26 წლის მარიამ ქობლიანიძე მიჩიგანის უნივერსიტეტში MBA პროგრამაზე, Deans Fellowship-ის მეშვეობით სწავლას სრული $150 000-იანი დაფინანსებით გააგრძელებს. მიჩიგანის უნივერსიტეტის MBA პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა ამერიკასა და მსოფლიოში, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ გამოცდილებას. უნივერსიტეტის მიღების მაჩვენებელი 20%-ია, ხოლო სრულ დაფინანსებას ყოველ წელს მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი იღებს. მარიამი გვიყვება, რა გზა გაიარა და რას გეგმავს სამომავლოდ:
სკოლაზე საუბრისას, უნდა გამოვყო FLEX-ის გამოცდილება. მე-12 კლასი გავიარე აშშ-ის ერთ-ერთი პატარა ქალაქის სკოლაში. 16 წლის ასაკში ჩემი ქვეყნის დატოვებამ და სრულიად უცხო გარემოში გადასვლამ ძალიან გამზარდა პიროვნულად. უფრო დამოუკიდებელი გავხდი და ჩემი თავის რწმენა გამიძლიერდა. ეს პროგრამა ალბათ ყველა მოსწავლემ უნდა სცადოს. ინგლისურის საოცარ დონეზე ცოდნა სულაც არ არის საჭირო, მთავარი პიროვნული თვისებები მგონია. პირველ ცდაზე არ მიმიღეს ამ პროგრამაში და შემდეგ მეორედ ვცადე. ეს ყველაფერი გაძლევს ბრძოლის უნარს და ადრეულ ასაკში ხვდები, რომ დღეს თუ არ გამოგდის რაიმე, ხვალ შეგიძლია კიდევ სცადო.
- ამჟამინდელ პროგრამაზე რას გვეტყვით? - ამჟამად უფროსი ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე ვმუშაობ. ზოგადად, ტოპ MBA პროგრამებზე მოსახვედრად ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება. საკონსულტაციო საქმიანობა კი ის მიმართულებაა, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას სძენს დამწყებ პროფესიონალს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალება მქონდა მემუშავა საკონსულტაციო პროექტებზე სხვადასხვა სექტორში (ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეეობა, განათლება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება და ა.შ.) სხვადასხვა ფუნქციური პროფილით (ფინანსები, მარკეტინგი, საზოგადოებრივი ურთიერთობები, ოპერაციები). ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილება ძალიან დამეხმარა ესეების წერისას და ასევე, უნივერსიტეტებთან გასაუბრებისას. ასევე, აქტიურად ვარ დაკავებული მოხალისეობრივი საქმიანობით უკვე მრავალი წელია და ასეთი პროექტებიდანაც ბევრი საინტერესო ისტორია დამიგროვდა გასაუბრებისას სათქმელად.
გარდა სამუშაო გამოცდილებისა, მნიშვნელოვანია აკადემიური მხარეც. ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი გავიარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიღებული მაღალი ქულები (განსაკუთრებით ისეთ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, სტატისტიკა, ფინანსური ანალიზი) და GPA დამეხმარა, უცხოური უნივერსიტეტებისთვის დამემტკიცებინა, რომ შემიძლია რთული საგნების კარგად სწავლა. ეს მათ არწმუნებს, რომ მათთანაც შეძლებ, სწავლას წარმატებით გაართვა თავი.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია GMAT-ის გამოცდა, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში არსებული უნარების გამოცდების ძალიან გართულებული ვერსიაა. ეს გამოცდა ნამდვილად გამოწვევა იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაც და ინგლისურიც საკმაოდ კარგად ვიცოდი. გარდა იმისა, რომ გამოცდა არის ობიექტურად რთული, ამას ემატებოდა ისიც, რომ დღეში 10-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემდეგ მიწევდა გვიანობამდე სწავლა და მეცადინეობა. საბოლოოდ, მივედი იმ ქულამდე, რაც მინდოდა და დარწმუნებული ვარ, ჩემს დაფინანსებაზე ამან მნიშვნელოვანად იმოქმედა.
სარეკომენდაციო წერილიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გამიმართლა, რომ ჩემი უშუალო მენეჯერი, პოლ კლარკი, ძალიან გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტია, რომელიც ასევე ისეთ უნივერსიტეტში სწავლობდა, როგორიცაა სტენფორდი. გულწრფელი, დეტალური და ფორმატს მორგებული რეკომენდაციის წერილი დამიწერა. მისი წერილი არ მახასიათებდა როგორც იდეალურ პიროვნებას ან პროფესიონალს (რაც არარეალურია ხოლმე), არამედ აქცენტი გააკეთა როგორც ჩემს ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებზე, რომლებზეც კიდევ უნდა ვიმუშავო.
ბოლოს კი უნდა ვახსენო იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც მაძლევდა რეკომენდაციებს რა და როგორ გამეკეთებინა, მათ შორის ჩემი MBA კონსულტანტიც. ასევე, ოჯახის წევრები და ახლო მეგორები, რომლებიც მუდმივად მაძლევდნენ მოტივაციას. MBA-ზე მოხვედრა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის პირობებში, საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და სტრესული პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მხარდაჭერა საყვარელი ადამიანებისაგან.
რაც შეეხება სამომვალო გეგმებს, ხშირად სტუდენტებს მაგისტრატურის დროს ეცვლებათ ხოლმე კარიერული ინტერესები. სწავლისას ბევრ ახალ ბიზნეს მიმართულებას ეცნობი და ესაუბრები საინტერესო ხალხს. ამიტომ, გამიჭირდება გადაჭრით ვთქვა, რას გავაკეთებ რამდენიმე წელში. ამჟამად ვგეგმავ, რომ Product Management-ში გადავიდე და საკონსულტაციო სექტორიდან გადავინაცვლო პროდუქტის შექმნის მხარეს.