საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი აქტიურად იწყებს გავრცელებას. ამ ფონზე, ბევრ მშობელს გაუჩნდა შეკითხვა, ხომ არ გადაიწევს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლება სკოლებსა და ბაღებში. შეკითხვით შესაბამის უწყებებს მივმართეთ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ჯერჯერობით სწავლის განახლების თარიღთან დაკავშირებით ცვლილება არ არის, შესაბამის გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს და ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, ინფორმაცია გავრცელდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოშიც გვითხრეს, რომ არსებული რეკომენდაციების დაცვით, 17 იანვრიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გასაახლებლად ემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში წერტილოვანი დაკეტვის შესაძლებლობა დაუშვეს, რაზეც უფრო ვრცლად იხილეთ ინფორმაცია.
თამარ იაკობაშვილი