მარიამ კაცაძე ჩიკაგოს უნივერსიტეტში მოლეკულური ინჟინერიის ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკაში გააგრძელებს. მარიამი ორი წლის განმავლობაში სომხეთში, დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში სწავლობდა და ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში შრომისმოყვარეობასთან ერთად, ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერა დაეხმარა. ის ჩვენს მკითხველს უყვება, როგორ მოხვდა ჯერ დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში, შემდეგ კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში:
- სულ მსოფლიოში მსგავსი 18 კოლეჯია და ყოველი სექტემბერს აპლიკაციას ხსნიან. გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო, მათემატიკისა და ინგლისურის ტესტია დასაწერი, შემდეგ გასაუბრება ინიშნება და ფინალური ეტაპისთვის კოლეჯში ვიზიტია აუცილებელი. ამის შემდეგ კი ნომინაციას და შანსს გვაძლევენ, რომ 18 კოლეჯიდან ერთ-ერთში ვისწავლოთ. აპლიკაცია პანდემიის დროს შევავსე, მაშინ სხვადასხვა რეგულაცია არსებობდა და სომხეთში, დილიჯანში წავედი. ამ პროგრამის შესახებ კი ჩემი ფრანგულის მასწავლებლისგან გავიგე, რომლის შვილიც ამავე კოლეჯის კურსდამთავრებულია და ის აპლიკაციის შევსებასა და საორგანიზაციო საკითხებში დამეხმარა. კოლეჯში რომ ჩავედი, უნივერსიტეტის მრჩეველი მყავდა და მან ეს უნივერსიტეტი მირჩია, შევიტანე საბუთები და თებერვალში გავიგე, რომ სრული დაფინანსებით მოვხვდი. სწავლის გაგრძელებას მოლეკულური ინჟინერიის მიმართულებით ვგეგმავ. უნივერისტეტში მოსახვედრად აპლიკაცია გავაგზავნე, სადაც 3 ესე იყო დასაწერი, რეკომენდაციებიც საჭირო იყო და მიმდინარე ნიშნებს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. ასევე, აუცილებელია კოლეჯის გამოცდების ჩაბარებაც. წარმატების მიღწევაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ოჯახი, მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ და სულ ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. კოლეჯში 6 საგნის არჩევის უფლება გვქონდა. ქიმიასა და ბიოლოგიას კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი. დროის სწორად მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მე სოციალური ცხოვრებაც მქონდა და ვთვლი, რომ აუცილებელია. თუკი მთელ დროს მხოლოდ სწავლას უთმობ და თავისუფალი მონაკვეთი აღრაფრისთვის გრჩება, შესაძლოა ეს პროცესი მარტივად მოგბეზრდეს და დაგეზაროს. დროს თუ სწორად ანაწილებ, სწავლის პარალელურად, სხვადასხვა აქტივობასაც მოასწრებ. სხვა აბიტურიენტებს კი შემიძლია ვურჩიო, რომ გადამეორება ადრე დაიწყონ და გამოცდის წინა საღამოს ნუ გადაიღლიან განსაკუთრებით თავს. ჯობს, კარგად დაისვენონ, დაიძინონ და ისე მივიდნენ დასაწერად.