თავადაც აღარ მჯეროდა, თუ ამ თაობის თინეიჯერებს წიგნის ჩუქება ასე გაახარებდათ ვინ აღარ ჩივის, რომ ახალი თაობა წიგნებს არ კითხულობს, რომ კომპიუტერმა ბავშვები მოწყვიტა წიგნებს, ლიტერატურას და რომ ამის გამო ბევრ მოზარდს აზრის სწორად და გასაგებად გადმოცემა უჭირს, აქვთ ღარიბი ლექსიკა, უჭირთ წაკითხულის გააზრება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე და ამაში პირადად დავრწმუნდი.
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ცოტა ხნის წინ საიტმა მსჰობლები.გე-მ პატარა ექსპერიმენტი-კონკურსი ჩაატარა იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ ჩვენი მოზარდები, ე.წ. თინეიჯერები, რა აწუხებთ, რა უხარიათ, როგორ ხედავენ თავიანთ თავს. ერთ-ერთი კერძო სკოლის, "ოპიზის" უშუალო დახმარებით (ამ გამოცდილების გათვალისწინებით, სექტემბრიდან საიტის ადმინისტრაცია სხვა სკოლებთანაც აპირებს აქტიურ თანამშრომლობას), ამ სკოლის უფროსკლასელებმა დაწერეს თავისუფალი თემა "ჩემი თაობა" (მათ ნაწერებს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ). მეორე ეტაპზე რამდენიმე მოზარდმა ინტერვიუებიც მოამზადა მათთვის და სხვებისთვის საინტერესო ადამიანებთან, გამოხატეს საკუთარი აზრები სხვადასხვა საკითხზე და საბოლოოდ ხუთი მათგანი (თაკო ლათიბაშვილი, ნანო კვარაცხელია, ანა დაუთაშვილი, ანა გულაშვილი და თაკო სვიმონიშვილი), როგორც ამ პატარა კონკურსის გამარჯვებული, დაჯილდოვდა საიტის ადმინისტრაციისა და გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ.
თუმცა დაჯილდოებას კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი იმ შთაბეჭდილებებს გიამბობთ, რაც თქვენმა მონამორჩილმა მიიღო ამ ყველაფრიდან.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა კარგი თაობა მოდის - მშვენივრად აზროვნებენ, ბევრ ზრადსრულზე უკეთ აქვთ გააზრებული მნიშვნელოვანი საკითხები და ხშირად მათაც არ მოსწონთ ის ცუდი, რასაც უფროსი თაობა კიცხავს. მათ ასევე ძალიან უყვართ კითხვა და თუ მშობლებსა და მასწავლებლებს დავუჯერებთ, ამ ყველაფრის თავი და თავი პალიტრა L-ის პროექტი "ლიბერთინსია" (Liberteens). ეს სპეციალურად თინეიჯერებისთვის შექმნილი წიგნების სერიაა, რომელმაც ბევრჯერ დააყენა რიგები წიგნების მაღაზიებთან. რაც მთავარია, რეალურად "მიიყვანა" ეს თაობა წიგნთან და კითხვის ინტერესიც გაუჩინა. სერიის შემქნელები ყოველ მომდევნო წიგნს 13-19 წლის მოზარდების აზრებისა და გემოვნების გათვალისწინებით ირჩევენ. სწორედ ამ სერიის წიგნებით დავაჯილდოვეთ მოზარდები და დავრწმუნდით, რამდენად პოპულარულია ეს გამოცემები მათში.
სახეები გაუბწყინდათ, როცა გაიგეს, რას ჩუქნიდა გამომცემლობა. "მეს ეს წაკითხული მაქვს, აი ის, ახალი წიგნი მომეცით", "აუ, მე გიკი მინდა, გთხოვთ", "მე "წყლის საიდუმლო" მინდა, რა მაგარია!"… - ეს გახარებული ბავშვების შეძახილებია და ნამდვილად არ ვაჭარბებ. თავადაც არ მჯეროდა, თუ ამ თაობის თინეიჯერებს წიგნის ჩუქება ასე გაახარებდათ. მათი მშობლები და მასწავლებლებიც ასე ფიქრობენ:
"რას აღარ ვყიდულობდი ჩემი შვილისთვის, რას არ ვთავაზობდი, წიგნები ვერ შევაყვარე, - გვიყვება ერთი მშობელი, მარიკა უგრეხელიძე, რომელსაც 13 წლის ვაჟი ჰყავს, - ამ სერიის წიგნები კი პირველია, რაც თავისი სურვილით წაიკითხა, იყიდა და მოუთმენლად ელოდება შემდეგს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ისეთი მადლიერი ვარ".
"მე არ მეგონა, რომ კიდევ ვნახავდი შესვენებებზე წიგნებზე მოლაპარაკე ბავშვებს, - ამბობს მასწავლებელი ნინო რამაზაშვილი, - ვერ აგიწერთ, ისე მიხარია, შესვენებებზე რომ შეიკრიბებიან, ამოაძრობენ ჩანთებიდან ამ წიგნებს და მსჯელობენ. ამით რომ დაიწყებენ, რაც მთავარია, წიგნს, წიგნის კითხვას შეიყვარებენ და მერე სხვა ლიტერატურაზეც გადავლენ".
ამ მოზარდებს მეტ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამარჯვებას ვუსურვებთ, მათთან ერთად ყველა მოზარდს კი, მშვიდობიან, ბედნიერ და განათლებულ საქართველოში ცხოვრებას.
ლელა ზურებიანი