კომაროვის სკოლა-პანსიონი კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლის შესახებ წერს:
"წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს - ანა ონოფრიშვილს!
ანა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) (აშშ) ჩაირიცხა სრული დაფინანსებით მათემატიკის ფაკულტეტზე!
Massachusetts Institute of Technology (MIT) მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიის დარგში. მრავალი წელია მსოფლიო უნივესიტეტების რეიტინგში პრესტიჟულ ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია სასწავლო პროგრამების ინოვაციურობითა და თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით.
ანა დაჯილდოებულია კომაროვის სკოლის 2021 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის სიგელით.
საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეზე ანას მიენიჭა სახელმწიფო ჯილდო - მედალი.
ანა არის:
ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის (EGMO) საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი. მოსწავლეობის პერიოდში თავად იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ოლიმპიადაზე, რომელშიც სხვადასხვა წელს დაჯილდოვდა სამი ოქროს და ვერცხლის მედლებით.
ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის (EGMO) სარეიტინგო სიაში “Hall of Fame” ანა მეოთხე ადგილს იკავებს.
EGMO-ს “დიდების დარბაზი” დგინდება ევროპის რეგიონიდან წარდგენილი მონაწილეთა მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობით. ასევე, რეიტინგში ხვდებიან "სტუმარი ქვეყნების" ოლიმპიელებიც. “დიდების დარბაზი” ერთერთი ყველაზე პრესტიჟული მათემატიკური რეიტინგია გოგონებისთვის.
ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IZhO) მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები.
საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის (IMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია 2020 და 2021 წლების ოლიმპიადებზე.
ირანის გეომეტრიის ოლიმპიადის (IGO) ოქროს სახაზავის მფლობელი.
მოპოვებული აქვს ევროპის მათემატიკის თასის (EMC) პირველი პრიზი და პირველი ადგილი - ოქროს მედალი.
2021 წლის რუმინეთის საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის (RMM) ბრინჯაოს მედალოსანია, ხოლო 2020 წელს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ანას!"
ამ ფაქტს ეხმაურება ანას პედაგოგი ვალერი ზატუაშვილი:
"ის ფაქტი, რომ წელს მოხდა საოცრება და ერთ მიღებაზე MIT-ში ორი კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული - ანა ონოფრიშვილი და თეიმურაზ თოლორაია - მიიღეს, თითქმის მთელმა საქართველომ გაიგო. თვითონ ანა ამის აფიშირებას არ აკეთებდა, რადგან დაფინანსებას ელოდებოდა. ანამ დღეს MIT-დან 100% დაფინანსება მიიღო. მე ნამდვილად გამიმართლა, რომ ანას ვასწავლიდი. ის როგორც საოცრად ნიჭიერია, ასევე საოცარი ადამიანია. არ შემიძლია არ გავიხსენო მისი დამოკიდებულება კლასელების მიმართ. რა თქმა უნდა, რთულ ამოცანებს პირველი ის ხსნიდა, მაგრამ ხშირად ამის აფიშირებას არ აკეთებდა, რადგან არ უნდოდა კლასელების (განსაკუთრებით ბიჭების) ამ მხრივ დაკომპლექსება, ანუ მათვის მოტივატორი იყო.
ვულოცავ ანას მშობლებს ანას ამ უდიდეს წარმატებას! ვულოცავ ლერი ბანცურს, რომელმაც საოლიმპიადო მიმართულებით ანას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვულოცავ ანას დამრიგებელს ელენე თამაზაშვილს და ყველას, ვინც კი ანას წარმატებაში წვლილი შეიტანა".