ბავშვებისგან იმხელა სითბოს ვიღებდი, წლების შემდეგ ღალატივით გამოდიოდა მათი დატოვება... ზვიად ხაფავა გახლავთ ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში საკუთარ თავზე აიღო მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლა და დღემდე ამ საქმის ერთგულია. იყო პერიოდი, როცა ოჯახისგან შორს უწევდა ყოფნა, მაგრამ ბედიანის ბავშვთა სახლი, ცოლ-შვილთან სიშორის მიუხედავად, არ მიუტოვებია. ალბათ ძალიან დიდსულოვანი უნდა იყო ადამიანი, რომ 18 წლის ასაკში სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა შენი ცხოვრება.
გარდა იმისა, რომ ზვიადი სხვისი შვილების მამაა, ამასთანავე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბედიანის სკოლაში და სოფლის რწმუნებულიც გახლავთ.
- 18 წლის ბიჭს რატომ გაგიჩნდათ სურვილი, გაგეზარდათ ბავშვები, ეს ხომ ის ასაკია, როცა ძალიან მოგწონს თავისუფლება და გინდა ცხოვრებით ტკბობა?
- ყველაფერი 18-ის კი არა, 17 წლის ასაკში დაიწყო. ჩემი მეგობარი ძეგვის ბავშვთა სახლში დირექტორის მოადგილე იყო, პირველად ძალიან ჩვეულებრივად გავყევი მას ძეგვში, გავიცანი ბავშვები, დავმეგობრდით, მერე ბავშვებმა მთხოვეს ჩასვლა და რაღაცების ჩატანა. შევუგროვე და ჩავუტანე, შემდეგ კი ურთიერთობიდან გამომდინარე, მეც უფრო ხშირად დავიწყე მიმოსვლა. ეს გახლდათ 1995 წელი, პერიოდი, როცა ყველგან იყო ძარცვა, ყაჩაღობა, ბავშვთა სახლში კი ძალიან დიდი სითბო იგრძნობოდა უფროსებისგანაც და აღსაზრდელებისგანაც. ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, გარემომ დიდი ზემოქმედება მოახიდნა ჩემზე და მათი ხშირი სტუმარი გავხდი. ზუსტად იმ წელს ჩავაბარე უნვერსიტეტში, გავხდი სტუდენტი, თუმცა, იმავდროულად დავდიოდი ძეგვში, ხან ჩემი კლასელები მომყვებოდნენ, ხან - კურსელები, ჩემი ძმაც ჩადიოდა მეგობრებთან ერთად და დაგვყავდა ბავშვები ლაშქრობებზე, ექსკურსიაზე, თან რაც მთავარია, ამ ყველაფრის კეთება მოგვწონდა. მერედამერე კი ბუნებრივად მოხდა ჩემი ცხოვრების ასე წარმართვა, არ დავმჯდარვარ საფიქრალად და გადაწყვეტილება ისე არ მიმიღია. ბავშვებისგან იმხელა სითბოს ვიღებდი, თვეებისა და წლების შემდეგ ღალატივით გამოდიოდა მათი დატოვება, ძალიან შინაურები გავხდით ერთმანეთისთვის.
დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ გადავაწყვიტეთ, ძეგვიდან გადმოვსულიყავით ბედიანში, ოღონდ ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. რამდენიმე მეგობარი ვიყავით ერთად, ერთ-ერთის, კახას იდეა იყო აქ გადმოსვლა და პატრიარქის კურთხევით, იდეა სისრულეში მოვიყვანეთ. გავიდა წლები, ადამიანებიდან, ვინც ზრუნავდა ამ ბავშვებზე, ზოგმა ოჯახი შექმნა, ზოგს თავისი საქმეები გამოუჩნდა და წასვლა მოუხდა... ჩვენ ბავშვებთან ყოფნაში, მათზე ზრუნვაში ხელფასი არასდროს გვქონია, უბრალო მოხალისეები ვიყავით, თუმცა მთლად სახალისო არ იყო ეს ყველაფერი, რადგან გვყავდა ბევრი ბავშვი და შესაბამისად, ბევრი საქმეც, 24-საათიანი შრომა... მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სანერვიულოსი, ეს საქმე ჩემთვის დიდი სითბოს მომცემი იყო და არის.
- ახლა რამდენი აღსაზრდელი გყავთ?
- 12 ბავშვი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უკვე ოჯახებთან ერთად ცხოვრობს აქ - ბედიანში. გაჭირვებული ბავშვები მშობლების ჩამოყვანას ითხოვდნენ, ამიტომ გადმოვიყვანეთ ისეთი კონტიგენტი, რომელსაც ჰქონდა ამის სურვილი და შეეძლოთ ერთმანეთზე ზრუნვა. შევიძინეთ პატარა ფინური კოტეჯები, ბოსტანი, საქონელი, ქათამი, ძროხა, ღორი, რათა გასჩენოდათ საკუთარი თავის რჩენის საშუალება. თავიდან ცოტა უჭირდათ, მაგრამ თანდათან ფეხზე დადგნენ, მშობლებმა მუშაობაც კი დაიწყეს, აქვთ საკუთარი შემოსავალი და დამოუკიდებლები არიან. თუმცა, ამ ოჯახების წევრი ბავშვები ჩართულნი არიან ყველა იმ პროექტსა და ღონისძიებაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ.
-12 ბავშვიდან საკუთარ ოჯახთან ერთად რამდენი ცხოვრობს?
- 3 ცხოვრობს ოჯახთან, დანარჩენები - ჩვენს ბავშვთა სახლში. ის ოჯახები უკვე გარკვეულწილად ართმევენ თავს საკუთარი თავის რჩენას, საჭიროების შემთხვევაში ჩვენც ვეხმარებით.
- 1995 წლიდან დღემდე ბევრი ბავშვი აღზარდეთ, მათთან განშორება არ გიჭირთ?
- დაახლოებით 100 ბავშვი გვყავს ამ პერიოდში გაზრდილი, ზოგთან დღემდე ვინარჩუნებთ ურთიერთობას, თუნდაც იმიტომ, რომ თბილი მოგონებები აკავშირებთ ბედიანთან. ცდილობენ, ჩვენ შორის კავშირი არ გაწყდეს, დღესასწაულებზე ჩამოდიან, გვაქვს სატელეფონო კონტაქტი, ზოგიერთმა მათგანმა ოჯახი შემქნა, ბავშვები ჰყავთ, მაგრამ მაინც არ გვკარგავენ, თავიანთი სურვილით, მათი შვილების ნათლიები ვხდებით. თუმცა, ვიღაცისთვის ბავშვთა სახლში ცხოვრება კომპლექსია და საერთოდ არ უნდა, სადმე გაჟერდეს, რომ აქ გაიზარდა. სახალისო და სახარბიელო შეიძლება ეს არ არის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამას არ მალავენ.
- თქვენს ბავშვთა სახლში ბავშვები როგორ ხვდებიან?
- რაიმე კონკრეტული კრიტერიუმი არაა ამისთვის საჭირო. ყოფილა შემთხვევა, ვიღაც ჩამოსულა ჩვენთან, აღარ გასჩენია აქ ცხოვრების სურვილი და წასულა. მახსოვს ისეთი ფაქტიც, თვითონ ბავშვი მოსულა და მიგვიღია, ან ნათესავებს, მშობლებს მოუყვანიათ და დარჩენილა ჩვენთან. ერთადერთი, ვისაც ვერ ვიღებთ, ეს შშმპ ბავშვები არიან, რადგან მათ ცოტა სხვანაირი მზრუნველობა და მიდგომა სჭირდებათ, ჩვენც უნდა გვქონდეს შესაბამისი ცოდნა მათთან ურთიერთობისთვის. ასევე ხდება ისეც, რომ მონასტერში მიდიან ადამიანები დახმარებისთვის, ან თუნდაც ბავშვის დასატოვებლად და იქიდან საპატრიარქოს მეშვეობით მერე ჩვენთან გადმოჰყავთ. ახლა და ახლა ცოტა უფრო გააქტიურდა სამოქალაქო სექტორი, ხანდახან გვირეკავენ სოციალური სააგენტოდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
- როგორც ვიცი, თქვენ ძირითადად შემოწირულობებით არსებობთ, რამდენად გყოფნით ეს თანხა ბავშვებისათვის, მათ ხომ ბევრი რამ სჭირდებათ?
- მხოლოდ შემოწირულობებით არა, გარკვეულ დახმარებას ვიღებთ სახელწიფოსგან, საპატრიარქოს ერიცხება გარკვეული თანხა ქველმოქმედებისთვის, ის კი ჩვენს მონასტერს აძლევს თანხას პროდუქტებისთვის, ჰიგიენის საშუალებისთვის. ხშირად არაა საშუალება, ვიყიდოთ ბავშვებისთვის საყვარელი სასუსნავი, მაგრამ შიმშილისა და ჰიგიენის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, ამას სახელმწიფოს ფულით ვაგვარებთ, რომელიც საპატრიარქოს მეშვეობით მოდის ჩვენამდე. რაც შეეხება შემოწირულობების სიხშირესა და სიმრავლეს, ეს ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა საკუთარი ინიციატივით რეკავენ და დახმარების სურვილს გამოთქვამენ. თან, თბილისიდან საკმაოდ შორს ვართ და აქ ჩამოსვლა მარტივი არაა, მანძილიც ქმნის გარკვეულ პრობლემას. თბილისთან ახლოს მდებარე ბავშთა სახლებში გაცილებით მეტია ასეთი შემოწირულობები, ამ სიშორეზე ჩამოსვლის საშუალება შეიძლება არ ჰქონდეთ და ახლოსვე მიდიან. გარდა ამისა, მე თვითონ მივმართავ ხოლმე დახმარებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციას, კომპანიებს, მათი გამოყოფილი თანხით კი ვცდილობთ, ბავშვებისთვის სახალისო გავხადოთ ცხოვრება ბედიანში, მოვაწყოთ ლაშქრობები, ექსკურსიები, დავათვალიეროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე.
ასევე ვიყენებ პირად კონტაქტებს, მაგალითად ჩემი მეგობრების დახმარებით ბავშვები პარაპლანით ვაფრინე, ჯომარდობაზეც თითქმის ყოველ წელს დავდივართ, იმიტომ, რომ ჩემს მეგობარს ჰყავს ნავები და ჯომარდობის კლუბი აქვს. გარკვეულ საკითხებში გამგეობა გვეხმარება, მაგალითად, ტრანსპორტით დაგვეხმარა. სამწუხაროდ, წალკა ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი რაიონია მთელ საქართველოში და ბევრს ვერ გვეხმარებიან, მიუხედავად კარგი ურთიერთობისა.
- რაც შეეხება ბავშვების განათლებას...
- ბავშვები სახელმწიფო სკოლაში დადიან. ძეგვში ბავშვთა სახლს თავისი სკოლა ჰქონდა, სადაც ყველა საგანს სწავლობდნენ, თბილისიდან ჩამოდიოდნენ ძალიან მცოდნე და განათლებული ადამიანები და ისინი ასწავლიდნენ, მაგრამ ძეგვში ერთ სივრცეში ხდებოდა ყველაფერი, ბედიანში კი ბავშვებს უწევთ გარეთ გასვლა, სკოლაში მისვლამდე მთელი სოფელი უნდა გაიარონ. მეგობრობენ გვერდით სოფლელ ბავშვებთან, დადიან დაბადების დღეებზე, ისინიც მოდიან ჩვენთან. ჩვენმა სკოლამ "რა? სად? როდის?" რაიონულ შეჯიბრში გაიმარჯვა და მალე თბილისში მიდიან სათამაშოდ, შეიძლება ვერ გაიმარჯვონ, მაგრამ ეს ურთიერთობები ბევრს ნიშნავს. ჩვენთვის კარგია ის, რომ ბავშვები ინკუბატორულ სისტემაში არ იზრდებიან, აქვთ შეხება გარე სამყაროსთან. ადრე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა არ იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა მთლიანი პური. რასაკვირვლია, ჭამდნენ პურს, მაგრამ მათთან დაჭრილი სახით მიდიოდა, საჭმელს გემრიელს კი ჭამდნენ, მაგრამ როგორ მზადდებოდა, არ იცოდნენ, ჩვენთან კი ბავშვები ყველაფერში იღებენ მონაწილეობას. უკვე გაზრდილებს, აქედან რომ მიდიან, ყველა ის უნარ-ჩვევა აქვთ, რომელიც ოჯახში გაზრდილ ბავშვს. სხვათა შორის, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმაშიც, რომ ბავშვმა მიიღოს უმაღლესი განთლება. სტუდენტობის პერიოდში სწავლის გადასახადს ვუხდით, ვცდილობთ, ამის გამო არ დაიჩაგროს, ვზრუნავთ საცხოვრებელზეც, სადაც უნდა გაჩერდეს, მაგრამ გარდა ამისა, ყოველდღიური სახარჯო ფული სჭირდებათ, ელემენტარულად ხაჭაპური რომ შეჭამოს, მთელი დღე მშიერი ხომ ვერ იქნება? ადრე ბავშვთა სახლის აღსაზრდელი კონკრეტულ ასაკს რომ მიაღწევდა, შემდეგ უნდა დაეტოვებინა იქაურობა, ჩვენთან ასე არაა, 9 წლიდან რომ შენთან გაიზრდება ბავშვი, 18 წელი რომ შეუსრულდება, ასე ერთი ხელის მოსმით ხომ ვერ გაუშვებ? შეუძლებელია. თუ თვითონ არ მოინდომა წასვლა, ასეთი რაღაც არ ხდება ჩვენთან. ეს კი არა, აქედან წასულები ყველანაირად ცდილობენ, გამოგვადგნენ საკუთარი განათლებით, ჯერ ისე ვერ დგანან ფეხზე, რომ ფინანსურად დაგვეხმარონ, მაგრამ საკუთარ ცოდნას უზიარებენ ამჟამინდელ აღსაზრდელებს. თან მთელი ცხოვრება რომ ხედავენ, მასზე სხვები ზურნავდნენ, მერე თვითონაც უჩნდებათ სურვილი სხვას დაეხმარონ.
- რამდენად მკაცრი ხართ შვილებთან, აღსაზრდელებთან?
- მკაცრი და მომთხოვნი ვარ ყველასთან, დიდთანაც, პატარასთანაც. მსუბუქი ურთიერთობები ვერ მაქვს, რადგან იციან, რომ ბოლომდე მოვთხოვ ყველას.
- როგორც ვიცი, თქვენ სკოლაში ასწავლიდით ისტორიას, დღემდე აგრძელებთ პედაგოგიურ მოღვაწეობას?
- კი, სკოლაში ვასწავლი დღესაც.
- თქვენი ოჯახის შესახებ მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი, თქვენი ცოლი 4 შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს..
- ჩვენი პირველი ბავშვი ბედიანში გაიზარდა, მეორე რომ გაჩნდა, კონკრეტული პრობლემების გამო ჩემს მეუღლეს თბილისში გაჩერებამ მოუწია, გარკვეუკლი დრო იქ ცხოვრობდა ჩემი ოჯახი ჩემ გარეშე. მაგრამ ახლა ჩემთან ერთად არიან, ბავშვი აქ, ბედიანში შვიყვანეთ სკოლაში და ძირითადად აქეთ ვართ. ჩემი უფროსი შვილი თბილისში დადის სკოლაში, დედაჩემთანაა, მაგრამ ვფიქრობთ, მომავალი წლიდან აქეთ გადმოვიყვანოთ, იმიტომ, რომ ძალიან დიდია ის დანაკლისი, რაც მშობლის გარეშე აღზრდას ახლავს თან. თბილისის სკოლასთან შედარებით, შეიძლება აქ ნაკლები ცოდნა მიიღოს, მაგრამ ადამიანურობაში და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაერთვება.
ციცი ომანიძე