"ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად, ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია..." - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურში მაქსიმალური ქულა მიიღეს
"ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად, ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია..." - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურში მაქსიმალური ქულა მიიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას განაგრძობს. დღეს აბიტურიენტებმა კიდევ ერთ ძირითად საგანში, უცხოურ ენაში გაიგეს საკუთარი ქულა. ტრადიციულად, ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, ვინც მაქსიმალური, 80 ქულის მიღება შეძლო:

მარიამ ჯაჭვლიანმა 61-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ინგლისურ ენაში 80 ქულის მიღება შეძლო და ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში მრავალი ფაქტორი დაეხმარა:

- წარმატების მიღწევაში ოჯახის მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა. მყავდა კარგი მასწავლებელი, რომელსაც ჩემი სულ სჯეროდა. ასევე, უცხო ენები მიყვარს და ვფიქრობ, კარგად გამომდის. ვემზადებოდი, ფილმებს ძირითადად
ინგლისურად ვუყურებ, სტატიებსაც ინგლისურად ვკითხულობ,
ასევე ვსაუბრობ ინგლისურად და ეს კარგი გამოცდილება იყო, რომ გამოცდაში მაქსიმალური შეფასება მიმეღო. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ვაბარებ, ძალიან მიყვარს ეს საქმე და ვფიქრობ, ესეც დიდი სტიმული იყო.

ანანო ნეფარიძემ კი 157-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება და ინგლისურ ენაში 80 ქულა მიიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაღალი შეფასება აქვს და 58 ქულის მიღება შეძლო:

- ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი და ეს ქულა ჩემი მასწავლებლის უდიდესი დამსახურებაა, რომელიც უამრავ საჭირო მასალას მუდმივად მაძლევდა. მეც ბევრს ვშრომობდი, თუმცა მისი გამხნევება და ის თავდაჯერებულობა, რაც ამ წლის განმავლობაში მივიღე, ძალიან დამეხმარა. ბედნიერი ვარ, რომ უნივერსიტეტში ასეთი შედეგით მივდივარ. გარდა პროგრამული საკითხებისა, ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, სტატისტის გაცნობაც საყურადღებოა, რათა ესეებში მყარი არგუმენტები გვქონდეს. ფილმების ინგლისურ ენაზე ყურებასაც საოცარი შედეგი მოაქვს.

ნინო გოროზიამ სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS დაამთავრა და ინგლისურში მანაც მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო. სწავლის გაგრძელებას კი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აპირებს.

- ინგლისურში დამატებით არ ვემზადებოდი და შედეგს სკოლის პროგრამით მივაღწიე. ძალიან ბევრი ვიშრომე. წლების განმავლობაში სხვადასხვა საკითხი კარგად გავაანალიზე, თუმცა ესეების წერა შედარებით მიჭირდა. ჩემი მასწავლებელი ძალიან დამეხმარა. მკაცრად მიმოწმებდა და ყველა პატარა დეტალსაც კი ყურადღებას ვაქცევდი. ფილმებს ყოველთვის ინგლისურად ვუყურებდი, რაც ლექსიკის გამდიდრებაში დამეხმარა. გარდა ამისა, ვმუშაობდი წინა წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებზე. ვფიქრობ, თუ სისტემატურად იშრომებ, მაქსიმალური შედეგის მიღწევაც თავისუფლადაა შესაძლებელი.

ანა ტაბიძემ კომაროვის სახელობის სკოლა-პანსიონი დაამთავრა და ინგლისურში მხოლოდ თვე-ნახევარი ემზადებოდა. ის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებს ჩაბარებას:

- წარმატების მიღწევაში დეტალებზე ყურადღების გამახვილება და გაანალიზება დამეხმარა. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა. სკოლაც ძალიან დამეხმარა და მშობლებიც. ასევე, მეგობრებთან ერთად ინგლისურად ვსაუბრობდი და ესეც კარგი შესაძლებლობა იყო, რომ შედეგი გამეუმჯობესებინა. რამდენიმე წელია ფილმებსა და წიგნებს ინგლისურ ენაზე ვუყურებ და ვკითხულობ. ამით მოსმენის უნარები კარგად გამომიმუშავდა და ლექსიკაც გამიმრავალფეროვნდა.

თამარ იაკობაშვილი

10714
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ფფფ
14
იმედია, ინგლისურის სწავლაში მშობლიური ენა არ დაავიწყდათ..
21:32 / 03-08-2022
გ. გ.
10
სწავლა, სწავლა და სწავლა! ლენინი რომ აშენო, უნდა იცოდე და რომ იცოდე, უნდა ისწავლო! სტალინი
17:32 / 03-08-2022
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები