"80-100 ლარი ჯდება საშუალოდ და რა აუცილებლობაა? რამდენს დაწყდება გული, ყველას ხომ არ აქვს ეს თანხები?" - რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიის მნიშვნელობასა და გაძვირებულ ხარჯებზე
"80-100 ლარი ჯდება საშუალოდ და რა აუცილებლობაა? რამდენს დაწყდება გული, ყველას ხომ არ აქვს ეს თანხები?" - რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიის მნიშვნელობასა და გაძვირებულ ხარჯებზე
ბევრი ბავშვისთვის ექსკურსია სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სხვადასხვა ადგილის მონახულება და თავგადასავლები განსაკუთრებით უყვართ. თუმცა, ბოლო წლებია, ბევრი მიზეზის გამო, ექსკურსიების სიხშირემ იკლო. პანდემიის პირობებში ექსკურსიების მოწყობა აკრძალული იყო, ახლახანს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვადასხვა რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომლებიც სკოლებმა უნდა დაიცვან. მათივე განმარტებით, ეს რეკომენდაციები ბავშვების უსაფრთხოებას უკავშირდება.

ვკითხეთ მშობლებს, რამდენად აუცილებლად და საჭიროდ თვლიან სასკოლო ექსკურსიებს და ახალი რეგულაციებისა და ბენზინის ფასის ზრდის პარალელურად, როგორ გაეზარდათ ხარჯები:
  • ექსკურსიის დანიშნულებაა, თანამშრომლებს ან ჯგუფელებს შორის კარგი ატმოსფეროს შექმნა, რაც
    მოტივაციას იძლევა, ასევე ინფორმაციული თვალსაზრისითაც
    შეუდარებელია. არასოდესაა ზედმეტი ეს დღევანდელ დაძაბულ გარემოში. ფაქტია, სიძვირე მარტო ექსკურსიის ხარჯებს არ შეეხო, გაძვირდა საჭმელიც, რესტორნებიც, მაგრამ რესტორნები გადავსებულია ისევ და რაღა ექსკურსიაა ზედმეტი? ხარჯია, მაგრამ შეუფასებელია.
  • ვთვლი, რომ ექსკურსიები აუცილებლად საჭიროა, თუმცა ბევრს ამ სიამოვნებაზე უარის თქმა ტრანსპორტის სიძვირის გამო მოუწია.
  • 1000 ლარიდან იწყება, გააჩნია, სად მიდიხართ.
  • ხარჯი, რა თქმა უნდა, გაიზარდა, საწვავი 4 ლარამდეა ლამის. ასევე, გაიზარდა პროდუქტების ფასიც.
  • გუშინ მარტყოფში იყვნენ ბავშვები და მძღოლმა 900 ლარი მოითხოვა.
  • გაძვირებულია ფასები, ტრანსპორტი 40%-ით, კვება 30%-ით.
  • გაძვირების გარდა, კიდევ იმდენი პროცედურა და ქაღალდებია საჭირო, შეღონდები.
  • კახეთში გადავიხადეთ მხოლოდ ტრანსპორტში 900 ლარი (36-ადგილიანზეც და 55-ადგილიან ავტობუსზეც).
  • მე-4 კლასელები მცხეთაში, 550 ლარად მიგვყავს.
  • გააჩნია, სად მიდიხარ და როდის, ფასები მარშრუტის მიხედვით იცვლება, ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებელია და რა თქმა უნდა, დავდივართ.
  • 35 კმ მანძილზე 600 ლარს ვიხდით ავტობუსში.
  • ექსკურსიის მიზნები და ამოცანები შეიძლება ძალიანაც აღმატებულია, მაგრამ რეალურად ჩვეულებრივი ღია ცისქვეშა გართობაა ჭამით და ბურთის თამაშით, უმრავლესობა ასეა, ყოველ შემთხვევაში. ვინაიდან წელს ასე ძვირია ტრანსპორტი თუ ასე უჭირთ გადახდა, სავალდებულო რატომ უნდა იყოს. 800 ლარზე ნაკლებად ავტობუსი აღარ მიდის, თუ პატარა კლასია, ხარჯი ძალიან ეზრდებათ. ამიტომ, თუ უმრავლესობას უჭირს გადახდა, კლასი ჯობია მოკლე მანძილზე, პიკნიკზე წავიდეს.
  • მე პირადად მომწონს, რომ ბოლო დროს ცოტა საღად შეხედეს ამ საკითხს და აღარ მიიჩნევა აუცილებლობად და სავალდებულოდ. იმდენი უბედური შემთხვევა მოხდა, სურვილიც აღარ მაქვს. გარდა ამისა, ბევრი ექსკურსია გვინახავს, მშობლები რომ ცალკე თვრებოდნენ და ბავშვები ცალკე... ახლა კიდევ ამ ყველაფერს არანორმალური ფასებიც დაემატა - საშუალოდ, 80-100 ლარი უჯდება თითოეულ მოსწავლეს და რა აუცილებლობაა ამ სიძვირეში და ამ პრობლემებში? ხომ გამორიცხულია, კლასში ყველას ჰქონდეს ეს თანხა, ესე იგი, უსახსრობის გამო ვიღაც უნდა დარჩეს და მე უხერხულად ვიგრძნობდი თავს ამ დროს. მწვადის ჭამა და ბურთის დევნა ისეც შეიძლება, ასობით კილომეტრი რომ არ გადავლახოთ.
  • ჩემი შვილების კლასი აპირებს. ვთვლი, რომ აუცილებელია განტვირთვა. პანდემიამ დიდი დაღი დაასვა მომავალ თაობას, კომუნიკაცია უჭირთ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ახალი წესის შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღის ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს. ასევე ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. ამისშ ემდეგ სკოლის დირექტორი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ორგანიზატორს ექსკურსიის განხორციელების უფლება.

ახალი წესების მიხედვით, დოკუმენტში, რომელიც სკოლებმა მიიღეს, აღნიშნულია, რომ ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე. ხოლო, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს.
მნიშვნელვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე. უფრო ვრცლად აღნიშნული რეკომენდაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გარდა ამისა, მშობლებს შორის განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა მანძილთან დაკავშირებულ შეზღუდვას, რაზეც განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ხუციშვილმა განმარტა, რომ სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და თუ ყველა პირობა დაკმაყოფილებული იქნება, დირექტორს შეუძლია, უფრო შორ მანძილზე გადაადგილების უფლებაც მისცეს. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ორი მძღოლი დასჭირდეთ, რომ შორ მანძილზე გადაადგილებისას ერთმენეთს შეენაცვლონ.

altრატომ შეზღუდა განათლების სამინისტრომ ექსკურსიების მოწყობისთვის მანძილი და სავალდებულოა თუ არა ეს ყველა სკოლისთვის



20599
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
თამარ
1
სავალდებულო და აუცილებელი რომაა სად წერია? დიახ, არც აუცილებელია და არც სავალდებულია. ნებაყოფილობითია!! და სასუეველია!! არ გრცხვენიათ, მაშინვე მასწავლებლისკენ რომ იშვერთ ხელს? მე ვარ მასწავლებელი და არადოდეს ამიკრეფია ფული.. ამას ყოველთვის მშობლები აგვარებდნენ..ასეა მასწავლებლების 99%.. და ნუ ცდილობთ მადწავლებლის შეურაცხყოფას. მასწავლებელი არავის აძალებს, გინდა თუ არა, ექსკურსიაზე წავიდეთო...
21:29 / 30-05-2022
დ-ვიტო
9
ექსკურსიები ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ მასწავლებლებმა ფული გააკეთონ. ასევე არიან სპორტით დაკავებული ე.წ. ,,ტრენერები", - ,,ზბორებზე'' რომ მიყავთ ბავშვები. ჩემი მეზობელია და თავად ყვება ხოლმე რამდენი რჩება თითო ,,ზბორებიდა''. ამას რომ თავი გავანებოთ ავიღოთ ბაღი (სახელმწიფო ბაღი), ორ კვირაში დამამთავრებელ ჯგუფს ზეიმი აქვს, ხოდა რა არის საჭირო გეტყვით: შავი შარვალი და თეთრი პერანგი (ამას ბავშვი მერეც გამოიყენებს), სპეციალური ქუდი და მაისური წარწერებით (ესეც გასაგებია), 20 ლარი გასართობი ცენტრის (ესეც გასაგებია), 20 ლარი მასწავლებლისთვის (ესეც გასაგებია და ალალი იყოს მასწავლებელზე), 10 ლარი ტორტის (ესეც გასაგებია) და კიდევ რაღაც ბევრი წვრილმანი (აღარ ჩამოვთვლი), მაგრამ აი გუშინ მეუღლემ მითხრა გამოსაშვებ დღეზე სურათი უნდა გადაუღონ ყველას და ერთ ბავშვზე 30 ლარი ჯდებაო.... ესეც ალალი იყოს ოღონდ ჩემი ბავშვისთვის, მაგრამ 30 ლარი ჩარჩოს გარეშე განა რა სურათია ასეთი რომ ამხელა თანხა ღირს, ბაღის გამგემ ვანგოგი ხომ არ უნდა მოიყვანოს ფოტოგრაფად??? თუმცა მომენტი აქვს და აბა ფული როგორ უნდა გააკეთოს სხვანაირად. თან ამ საჯარო ბაღიდან 300 მეტრში თავისი კერძო ბაღი აქვს ამ საჯარო ბაღის გამგეს და არც იქიდან აკლია შემოსავალი, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ პროდუქტს რომ ეზიდება თავის კერძო ბაღში ამ საჯარო ბაღიდან... აი ესაა საქართველო და ამიტომაც არაფერი არ გვეშველება....
09:49 / 30-05-2022
მსგავსი სიახლეები