განათლებასიახლეები
რატომ შეზღუდა განათლების სამინისტრომ ექსკურსიების მოწყობისთვის მანძილი და სავალდებულოა თუ არა ეს ყველა სკოლისთვის
რატომ შეზღუდა განათლების სამინისტრომ ექსკურსიების მოწყობისთვის მანძილი და სავალდებულოა თუ არა ეს ყველა სკოლისთვის
სკოლის დირექტორებმა ექსკურსიების მოწყობის განახლებული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, სადაც გაწერილია, რა პირობებითაა ექსკურსიის მოწყობა დასაშვები. სხვადასხვა საკითხთან ერთად, მანძილზეც დაწესდა შეზღუდვა. უფრო ზუსტად კი, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს. ამ პუნქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მშობელთა ნაწილი ამბობს, რომ არსებული შეზღუდვით მათი შვილები ექსკურსიის ფარგლებში შორ მანძილზე მდებარე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ნახავენ. საკითხზე განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ხუციშვილმა გადაცემაში "იმედის დღე" ისაუბრა და განმარტა, რატომ მიიღო სამინისტრო მსგავსი გადაწყვეტილება:

- ექსკურსიების დროს თუკი რაიმე
ცუდი მომხდარა, უკავშირდებოდა ან გაუმართავ ტრანსპორტს, ან მძღოლის არაკვალიფიციურობას, ან კიდევ შორ მანძილზე გადაადგილებას, როდესაც მოსწავლეებს ღამისთევით უწევდათ მგზავრობა. თუნდაც ახლო მანძილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების დროს, სიჩქარის გადაჭარბების გამო ტრაგიკული შედეგები გვქონდა. ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა და მიიღო ის სახე, რაც დღეს გვაქვს. დავადგინეთ ოპტიმალური მანძილი, როდესაც შესაძლებელია ერთი დღის განმავლობაში ბავშვებმა მშვიდად, წყნარად, აჩქარებისა და ზედმეტი რისკების გარეშე მოინახულონ განსაზღვრული ადგილი და შემდგომ მშვიდობით დაბრუნდნენ სახლებში. დამატებით მინდა გითხრათ, რომ ეს სავალდებულოდ შესასრულებელი წესი არ გახლავთ. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო ისურვებდა, რომ ყველა სკოლამ გაითვალისწინოს რეკომენდაცია და სასურველია, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოების ფარგლებში ჩატარდეს ყველა ექსკურსია, თუმცა, სკოლა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი საბოლოოდ თავად იღებს გადაწყვეტილებას, გამართოს თუ არა ესა თუ ის ექსკურსია. დირექტორია ის პირი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მანძილთან დაკავშირებითაც შესაძლებელია უფრო შორ მანძილზე გადაადგილების გადაწყვეტილება მიიღონ, თუკი სკოლა ჩათვლის, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომა დაცულია და მოსწავლეები არანაირი საფრთხის ქვეშ არ არიან.

ეკატერინე ხუციშვილის განმარტებით, მშობელთა გაყოლა ექსკურსიაზე კვლავ დასაშვებია:

- აუცილებელია, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებაში არსებული სავარძლები ექსკურსიაში მონაწილე პირების რაოდენობის შესაბამისი იყოს, რომ ფეხზე დგომა არავის მოუწიოს.

მისივე განმარტებით, აუცილებელია ისეთი პირის არსებობა, რომელიც იმ უნარ-ჩვევებს ფლობს, რაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვისაა საჭირო. ასეთ კადრს თავად სკოლა გამოყოფს. ეს შეიძლება იყოს ექიმი, მანდატური, მშობელი, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს.

ამავე გადაცემაში მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მანძილის საკითხი, რაზეც მშობლებს შორის ძალიან დიდი აზრთასხვადასხვაობა იყო, სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და თუ ყველა პირობა დაკმაყოფილებული იქნება, დირექტორს შეუძლია, უფრო შორ მანძილზე გადაადგილების უფლებაც მისცეს. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ორი მძღოლი დასჭირდეთ, რომ შორ მანძილზე გადაადგილებისას ერთმენეთს შეენაცვლონ.

განახლებული წესების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღის ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს. ასევე ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. ამის შემდეგ სკოლის დირექტორი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ორგანიზატორს ექსკურსიის განხორციელების უფლება.
მნიშვნელვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე.

უფრო ვრცლად განახლებული რეკომენდაციების შესახებ, იხილეთ ბმულზე:

ბეჭდვა