განათლებასიახლეები
რა განაცხადა თამარ გაბუნიამ სკოლებში სწავლების დასწრებულ რეჟიმში გაგრძელებაზე
რა განაცხადა თამარ გაბუნიამ სკოლებში სწავლების დასწრებულ რეჟიმში გაგრძელებაზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სწავლის დასწრებულ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, რაიმე სახის ცვლილება ამასთან დაკავშირებით არ იგეგმება:

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავაც უცვლელია, რომ სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება. ჩვენი შეფასებით, სკოლების მზაობაც საკმაოდ მაღალია. მათ პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი გაიარეს და იციან და ადაპტირებული აქვთ ის პროტოკოლი, რაც საჭიროა ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში. სკოლების უმრავლესობას
შეუძლია ძალიან მარტივად გამოიყენოს მოქნილი
მექანიზმი დისტანციური სწავლების ამოქმედებისთვისაც. ბავშვებსა და მშობლებს ვთავაზობთ, რომ აირჩიონ, რომელი ფორმა ურჩევნიათ. ამიტომ, ამ კუთხით ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის. ასევე, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ჯამურად, სკოლის გარემოში 70 %-ს აღემატება ვაქცინირებული პერსონალის რაოდენობა და ამ მიმართულებითაც გრძელდება მუშაობა, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს."- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 17 იანვრიდან განახლდა. ამჯერადაც, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ სწავლება აირჩიონ. 

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

თამარ იაკობაშვილი
ბეჭდვა