"მირჩევნია, ბავშვმა რომელიმე ორი უცხო ენა ისწავლოს, მეგრული და სვანური ცალკე საგნად ზედმეტია..." - რას ამბობენ მშობლები და სპეციალისტები პრეზიდენტის ინიციატივაზე
"მირჩევნია, ბავშვმა რომელიმე ორი უცხო ენა ისწავლოს, მეგრული და სვანური ცალკე საგნად ზედმეტია..." - რას ამბობენ მშობლები და სპეციალისტები პრეზიდენტის ინიციატივაზე
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევითი სწავლების ინიციატივა გააჟღერა.
„ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა გვევალება. რამეთუ ეს ენები ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და უნიკალურ სიმდიდრეს წარმოადგენენ. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინიციატივას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მიესალმება, თუკი სკოლებში არჩევით საგნად მეგრულისა და სვანურის სწავლას შეძლებენ,
ხოლო ზოგიერთი საფრთხეს ხედავს და
იდეა არ მოსწონს. ვკითხეთ მშობლებს, თუ სკოლებში იქნება შესაძლებლობა, ისწავლონ არჩევით საგნად, მიესალმებიან თუ არა ამ ინიციატივას და აირჩევდნენ თუ არა თავად. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
  • ბავშვს თუ ექნებოდა სურვილი, რატომაც არა?! ჩემმა შვილმა იცის, რომ მეგრული და სვანურიც ენებია და მისი ცოდნა სასურველია ყველა ქართველისთვის.
  • მე ავირჩევდი.
  • ზოგადად უცხო ენის სწავლა საჭიროა საკომუნიკაციოდ და მეგრული და სვანური რად უნდა ბავშვს, ქართულად ვერ გააგებინებს? გასართობად ვისაც უნდა და ეხალისება, ისწავლოს. ისე დროის კარგვა მგონია.
  • არჩევითი უნდა იყოსო მაგიტომაც ამბობენ - იძულება ხომ არაა. სვანური ენა, ფაქტობრივად, იკარგება და მაგალითად იმ სვან ბავშვებს, რომლებიც სვანეთში არ ცხოვრობენ და არც ოჯახში იციან სვანური, თუკი საშუალება მიეცემათ ისწავლონ ენა, რატომ არის ცუდი?
  • დიახ. მე მეგრელი ვარ. მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს ჩემი კუთხის ენა. სვანურსაც ვისწავლიდი სიამოვნებით. მეგრული და სვანური ენები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა! ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გინდოდეს, რომ იცოდე, სრულყოფილად თუ არა, ცოტა რამ მაინც? მაგრამ იმდენი ვაი ქართველისგან გამიგია, მეგრელები არ მიყვარსო, ალბათ მათთვის ენის შესწავლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება.
  • ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს მეგრულიც და სვანურიც. სასწაულია, ამ პატარა ქვეყანაში სამი ენა რომ არსებობს და ვფიქრობ, ამ ენების ცოდნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნის ტოლფასია. ჩემი შვილი კი არა, მეც დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი ორივე ენას.
  • სკოლის ასაკში ბავშვმა მირჩევნია რომელიმე ორი უცხო ენა ისწავლოს. მეგრული და სვანური ცალკე საგნად ცოტა ზედმეტია. შეიძლება წრე იყოს სკოლაში და თუკი ბავშვი გამოთქვამს სურვილს, ივლის.
  • მეგრულის და სვანურის სწავლა ძალიან კარგია, მაგრამ გრამატიკის ცოდნა და გამართულად საუბარი უფრო მნიშვნელოვანი მგონია, პირადად მე. რომელ მეგრულ და სვანურზეა საუბარი, როცა ხალხი ჩიქორთულად საუბრობს: ეხა, სახში, დეეჩემი - მკლავს მსგავსი საუბარი.
  • არა, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს დაშლას, ქართული არის საერთო, ერთი ენა, ახლა მეგრული და სვანური რომ გამოაცალკევო ქართულისგან და სხვა, როგორც უცხო ენად შეიტანო, გამოიწვევს მეგრელებისა და სვანების ცალკე იდენტობად გამოყოფას, ცალკე ეროვნულ ჯგუფად. ეს მიიყვანს საქართველოს კატასტროფულ შედეგამდე...
  • სახელმწიფო ენა ქართულია და მეგრელი, სვანი, იმერელი, რაჭველი ყველა ქართველია. ვფიქრობ, საგნად რომ ისწავლებოდეს, არასწორია. ქართული ენა შეასწავლონ კარგად და სწავლის ხარისხი გააუმჯობესონ სკოლებში.
  • ჩვენი სისხლი და ხორცია სვანური ენა, გაქრობის პირასაა, რა მოხდა თუკი ვინმემ, ვისაც სურვილი ექნება, ისწავლოს? სახელმწიფო ენა ქართულიაო ისე წერთ, გეგონება ვინმეს ჩანაცვლება უნდა.
  • არავითარ შემთხვევაში! არ შეიძლება რადგან სეპარატიზმის საფრთხეს ქმნის! დილიდან ამას ვამტკიცებ! ახლა იმედია აქაც არავინ დამესევა, მეგრული და სვანური გეთაკილება და ვერ იტანო, მაინც არავისთან აღარ შევალ დებატებში! გადახედეთ ისტორიას და მიხვდებით, რა საშიშია.
  • სავალდებულო უნდა იყოს. ერთ წელიწადს ერთი ენა უნდა ისწავლებოდეს და მეორე წელს მეორე ენა. მაღალ კლასებში კვირაში 5 საათი მაინც არის ქართული და ერთი საათი რომ დაეთმოს ამ ენებს, არ იქნებოდა ურიგო. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს სამივე ენა!
  • სავალდებულო არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მეგრული, აფხაზური ან სვანური ენების წრეები იქნება, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო. უძველესი ენებია და არ მინდა რომელიმე მკვდარ ენად იქცეს.
  • რა თქმა უნდა. ძალიან დიდი სიმდიდრეა და იშვიათობა, როდესაც ასეთ მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს რამდენიმე ენა აქვს. სამწუხაროა, რომ ხალხს არ ესმის ამის მნიშვნელობა.


ენათმეცნიერსა და აკადემიკოს ავთანდილ არაბულს ვკითხეთ, რას ფიქრობს ინიციატივასთან დაკავშირებით:

„მსგავსი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გასულ 14 აპრილსაც გააკეთა. ინიციატივას შარშანაც მოჰყვა აჟიოტაჟი და ბევრი განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა. არსებობს სამი ქართველური ენა - ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური. ახლა საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ გარკვეული ფორმით ეს ენები სკოლაში ასწავლოს. ამასთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხის თქმა არ შემიძლია, თუმცა ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ენის კანონი, რომელიც 2015 წელს მიიღეს და იქ არის ერთი მუხლი, რომელიც ქართველურ ენებს შეეხება. სახელმწიფო ენის კანონში ქართველური ენები საგანგებო ზრუნვის საგნადაა მიჩნეული და ამ საკითხს ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ეს ჩვენი, საერთო, ეროვნული საგანძურია. ამიტომაც, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება სჭირდება. სპეციალური კომისიის შექმნაა საჭირო, რომელიც ზუსტ ფორმას აარჩევს, როგორ გადავარჩინოთ ქართველური ენები. მეცნიერულადაა ეს საკითხი დასაზუსტებელი. სამწუხაროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, მეცნიერებას ხშირად უგულებელყოფენ და ამ საკითხშიც ბევრს არაფერს გვეკითხებიან.
თავად არჩევითობას რაც შეეხება, არავითარი პრობლემა არ არის, ვისაც უნდა შეისწავლის. რამდენად მიზანშეწონილია, ეს განათლების სპეციალისტებმა უნდა გვითხრან. მაგრამ, ჩვენი საგანძური, სიმდიდრე, იმ ადგილებში, სოფლებში, რეგიონებში მემკვიდრეობით თაობებს აღარ გადაეცემა. ახალი თაობა აღარ სწავლობს, რაც ნამდვილად სამწუხაროა.
ევროპაში, სკოლებში შეიტანეს ის ენები, რომლებიც აღნიშნული საფთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, დაცვის სხვა მეთოდები მიიღეს, თუმცა, არ მგონია, რომ ამას დიდი ეფექტი ჰქონდეს. როდესაც სოციალური ვითარება და პოლიტიკური პროცესები რაღაცის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, იმის ხელოვნურად გააქტიურება ძალიან ძნელია. მაგრამ, ამავე დროს უნდა ვცადოთ, რაც კი შეგვიძლია, გადავარჩინოთ ეროვნული საგანძური. ინიციატივის მოწინააღმდეგეები სეპარატიზმის საფრთხეს ხედავენ და ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა მოსახლეობის დაყოფა გამოიწვიოს. მაგრამ, მე ვფიქრობ, იმდენად მყარი ეროვნული შეგრძნება გვაქვს, რომ აქ ამის საშიშროება არ არის. ქართველური ენები ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობაა. სვანური ოქროს საგანძურია. ყველა უცხოელი სპეციალისტი ამას აღნიშნავს და როგორ შეიძლება ამას შეველიოთ?!“ - გვეუბნება ავთანდილ არაბული.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ეს ჯერჯერობით ინიციატივაა. დამატებითი კომენტარის მიღებას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

თამარ იაკობაშვილი

1172
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები