ნინი მანაგაძე, ხატია ხუნწელია და ცოტნე ბებიაშვილი იმ ქართველი სტუდენტების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც მიმდინარე წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ განათლების მიღებას. მათ ამის გამო საკმაოდ დიდი შრომა გაწიეს და დამსახურებული შედეგიც მიიღეს.
ნინი მანაგაძემ კომაროვის სკოლა ოქრო მედალზე დაასრულა, რის შემდეგაც საფრანგეთის უნივერსიტეტ École Polytechnique-ში ჩაირიცხა დაფინანსებით და სწავლას ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელებს. აღსანიშვანია, რომ École polytechnique ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო სასწავლებელია საფრანგეთში. უნივერსიტეტი QS World-ის სტატისტიკის მიხედვით ფიზიკის მიმართულებით 39-ე ადგილზეა მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის. ხატია ხუნწელიამ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. ის გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 100%-იანი დაფინანსებაც მოიპოვა. ხატია ძალიან ბედნიერია, რომ წლების განმავლობაში გაწეული შრომა დაუფასდა. რაც შეეხება ცოტნე ბებიაშვილს, რომელიც ქართულ-ინგლისურ სკოლა "ბრიტანიკაში" სწავლობდა, ჩეხეთის ნატურალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (CZU), გარემოს დაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უნივერსიტეტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად უნივერსიტეტად ითვლება ამ განხრით და როგორც ცოტნე ამბობს, ეს მისთვის დიდი გამოწვევაა. უფრო დეტალურად გაწეული ძალისხმევის, მიღწეული წარმატების და მომავალი გეგმების შესახებ სტუდენტები თავად გვესუბრებიან.
ნინი მანაგაძე: - სწავლას გავაგრძელებ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც სამ მიმართულებას გვთავაზობს: მათემატიკა და ფიზიკა, მათემატიკა და ეკონომიკა, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ავირჩევ მათემატიკასა და ფიზიკას, რადგან ადრეული ასაკიდან მიმიზიდა ტექნიკურმა საგნებმა და მათ შორის განსაკუთრებით ფიზიკამ. სკოლამაც გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებაზე, რადგანაც დავამთავრე კომაროვი, სადაც საშუალება მომეცა მყოლოდა საუკეთესო პედაგოგები. რაც შეეხება უნივერსიტეტის არჩევას, მეგობრებისგან შევიტყე École Polytechnique-ის შესახებ, რომელმაც თავიდანვე დამაინტერესა. École Polytechnique-ს აქვს არაერთი ლაბორატორია და იძლევა კვლევის შესაძლებლობებს, რაც ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. აქ ჩარიცხვა საკმაოდ ემოციური იყო, რადგან ეს იყო ერთადერთი უნივერსიტეტი უცხოეთში, სადაც საბუთები გავაგზავნე და სადაც სწავლა მინდოდა.
- როგორ მიმდინარეობდა მიღების პროცესი?
- მიღების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსურია. პირველი ეტაპი იყო ესეების, მასწავლებლების დახასიათებების, ნიშნების ფურცლის, TOEFL გამოცდის შედეგისა და CV-ს გაგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე ერთსაათიანი მათემატიკის გასაუბრება, რომელზეც უმაღლესი მათემატიკის ამოცანები მკითხეს. ეს პროცესი ნამდვილად რთულია და მოითხოვს მოთმინებასა და ძალისხმევას.
- საქართველოში რა აქტივობებში იყავით ჩართული და დაგეხმარათ თუ არა ეს გზის გაკვლევაში?
- ჩართული ვიყავი როგორც შიდასასკოლო, აგრეთვე სკოლის მიღმა აქტივობებში. სკოლაში ვიყავი არაერთი კლუბის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ამის გარდა ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადაში ფიზიკასა და მათემატიკაში. რა თქმა უნდა, ეს აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისთვის.
- რას ეტყოდით და რა რჩევებს გაუზიარებდით მომავალ აბიტურიენტებს?
- პირველ რიგში მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუსურვო წარმატება, რადგანაც ეს წელი მათთვის ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანია. ამის გარდა ვურჩევდი, მაქსიმალურად გაიგონ თავიანთი შესაძლებლობების შესახებ, რადგანაც რამდენიმე წლის წინ მეც არ წარმომედგინა, რომ უცხოეთში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში წავიდოდი სასწავლებლად.
ხატია ხუნწელია: - ვფიქრობ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე. თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთ ემოციებში ვიყავი. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია. ამ მიმართულებით უკვე მეშვიდე კლასიდან დავინტერესდი და ყოველთვის ვცდილობდი თავიდანვე საკმარისი ინფორმაცია და განათლება დამეგროვებინა, მაშინვე, ვიცოდი, რომ ეს პროფესია მინდოდა. გამოცდის დროს ძალიან ვღელავდი. საკითხებს რაც შეეხება, ნორმალური სირთულის აღმოჩნდა. ზოგადად ემოციურიი ვარ და სულ განვიცდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ შრომა დამიფასდა.
- რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს?
- პირველ რიგში ნუ შეეშინდებათ, ზედმეტი ნერვიულობა და განცდა მხოლოდ გვავნებს. იშრომონ მაქსიმალურად მიზნის მისაღწევად და ეს შრომა ააუცილებლად, ყოველთვის გამოიღებს შედეგს და დაუფასდებათ. მინდა ყველას ძალიან დიდი წარმატება და წინსვლა ვუსურვო.
ცოტნე ბებიაშვილი: - რა თქმა უნდა უზომოდ გამიხარდა, როდესაც ინტერვიუს დროს შევიტყვე, რომ უკვე ჩარიცხული ვიყავი უნივერსიტეტში.
- როგორ ემზადებოდით გამოცდებისთვის და რთული იყო საგამოცდო საკითხები?
- გამოცდა იყო დაახლოებით ამერიკული SAT-ის სტილში, რაც საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად საინტერესო იყო ჩემთვის. გამოცდა შედგებოდა 54 შეკითხვისგან, რომლისთვისაც პასუხი უნდა გამეცა 80 წუთში, რაც მოითხოვდა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სისხარტესაც. მომზადებას რაც შეეხება, პირველ რიგში ჩავაბარე FCE-ს საერთაშორისო გამოცდა, რომელმაც შემძინა საჭირო უნარები, რომ მოკლე დროში კარგად დამემუშავებინა დიდი მოცულობის ტექსტები და პასუხები გამეცა რთული შეკითხვებისთვის. ასევე მქონდა ადრინდელი ტესტის ერთი ნიმუშიც, რომლის წყალობითაც გავერკვიე გამოცდის ფორმატში. მანამდე საქართველოში მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე ეროვნულ კონფერენციაში, სადაც წარვადგინე პრეზენტაცია გარემოს დაცვის შესახებ, რომელიც საკმაოდ წამადგა სამოტივაციო წერილის დაწერისას. მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ მონაწილეობა მიმეღო მეტ აქტივობაში, რაც უფრო წამადგებოდა არა მხოლოდ უნივერსიტეტში ჩასარიცხად, არამედ პროფესიული გამოცდილების მისაღებადაც. აქვე, მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ კარგად გაერკვიონ საკუთარ ინტერესებში, დაისახონ შესაბამისი მიზნები და ჩამოაყალიბონ რამდენიმე გეგმა, რომლითაც აუცილებლად მიაღწევენ თავიანთ მიზანს. კარგი იქნება, თუ ეს ინტერესები დაემთხვევა მსოფლიოს საჭიროებებს და მათი დახმარებით გადაწყდება უმნიშვნელოვანესი პრობლემები.