ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი მოწინება და გამოხმაურება მოჰყვა:
"15 წლის მარიამი მთელი დღე მელოდა მოსაცდელში, რომ დედას დროულად დახმარებოდა. ისიც მითხრა, შენ ყველაზე კარგად იცი, რას ნიშნავს, როცა დედა ავად არისო. ისე ნერვიულობდა, რომ დედა კარგად არ ჰყავდა… ჩემთან ერთად შეისწავლა ყველა გამოკვლევა, ყველა ანალიზი, ყველა წამალი და ბედნიერი წავიდა. დედა ახლა კარგად ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლისაა, საკუთარი ცოდნით და მონდომებით კემბრიჯში ჩააბარა." - დაწერა გიორგი ღოღობერიძემ.
მარიამ ლუკსი ქართველ-ამერიკელი გოგონაა და ახლა ფლორიდის შტატში, კოლეჯში სწავლობს. საგაკვეთილო პროცესს ონლაინ, საქართველოდან ესწრება და პარალელურად, ბევრ სხვადასხვა პროექტშია ჩართული. როგორც თავად გვიყვება, უყვარს სოციალურ, გლობალურ თემებზე მუშაობა, ცოდნის მიღება და კონფერენციებზე გაზიარება. ჩვენ მარიამს დავუკავშირდით და მიღწეული წარმატებებისა თუ სამომავლო გეგმების შესახებ გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ:
- მადლობა, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, გავუზიარო ჩემს თანატოლებსა და პატარებს ის, რაც დღემდე გამივლია და ბევრი უკვე თვლის, რომ ამ ასაკისთვის საინტერესო ბიოგრაფია მაქვს. ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ვარ ჩართული, მაქვს იდეები და მინდა, რომ განვახორციელო. საზღვარგარეთ სემინარებს, კონფერენციებს ვესწრები. კემბრიჯში 4 წლის წინ, საზაფხულო სკოლაში ვსწავლობდი. იქ მოხვედრა საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესი იყო. ჩავაბარე სხვადასხვა გამოცდა და დიდი მომზადება დამჭირდა. ახლა ფლორიდას შტატში High School-ში ვსწავლობ. ჰუმანიტარული მიმართულება ძალიან მომწონს. მიყვარს ენების სწავლა. ვფლობ ინგლისურსა და ჩინურს. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში, წარმატების მიღწევისთვის მონდომებასა და მოტივაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ სურვილი არ გაქვს, რომ წარმატებას მიაღწიო, რაც არ უნდა დიდი ცოდნა დააგროვო საკუთარი შრომისმოყვარეობით, მაშინ ყველაფერი მაინც ამაოა.
მარიამი ამბობს, რომ ბავშვობიდან ბევრი ინტერესი ჰქონდა, მრავალ სფეროში და მის პიროვნულ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ:
- გენეტიკის და პიროვნული თვისებების გარდა, დიდი მნიშვნებლობა აქვს გარემოს. ჩემს შემთხვევაში, ძალდატანების და ხაზგასმის გარეშე, ეს დედის ინსტიტუტი იყო. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ბავშვობიდან გვქონდა ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საინტერესო საუბრები და დისკუსიები, რაც, ამ შემთხვევაში, ჩემი აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ასე უნდა იყოს სხვა ბავშვებთანაც. თავადაც მქონდა შესაძლებლობა, დედასთვის სასაუბროდ ახალი და საინტერესო თემები შემეთავაზებინა. როგორც კი ბაღის ასაკს გავცდი და კომპიუტერის გამოყენება ვისწავლე, ჩემი პირველი მოძიებული საინტერესო თემა ვარდისფერი დელფინების აღმოჩენა იყო. აქედან დაიწყო მშობლებთან ინფორმაციული გაცვლითი ურთიერთობები და დღეს უკვე ჩემს აზრს არა მარტო ჩემს წრეში, არამედ ამერიკის კონგრესშიც ვაფიქსირებ და სენატორები და პალატის წარმომადგენლები დასმულ შეკითხვებზე აღფრთოვანებულნი მპასუხობენ. შესაბამისი ვიდეოც არსებობს და არ მინდა, გაზვიადებულ ნათქვამად ჩამეთვალოს.
ბავშვები ძირითადად პატარაობიდანვე ამჟღავნებენ თავიანთი ინტერესის სფეროსა და ნიჭიერებას. ჩემს შემთხვევაში, ტექნიკური საგნებისგან თავიდანვე შორს ვიყავი. მათ ცხოვრებაშიც პრაქტიკული გამოყენების დონემდე ვფლობ. რაც შეეხება ხელოვნების სფეროს - ვუკრავდი ძალიან კარგად, მქონდა კონცერტი ორკესტრთან ერთად და მიწინასწარმეტყველებდნენ პიანისტის სერიოზულ კარიერას, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს სფერო ჩემი არ იყო და ოჯახს ჩემთვის ძალა არ დაუტანებია. მიუხედავად იმისა, რომ დედა მუსიკოსია და ძალიან დაენანა, მუსიკამ ჩემი სახით კარგი შემსრულებელი რომ დაკარგა, მაგრამ მე ის სულში მაქვს.
იგივე შემიძლია ვთქვა სიმღერაზე, ცეკვაზე და ა.შ. ამიტომ ის, რაც ორგანულად ჩემია და რისი კეთებაც მიყვარს, არ მოითხოვს არავისგან მითითებას, რომ დავჯდე და ვიმეცადინო. ეს არის: ენები, პოლიტიკა, გლობალური თემები, ჯანმრთელობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერება და გეოგრაფია, ეკონომიკა (რომელიც მხოლოდ მათემატიკურ ცოდნას არ ეფუძნება), ნუტრიციოლოგია-ბიოლოგია, ადამიანთა უფლებები და სამართალი.
ამიტომ, თუკი ამ ჩემოთვლილი საგნებიდან სადმე რაიმე პროექტია, ყველგან მიწვევენ, რისი სრულად ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მაგალითად, UNICEF USA-ს სემინარზე: გოგონების ადრეულ ქორწინებასა და უფლებათა დარღვევაზე, იგივე თემაზე კალიფორნიის სენატორ ნენსი სკინერთან (Sen. Nancy Skinner), რომელზედაც ჩემს ხედვას ამ პრობლემასთან დაკავშირებით ნენსი სკინერმა კიდევ ერთხელ გადახედვის და შესწავლის სურვილით უპასუხა. ასევე, ნიუ-იორკის წარმომადგენელ ალექსანდრია ოკასიო-კორტეზსს ვთხოვე ესაუბრა და განემარტა ამერიკის დემოკრატიის რყევის მიზეზები და შედეგობრივი ანალიზი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მან შემდეგ ინტერვიუებში CNN-ისა და CNBC-ის გადაცემაში ძირითად მოტივად აქცია.
მარიამი საუბრობს იმ სხვაობაზე, რაც დაინახა ამერიკულ განათლების სისტემასა და ქართულს შორის და იმ შთაბეჭდილებაზე, რაც დატოვა კემბრიჯმა:
- პირველი, რაც ძალიან მოგხვდებათ თვალში და გაგაოგნებთ, ეს არის განათლების დონე და არა კემბრიჯი, როგორც ქალაქი. სანამ კემბრიჯზე გადავალ, მინდა ჩემი გულის ტკივილი საქართველოს განათლების სისტემის შესახებ გითხრათ. სკოლებში არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით ონლაინ ჩართვებმა მთლად დაწია ის დონე, რაც ისედაც არ იყო მაღალი. როგორ არ გავიხსენო შემთხვევა, როდესაც ისტორიის მასწავლებელი, გიორგი სააკაძეს მოსწავლეებს ქვეყნის მოღალატედ აცნობს. ამის შემდეგ, გჭირდება მთელი მტკიცებულებებით ებრძოლო მასწავლებელს და უმტკიცო, რომ სააკაძე მოღალატე არ არის. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლემ გიორგი სააკაძის შესახებ სულ მცირე, რაიმე ინფორმაცია მაინც უნდა იცოდეს, რომ გაუჩნდეს სურვილი, მასწავლებელს შეეკამათოს. ეს ძნელი წარმოსადგენია იმ ფონზე, როდესაც არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ სკოლადამთავრებულებიც ილიას წერეთლად და აკაკის ჭავჭავაძედ მოიხსენიებენ... ეს სულ მცირე ერის ტრაგედიაა, რისი აღმოფხვრაც სწორედ განათლების სისტემას ევალება...
რაც შეეხება კემბრიჯში სწავლებას, ეს ძალიან მოწესრიგებული სწავლის სისტემააა. ლექტორიც და სტუდენტიც სიამოვნებით ერთვებიან სწავლების პროცესში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ქვეყანა განათლებული, უპირველესად თავისი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მცოდნე, დახვეწილი, პატრიოტი ახალგაზრდებით განათებული და ღირსეულად შემდგარი ვნახო. საქართველო უნდა ვაშენოთ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ამისთვის მოტივირებულ ადამიანებს ქვეყნის მზაობაც უნდა გვიწყობდეს ხელს.
და ბოლოს, წარმატების მიღწევის ჩემი ფორმულა თქვენ: "The main priority for being successful is to be "hungry" for success! (იმისათვის რომ გქონდეს წარმატება, უნდა გწყუროდეს ის)
Wish everyone the best of luck!
თამარ იაკობაშვილი