"ბანკეტი არის ფულის უმიზნოდ გამოყენება. ისედაც შეუძლიათ კლასელებს შეკრება და დამშვიდობება" - რას ფიქრობენ ბანკეტზე მშობლები და მოსწავლეები
"ბანკეტი არის ფულის უმიზნოდ გამოყენება. ისედაც შეუძლიათ კლასელებს შეკრება და დამშვიდობება" - რას ფიქრობენ ბანკეტზე მშობლები და მოსწავლეები
მე-12 კლასელები სწავლას 20 მაისს დაასრულებენ. შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე, გაზაფხულიდან უკვე იწყება ფიქრი და ღელვა არა მხოლოდ იმაზე, ვინ სად და როგორ ჩააბარებს, არამედ იმაზეც, როგორ ჩაივლის ბოლო ზარი და ბანკეტი. ეს უკანასკნელი მუდმივად კამათისა და განხილვის საგანია, რადგან ბევრი ოჯახისთვის ნამდვილი განსაცდელი ხდება ხოლმე საბანკეტო მზადება, ბევრს კი უბრალოდ მოძველებულად მიაჩნია ეს ტრადიცია.
ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მოსწავლე ამბობს უარს, რომ ბანკეტი ტრადიციულად, რესტორანში აღნიშნოს და ამის ნაცვლად ექსკურსიას, ლაშქრობებს აწყობენ ან კიდევ სახლს ქირაობენ, რომელსაც თავიანთი
სურვილის მიხედვით აფორმებენ და ერთად
აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას. ყოფილა შემთხვევები, ბანკეტი სულაც გაუუქმებიათ და ის თანხა ქველმოქმედებაზე დაუხარჯავთ.
როგორც აღინიშნა, ხშირად ბანკეტი მშობლებისთვის ძალიან დიდი ტვირთია, რადგან ის უამრავ ხარჯთანაა დაკავშირებული. ბევრი მშობელი ამბობს, რომ ამ დღისთვის მათ შვილებს განსაკუთრებული ტანსაცმელი, მაკიაჟი, მანქანა, ფოტოგადაღება, სარესტორნო მენიუ თუ სხვა ტიპის ხარჯი სჭირდებათ. გადავწყვიტეთ, გვეკითხა აბიტურიენტებისთვის, მშობლებისა და მათთვისაც, ვინც უკვე დაამთავრა სკოლა, რას ფიქრობენ ბანკეტის აღნიშვნაზე და ამ ტრადიციაზე.

რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
  • ბანკეტის გადახდას ვაპირებთ. 300-350 ლარი გვიჯდება მშობელსა და ბავშვს ერთად. მე ვფიქრობ, რომ ერთხელ ვამთავრებთ სკოლას და ჯობს, დასამახსოვრებელი იყოს. ბოლო დროს ზოგი სახლს ქირაობს და იქ აღნიშნავენ. მაგრამ, მე მგონია, იმ სახლს სხვა დროსაც იქირავებენ კლასელები, თუ შეკრების სურვილი ექნებათ. ბანკეტი კი ერთხელ გვექნება.
  • ბანკეტი მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის, თუმცა მოსაგონებლად, დროის გასატარებლად შესანიშნავი იდეაა. ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბანკეტზე წავიდეს, მათ შორის, მეც - 500 ლარი ჯდება ერთი ადამიანი, რაც ვფიქრობ, საგნებში მოსასამზადებლად უფრო წამადგება, ვიდრე "ქეიფში".
  • ბოლო ზარისთვის ვემზადებით და ბანკეტს გადავიხდით თუ არა, არ ვიცი. შეიძლება ექსკურსია ავირჩიოთ და მერე იქ აღვნიშნოთ ყველამ ერთად.
  • ჩემი აზრით, ძალიან გაბერილი თანხებია, შეიძლება, რომ ცოტა მოკრძალებულად გაკეთდეს, ბევრი რამის გათვალისწინებით. რა აუცილებელია, მაინცდამაინც ფეშენსასტუმრო, ფეშენგადაღება და ფეშენკაბა-კოსტიუმი? 1000 ლარები დაჯდომია ჩემ გარშემო ხალხს და ნამეტანია. ისედაც ამდენი ხარჯია მანამდეც და მერეც - აბიტურიენტის მომზადება, ჩაბარება, უმაღლესში სწავლა. ალბათ, უნდა აღინიშნოს ეს დღე, დასამახსოვრებელი ამბავია, მაგრამ ნაკლები გაქანებით და ფუფუნებით. ყველას ხომ არ აქვს და სხვებთან შეჯიბრის გამო ვალებს იღებენ ან საერთოდ ვერ უშვებენ.

mshoblebi

  • ჩემი აზრით, სისულელეა ბანკეტის გადახდა. მაგას სჯობს, სადმე ექსკურსიაზე წასვლა, უფრო იაფიც დაჯდება და კარგადაც დაამახსოვრდებათ.
  • სულაც არ არის გოიმობა. მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში იხდიან ბანკეტებს. მე ამერიკაში ვცხოვრობ და წელიწადში ორჯერ აქვთ მაგალითად აშშ-ში ჰაი (მაღალ) კლასებში. სწავლის დასაწყისში და სწავლის ბოლოს. სხვადასხვა სახელი ჰქვია და რიტუალიც განსხვავებულია. ტარდება სკოლაში ლამაზი კოსტიუმებით და ყველა ერთად აღნიშნავს, ცეკვა-მუსიკით და სხვა ლამაზი ღონისძიებებით. ანუ ბანკეტის ხარჯების გარეშე. მაგრამ კოსტუმზე და კაბებზე ზუსტად ჩვენსავით იხარჯებიან და ღელავენ როგორც ჩვენ. + ალბომი + სკოლის წიგნი - ალბომი ყოველწლიური ხარჯია. ექსკურსიები ახლა შემოიღეს ჩვენთან. თორემ ჩხუბის და მსხვერპლის გარეშე ჩვენ დროსაც არ ჩაუვლია ბანკეტებს, ოღონდ ეს თითზე ჩამოსათვლელი იყო მაშინ. რა თქმა უნდა, აღზრდა და კულტურა უფრო მეტი იყო მაშინ. და ქაჯები არც მაშინ გვაკლდა და ახლა ხომ მითუმეტეს. მთავარია, სწორად აღვზარდოთ შვილები. რესტორანში ხარჯებს კი ნამვდილად სჯობს სკოლაში აღნიშვნა ბანკეტების, რომ ბავშვებმა სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა იგრძნონ, ესაა მთავარი. ორივე ერთად...
  • აბიტურიენტი არ ვარ, მაგრამ ჩემს აზრს მაინც დავაფიქსირებ. ბანკეტი თავისი შინაარსით არის ფულის უმიზნოდ გამოყენება. ისედაც შეუძლიათ კლასელებს შეკრება და დამშვიდობება, თუ ასე ძალიან უნდათ, ზედმეტი ფუფუნების გარეშე. რა აზრი აქვს კაბებში და წითელ ხალიჩებში ფულის გადახდას, ვერ ვხვდები. მგონი ბანკეტის ტენდენციაც გადადის მოდიდან, რაც კარგია. წელს რომ სკოლას ვამთავრებდე, ყველანაირ ღონისძიებაში ფულის გადახდის ნაცვლად, იმ თანხას უკრაინაში გავგზავნიდი. მაგას უნდა ემსახურებოდეს სკოლაც და სკოლის დამთავრებაც, გაზრდას და ადამიანური ღირებულებების გადაფასებას.
  • სკოლა 5 წლის წინ დავამთავრე, გვქონდა ბანკეტი, კაბები, ვიდეო, ტორტი, მასწავლებლები, მშობლები - სტანდარტულად. ბანკეტიდან რაც დარჩა, მეორე დღეს სახლში ავიტანეთ და ჩვენ გემოზე გავერთეთ. აი ეს მეორე დღე ყველას უფრო კარგად გვახსენდება, ვიდრე პირველი. ამიტომ, ჩემი რჩევაა, თუკი გადახდას გადაწყვეტთ, დასხედით და მოიფიქრეთ, რა სტილის გართობა მოსწონს უმრავლესობას, სახლი, ლაშქრობა, სადმე ქალაქგარეთ სასტუმროში წასვლა თუ უბრალოდ გინდათ, რომ ამ თანხით რაიმე საქველმოქმედო გააკეთოთ და ასე შეუწყოთ ხელი ამ ქვეყანაში ფულის უაზროდ ყრის ტრადიციის ნელ-ნელა გაქრობას.
  • ბანკეტის გადახდას აპირებენ და ოჯახმა ტყავი საიდან და როგორ გავიძროთ, არ ვიცი. ეს სამდღიანი ექსკურსიებიც რა უბედურებაა. სამი დღე რამდენჯერ უნდა დავურეკო. თუ არ გიპასუხა, ხომ მკვდარი ხარ იქვე. ან რატომ იღებენ ამ პასუხისმგებლობას მასწავლებელი და ერთი-ორი მშობელი. სალონი, პერანგის დაბეჭდვა, მანქანებით სეირნობა, ბანკეტი - ჩემი აზრით, უფრო მოკრძალებულადაც შეიძლება.
  • საერთოდ რატომ არ იკრძალება ეს კომუნისტური გადმონაშთი ბანკეტები? ურიის ვალს რომ იდებენ მშობლები შვილის ბანკეტზე გასაშვებად! ამ ახალი თაობისგან მიკვირს ამ გოიმური ტენდენციის გაგრძელება! ერთმანეთთან შეჯიბრი ჩაცმულობით და მაკიაჟით! ბევრმა კლასმა თქვა უარი, მაგრამ საერთო დ რატომ არ იკრძალება?? ან ბოლო ზარზე მანქანებით ,,გონკაობა" რატომ არ არის დასჯადი?
  • ძაან გოიმობაა უკვე ეს ბანკეტები, მაკიაჟები, კაბები და რესტორნებიი, იმდენი ჯდება,რომ სისულელეა ამაში ფულის გადაყრა. როდის მოიშლება ეს ყველაფერი ნეტა საქართველოში? ხომ შეიძლება უფრო ადამიანურად და ზომიერად? მაინცადამაინც ბინა უნდა დაალომბარდოთ?

mshoblebi

დავინტერესდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხომ არ არის წელს ბოლო ზარისა და ბანკეტის გამართვა აკრძალული:

"როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ფონზე არაერთი აკრძალვა იყო დაწესებული, მაშინაც კი ბოლო ზარის ჩატარება აკრძალული არ ყოფილა. არსებობდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, მათ შორის, დისტანციის დაცვა, ბევრი ადამიანის შეკრებისგან თავის შეკავება და ასე შემდეგ და ისინი უნდა დაეცვათ. შესაბამისად, წელსაც ნებადართული იქნება სკოლებში ბოლო ზარის გამართვა იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ძალაში დარჩა. რაც შეეხება ბანკეტს, ეს არის ღონისძიება, რომელსაც სკოლისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ხარჯებით აკეთებენ ბავშვები და ამ გადაწყვეტილებაში განათლების სამინისტრო არ ერევა", - განგვიცხადეს სამინისტროში.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან გაუქმდა სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე. 

თამარ იაკობაშვილი

21553
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
თავისუფლება
0
ყველაზე მაღალი დონის უაზრობა!..
10:45 / 24-05-2022
ნია
3
საერთოდ რატომ არ იკრძალება ეს კომუნისტური გადმონაშთი ბანკეტები? ურიის ვალს რომ იდებენ მშობლები შვილის ბანკეტზე გასაშვებად! ამ ახალი თაობისგან მიკვირს ამ გოიმური ტენდენციის გაგრძელება! ერთმანეთთან შეჯიბრი ჩაცმულობით და მაკიაჟით! ბევრმა კლასმა თქვა უარი, მაგრამ საერთო დ რატომ არ იკრძალება?? ან ბოლო ზარზე მანქანებით ,,გონკაობა" რატომ არ არის დასჯადი??
20:19 / 06-05-2022
მსგავსი სიახლეები