სკოლებში სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი 27 მაისს დაამთავრებს სწავლას.
იქამდე რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა დარჩენილი. პირველ რიგში, მშობელთა შეკითხვით, 6 მაისს დაისვენებენ თუ არა სკოლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რო 6 მაისი ოფიციალურად უქმე დღე არ არის, შესაბამისად ამ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში:
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
არსებული კანონდებლობით, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს. თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს; თუ 15 ივნისი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდეს 15 ივნისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
თამარ იაკობაშვილი