ეს იქნება ყველასთვის, ვისაც უნდა ფეხბურთზე სიარული და არ აქვს საშუალება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი ბავშვი ვერ დადის ამა თუ იმ წრეზე, სპორტზე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. სწორედ ასეთი ოჯახებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. კეთილი ადამიანები აყალიბებენ საფეხბურთო კლუბს მიუსაფარი ბავშვებისთვის. ჩვენ დავუკაშვირდით ზურა კუტალაძეს, რომელიც ახდენს ამ ყველაფრის ორგანიზებას და დეტალები გამოვკითხეთ. ზურა პარალელურად ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, აქვს საფეხბურთო განათლება და ლიცენზია.
- ეს გახლავთ ჩემი ძმის იდეა, რომელიც ახლა უკვე ყოფილი ფეხბურთელია, თამაშობდა საქართველოში, საბერძნეთში. რამდენიმე წლის წინ გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ახლა და ახლა უფრო აქტიურად მოვკიდეთ ხელი და ვაპირებთ, სისრულეში მოვიყვანოთ. ორშაბათიდან უკვე კლუბი ოფიციალურად იქნება დარეგისტრირებული. გვქონდა ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრა, დაგვაკვალიანეს, დახმარებასაც დაგვპირდნენ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ვაპირებთ, კონტაქტი სახელმწიფო სამსახურებთანაც დავამყაროთ.
- ეს კლუბი ვისთვის იქნება განკუთვნილი – მიუსაფარი ბავშვებისთვის, გაჭირვებული ოჯახის შვილებისთვის...
- ყველასთვის, ვისაც უნდა ფეხბურთზე სიარული და არ აქვს საშუალება. ჩვენ მივალთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში და შევარჩევთ ბავშვებს, ზოგან 200-ნი არიან, ყველას ვერ წამოვიყვანთ, მაგრამ შერჩევის პრინციპით გავაკეთებთ არჩევანს. თავდაპირველად გვინდა, სამი გუნდი მაინც ჩამოვაყალიბოთ სიძლიერის მიხედვით. შერჩეული ბავშვებიდან არც ერთმა რომც არ ითამაშოს დიდი ფეხბურთი, მაინც ღირს ამ საქმის გაკეთება, იმიტომ, რომ ბავშვები დაკავდებიან და ურთიერთობებს ისწავლიან. თუ იმ კონკრეტულ ბავშვთა სახლს ექნება სტადიონი, იქვე შევარჩევთ, თუ არა და ჩვენთან წამოვიყვანთ და იქ მოხდება ეს პროცესი.
- რა ერქმევა თქვენს კლუბს და რომელ სტადიონზე ჩატარდება ვარჯიში?
- ჩვენს კლუბს ჩემი ძმის გადაწყვეტილებით ერქმევა "ერა", ბავშვებისთვის განკუთვნილი სტადიონი ალბათ იქნება ჯიქიაზე. ვაპირებთ 7-იდან 10 წლამდე ბავშვების აყვანას, რომელთაც დიდი ზომის სტადიონი არ სჭირდებათ, მომავალში კი გვინდა, გავაკეთოთ დიდი სტადიონი, რაც 11-12 წლისებს დასჭირდებათ.
ბავშვებისთვის საჭირო ეკიპირებაზეც ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ხარჯებით.
- ბავშვების შერჩევა მოხდება თბილისში არსებული ბავშვთა სახლებიდან თუ გახვალთ რეგიონებშიც?
- ჯერჯერობით თბილისით შემოვიფაგრლებით, იმიტომ, რომ რეგიონიდან ბავშვი რომ ჩამოვიყვანოთ, უნდა დავაბინავოთ კიდეც, იქიდან ყოველდღე ვერ ივლის, შესაბამისად ბევრი დეტალი ხდება მოსაგვარებელი, ამიტომ ჯერჯერობით ამას ვერ შევძლებთ, თბილისზე გავაკეთებთ აქცენტს. შემდეგ და შემდეგ თუ დაგვეხმარებიან და გვექნება შესაძლებლობა, რეგიონებსაც ჩავრთავთ. მერე გამოქვეყნდება ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერი და მსურვლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაგვეხმარონ.
- საინტერესოა, რითი აპირებს თქვენი კლუბი თავის რჩენას, ბევრი დეტალია მოსაგვარებელი და თანხაც საჭიროა...
- პირველ ეტაპზე ჩვენი ხარჯებით ვაგვარებთ ყველაფერს, შემდეგ თუ დაგვეხმარებიან, კარგი იქნება.
- სახელმწიფოს ან ფედერაციას არ შემოაქვს მცირე წვლილი?
- ფედერაცია შეგვპირდა დაგხმარებას, მაგრამ კონკრეტული არაფერი უთქვამს, მერიაში და სხვა სტრუქტურებშიც ვაპირებთ მისვლას და ვნახოთ, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.
- ვინ იქნება ჩართული უშუალოდ სწავლის პროცესში?
- მეც და ჩემი ძმაც ვიქნებით სწავლის პროცესში ჩართული, ასევე გვეყოლება მეორე მწვრთნელი, ექიმი, მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპირებას, სავარჯიშო მოწყობილობას, ბუცებს, ტრასპორტირებას და ა.შ. ყველას აქვს თავისი საქმე, ზოგს სურვილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დრო ვერ გამონახოს. ჩვენთან ერთად ვინც დადგება, უნდა იყოს ფეხბურთის ფანი. ვაგროვებთ ისეთ ხალხს, ვინც საკუთარ საქმესაც მიხდავს და აქაც იმუშავებს. ვაპირებთ გამოვაცხადოთ ვაკანსია მოხალისეზე, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში.
ციცი ომანიძე