ჩემმა მეგობარმა შეაწუხა თავისი შვილი, შენს თანატოლებს "დათა თუთაშხია" წაკითხული აქვთ და შენც უნდა წაიკითხოო ნინო შეყილაძე საკმაოდ ცნობილი მთარგმნელია. მან თარგმნა ისეთი ბესტსელერი, როგორიცაა "განსხვავებული", "ლაბირინთში მორბენალი". გადავწყვიტე, ნინოსგან ამეღო ბლიცინტერვიუ.
- რამ განაპირობა ის, რომ ეს პროფესია აირჩიეთ?
- ეს გრძელი ამბავია, საერთოდ თავიდან, ექიმობას ვაპირებდი, სამედიცინო ინსტიტუტი მესამე კურსზე მივატოვე, ეს პერიოდი მძიმეა ჩემს ცხოვრებაში. ექიმი რომ გამოვსულიყავი, ძალიან უნდოდა დედაჩემს. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, პროფესია შევიძულე და ავირჩიე ის, რაც უფრო გამომადგებოდა. მთარგმნელობისკენ ქვეცნობიერად რაღაც მიბიძგებდა, დღემდე არ ვიცი, რა.
- როგორ ახერხებთ თარგმანისას შეინარჩუნოთ ნაწარმოების სილამაზე?
- ვცდილობ, თარგმანი რაც შეიძლება ორიგინალის ადეკვატური იყოს. ეს მთარგმნელის პირველი ამოცანაა.
- უფროსებისგან გამიგონია, რომ თარგმანში იკარგება ნაწარმოების ხიბლი და მხატვრული ღირებულება. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
- ეს გარდაუვალია, რადგან ერთი ენიდან მეორე ენაზე რაღაცების გადატანა იდეალურად შეუძლებელია, თუმცა მთარგმნელმა რაც შეიძლება უნდა შეამსუბუქოს.
- როგორ აფასებთ დღევანდელი თაობის გატაცებას ისეთი ბესტსელერებით, როგორიცაა "შიმშილის თამაშები", "განსხვავებული"?
- ძალიან პოზიტიურად. ეს ლიტერატურა სწორედ მათთვის იწერება და თუ ქართველი მოზარდები თავიანთ უცხოელ თანატოლებს არ ჩამორჩებიან, ძალიან კარგი!
- ასევე უფროსებისგან გამიგონია, რომ ახალ თაობას არ უყვარს კითხვა, ეთანხმებით თუ არა მათ?
- არა, ახალ თაობას უფრო უყვარს კითხვა, ვიდრე ძველ თაობას. ეს უბრალოდ, პირზე აქვთ დაკერებული. ამის დასტურია პროექტ "ლიბერთინსის" აქციები, სადაც ასობით მოზარდი სამი საათით ადრე დგება რიგში და წიგნის სიიაფე აქ არაფერ შუაშია.
- როგორ ლიტერატურას ანიჭებთ უპირატესობას, კლასიკურს თუ თანამედროვეს?
- მე ყველაფერს ვკითხულობ და ყველას გემოვნებას ვცემ პატივს, უნდა იკითხო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს.
- დაასრულეთ ფრაზა: იყო კარგი მკითხველი ნიშნავს...
- წაკითხულიდან რამე ისწავლო.
- თქვენი აზრით, ყოველი წიგნი არის...
- განძი.
- უნდა აკონტროლებდეს თუ არა მშობელი იმას, თუ რას კითხულობს მოზარდი?
- რაღაც ასაკამდე კი. აკონტროლებდეს რა, რჩევებს აძლევდეს.
- დაასახელეთ ნაწარმოები, რომელსაც ხელახლა დიდი სიამოვნებით თარგმნიდით.
- სამწუხაროდ, ესპანური ჯერ არ ვიცი იმ დონეზე, რომ "დონ კიხოტი" თავიდან ვთარგმნო.
- ახლა მინდა რამდენიმე შეკითხვა პირად ცხოვრებაზეც დაგისვათ. სად გაატარეთ ბავშვობა?
- თბილისში, საბურთალოზე. ზაფხულობით სოფელში, ჭიათურაში მიშვებდნენ და სწორედ იქაურმა ბიბლიოთეკამ შემაყვარა კითხვა.
- წარსულში დაბრუნების შანსი რომ გქონდეთ, რამეს შეცვლიდით?
- სამედიცინო ინსტიტუტში არ ჩავაბარებდი, და კიდევ ბევრ რამეს.
- რას ურჩევდით მშობლებს, რომ მათმა შვილებმა კითხვა შეიყვარონ?
- მისცენ სასარგებლო რჩევები, ოღონდ მეგობრულად და არა მბრძანებლურად. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა შეაწუხა თავისი შვილი, შენს თანატოლებს "დათა თუთაშხია" წაკითხული აქვთ და შენც უნდა წაიკითხოო. ბავშვს ლამის კითხვა შესძულდა, სანამ არ ჩავერიე და დედა არ დავტუქსე. არადა, მისი შვილი შესანიშნავად კითხულობს, მოვა დრო და "დათა თუთაშხიასაც" წაიკითხავს. ასე რომ, მიეცით ბავშვების საშუალება ისიამოვნონ, ფოიერბახს მერეც მოასწრებენ.
ნანო კვარაცხელია