შვილი გიჩნდება მაშინ, როცა შენ თვითონ ხარ ძალიან აქტიური, გინდა საღამოს წახვიდე ამა თუ იმ ადგილას და ამაში გარკვეულწილად გიშლის ხელს ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწო შესავლის წერა გელა ჩარკვიანზე და... მივხვდი, ჩემს მიერ დაწერილი სიტყვები თუ წინადადებები მისი ერუდიციის, ბიოგრაფიის, ოჯახის შესახებ ზედმეტი იქნებოდა. ამიტომ პირდაპირ გთავაზობთ ინტერვიუს გელა ჩარკვიანთან, რომელსაც მამისა და ბაბუის ამპლუაზე ვესაუბრეთ.
- ირაკლი 1961 წელს დაიბადა, როცა მე 22 წლის ვიყავი, სტუდენტი გახლდით. ირაკლის აღზრდის საქმეში ბუნებრივია, ჩართული ვიყავი, ვასეირნებდი და ა.შ. მაგრამ ძალიან გვეხმარებოდნენ მშობლები. შვილსა და შვილიშვილს შორის რა განსხვავებაა მოგახსენებთ. შვილი გიჩნდება მაშინ, როცა შენ თვითონ ხარ ძალიან აქტიური, გინდა საღამოს წახვიდე ამა თუ იმ ადგილას და ამაში გარკვეულწილად გიშლის ხელს, მაგრამ გიყვარს ძალიან (იცინის). ამიტომ როცა ახალგაზრდა ხარ, ცდილობ, ბაბუას, ბებიას გაუგზავნო, თან ამართლებ ამას იმით, რომ ბებია-ბაბუისგან კარგის მეტს არაფერის ისწავლის. მამაჩემი, ასეთი ერუდიციის ადამიანი, მართლაც კარგ გავლენას მოახდენდა ბავშვზე და ასეც იყო. სხვათა შორის, ირაკლიმ თავისი პირველი მოთხრობა სწორედ ბაბუაზე დაწერა: "ცალფეხშიშველი ბავშვი", რომელსაც მის მიერ დაწერილ ყველაზე კარგ მოთხრობად მივიჩნევ. აი, შვილიშვილი უკვე სათამაშოა, შენი გამრთობი ისაა, როცა ის შემოდის შენს ცხოვრებაში, უკვე აღარსად აღარ გეჩქარება, მთელ დროს მას უთმობ. ბაბუა 47 წლის ასაკში გავხდი.
- მიდგომის თვალსაზრისით როგორ განსხვავდება, თუნდაც სიმკაცრის და განებივრების ასპექტში რომ განვიხილოთ...
- რასაკვირველია, შვილიშვილს გაცილებით უფრო ვანებივრებ. შვილთან უფრო აღზრდის მომენტები ჭარბობს, არიგებ ყველა შემთხვევაში, იმასაც კი ეუბნები, რა უნდა ჭამოს და რა - არა, შვილიშვილს კი რაც უნდა, იმის კეთების და იმის მირთმევის უფლებას აძლევ. ჩიფსები უყვარს? ჩიფსები ჭამე, - ეუბნები (იცინის).
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რაღაცის ჭამა-არჭამით არ განისაზღვრება, იმიტომ, რომ სადაც ჩიფსსაც ჭამენ და უფრო არასასარგებლო რაღაცებსაც სვამენ, საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება ნანას სწავლის, განვითარების საკითხში.
- რა შემიძლია გავუკეთო შვილიშვილს?! მე მას ნოტაციებს არ ვუკითხავ, მისი აღზრდის ფუნქციას არ ვიღებ, იმიტომ, რომ აღზრდა გარკვეულწილად მოითხოვს დასჯას, სიმკაცრეს და მასთან ერთად სტიმულირებასაც, მე არ მინდა ეს ფუნქცია მქონდეს, მაგრამ განათლება სულ სხვა თემაა. ვაძლევ სერიოზულ განათლებას. მან ძალიან კარგად იცის ინგლისური, ლონდონში სწავლობდა, ახლა სწავლობს ფრანგულ სკოლაში, მინდა, რომ იცოდეს 4 ენა: ქართული ძალიან კარგად, იმიტომ, რომ მთავარია მისთვის, ინგლისურიც ძალიან კარგად – იმიტომ, რომ საერთაშორისო ენაა, რუსული რეგიონული ენაა და უნდა იცოდეს იმიტომ, რომ გარშემო დასჭირდება, და ფრანგული, იმიტომ, რომ ენა გამოუყოს ინგლისელს და ამერიკელს (იცინის). მაგრამ სწავლა მარტო ეს არაა, რა არის ევროპული ცნობიერება?! ის შედგება ქრისტიანული და კლასიკური ცოდნისგან, ამიტომ ეს უნდა იცოდეს ძალიან კარგად, ბერძნული მითები რამდენჯერმე გაიარა, "ოდისეა" და "ილიადა" იცის ძალიან კარგად, ბიბლია სამჯერ აქვს გავლილი, ეს ყველაფერი აძლევს გასაღებს ევოპული ცოდნისკენ. მერედამერე თვითონ რას გააკეთებს, ეს სხვა საქმეა. ბევრი ისეთი საგანია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს, ახლა გადის ისტორიას მთლიანად.
- რომელ კლასშია ნანა?
- მეექვსეში.
- მისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი ცოდნა აქვს...
- კი, მის ასაკში მე ამის ნახევარი არ ვიცოდი.
- ბაბუას და შვილიშვილს თუ გაქვთ თქვენი "საიდუმლოებები"?
- ამ ბოლო ხანებში რაღაც-რაღაცები მომიყვა. მეთორმეტე წელიწადშია უკვე, შესაბამისად, გარემოსთან, სამყაროსთან ურთიერთობებში ცვლილებები აქვს უკვე და რაღაც-რაღაცებს მიყვება, ალბათ დედასაც უამბობს ხოლმე, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მე მიზიარებს საკუთარ აზრებს.
ციცი ომანიძე