სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ყველაფერი წივილ-კივილით მთავრდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას მშობლები უშედეგოდ აფასებენ. აქციის მონაწილეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მინისტრ თამარ სანიკიძესა და სასკოლო მზაობის პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა მშობლებმა ეტაპობრივად დატოვეს. მათ განაცხადეს, რომ შეხვედრა უშედეგო იყო და "სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ყველაფერი წივილ-კივილით მთავრდება".
მშობლების განცხადებით, მინისტრს მათ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და არგუმენტები არ გააჩნდა. მათივე თქმით, კომუნიკაცია შედგა, თუმცა თამარ სანიკიძე შეხვედრიდან გავიდა და მშობლები ფსიქოლოგებთან დატოვა. მათი განცხადებით, მშობლებისა და ფსიქოლოგების საუბარი ხმაურის ფონზე წარიმართა.
მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფსიქოლოგმა ანა ცინაძემ. მან საკითხის პრობლემატურობაზე გაამახვილა ყურადღება.
"სკოლაში შესულ 5 წლის ბავშვებს აქვთ ფსიქოსომატური სახის გამოვლინებები, არ უნდათ კლასში შესვლა. ბებიები და დედები სხედან დერეფანში. თუ ბავშვი დედას ვერ ხედავს, ის იწყებს შფოთვას", - განაცხადა ანა ცინაძემ.
მშობლებმა სამინისტროს შენობა უკვე დატოვეს. ისინი სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.