ სწრაფად ვითარდება და იხვეწება და, რა თქმა უნდა, სწორედ ამის უკან დგას მომდევნო 50 წლის განათლება. უნივერსიტეტები დარჩება, მაგრამ ეს იქნება ძირითადად ვირტუალური უნივერსიტეტები, სადაც განათლება დაფუძნებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე. ვინც განათლების ტრადიციულ მოდელს მიანიჭებს უპირატესობას, წარუმატებლად ჩაითვლება და იტყვიან, რომ ვერ შეძლო საკუთარი განათლებისა და ცოდნის კონტროლი.- ახლა დიპლომი ცოდნის დადასტურებად ითვლება. როგორ დაადასტურებს სპეციალისტი მომავალში თავის კომპეტენციას კონკრეტულ სფეროში?
- დიპლომები გაქრება როგორც არასაჭირო და გამოუსადეგარი რამ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ განათლება აღარ იქნება შეზღუდული რაიმე დროითი და სივრცითი ჩარჩოებით. დიდი ალბათობით, იქნება სასერტიფიკაციო ცენტრები, რომლებშიც სპეციალისტები ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს, რომლებიც განსაზღვრავს უნარებისა და კომპეტენციების ერთობლიობას. შედეგიდან გამომდინარე, ადამიანი მიიღებს ან არ მიიღებს გარკვეულ თანამდებობას. ალბათ, დროთა განმავლობაში, ქულების ერთიანი სკალაც დაინერგება - მათი რაოდენობა საზოგადოებაში გარკვეული პოზიციის დაკავების საშუალებას მისცემს. შესაბამისად, უნივერსიტეტები ხდებიან სერვისის მიმწოდებლები, თუმცა თავად არ შეაფასებენ ამ სერვისებს. აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ევროპაში ძალიან პოპულარულია პორტფოლიოს სისტემა, როდესაც ადამიანი სწავლის პერიოდში აგროვებს დიპლომებს, სერთიფიკატებს და დამსაქმებელს წარუდგენს.- თუ უფროსები კვლავ განაგრძობენ სწავლისადმი ტრადიციულ მიდგომას, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბავშვები კონტროლის გარეშე, დამოუკიდებლად დაიწყებენ განათლების მიღებას...
- აქტიურად განვითარდება ბავშვთა საგანმანათლებლო სერვისები. მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში, შესაძლებლობები, რასაც ახლა არაფორმალური განათლება ჰქვია, შეუზღუდავი გახდება. კერძოდ, იქნება ისეთი სერვისი, როგორიცაა ონლაინ პედაგოგიკა. უფრო მეტიც, ონლაინ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ზის კომპიუტერის წინ და უყურებს მონიტორებს: იცვლება გარემო, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. მომავლის ქალაქები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო სიახლეებით სავსე, თავისთავად გახდებიან ახალი საგანმანათლებლო გარემოს აქტიური მონაწილეები. კერძოდ, მოიფიქრებენ თამაშებს ბავშვებისთვის, რომლებიც გაიმართება რეალურ ქალაქურ ან სპეციალურად მომზადებულ სივრცეებში მრავალი დღისა თუ თვის განმავლობაში. სახელმძღვანელოები კი მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე იქნება მორგებული. ფოტოები, ტექსტები, ვიდეოები, დავალებები, სქემები კონკრეტული მოსწავლის საჭიროების შესაბამისად იქნება შედგენილი.