წელს პირველკლასელები ნახმარ წიგნებს მიიღებენ - კარგი ნიადაგი "შავი ბაზრისთვის" ჟურნალისტური გამოძიება
წელს პირველკლასელები ნახმარ წიგნებს მიიღებენ - კარგი ნიადაგი "შავი ბაზრისთვის"
სექტემბერში საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ნახმარი სახელმძღვანელოები, მცირე რაოდენობით, მოსწავლეების ნაწილს გასული სასწავლო წლის დასაწყისშიც დაურიგდათ. მათი ნაწილი სწავლისთვის იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მშობლები იძულებული იყვნენ, შვილებისთვის ან ახალი წიგნები შეეძინათ, ან სხვისგან "დაექსეროქსებინათ" სახელმძღვანელოს ნაკლული გვერდები. მოკლედ, ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებულმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტმა ორ წელიწადში სახე იცვალა და სექტემბერში სკოლაში მისულ მოსწავლეებს მერხებზე მართალია უფასო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შელახული წიგნები დახვდებათ.
უფასო წიგნის ფასი
არავინ დაობს იმაზე, რომ მოსწავლეების მშობლების უმეტესობისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტის შეძენა საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო. ამიტომაც ყველა დადებითად შეხვდა მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემას ისახავდა მიზნად. მართალია, ამან მოსწავლეთა მშობლები გაახარა, თუმცა გამომცემლები გაანაწყენა - განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ის მუხლი აამოქმედა, რომელიც გამომცემლობებთან დადებულ ხელშეკრულებაში დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას ჩაიდო.
ეს წესი იმპერატიულად აძლევს სახელმწიფო დაწესებულებას უფლებას, თავად გამოსცეს კერძო გამომცემლობების მომზადებული სახელმძღვანელო. ამის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ პირველ ჯერზე ეს გამომცემლების, მეორედ კი მოსწავლეთა ხარჯზე მოხდებოდა.
2013-2014 სასწავლო წლისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში 5 819 778 სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის 3 863 090 წიგნი დაბეჭდა განათლების სამინისტრომ და ბიუჯეტიდან ამისთვის 12 251 685 ლარი გამოიყო. წელს კი სამინისტრო ქართულენოვანი წიგნებისა და სამუშაო რვეულების დასაბეჭდად დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს ხარჯავს და მხოლოდ 45 ათასი(!) ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას გეგმავს.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ საწყობებში არსებობს ნახმარი, მაგრამ ვარგისი მარაგი, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
"კვირის პალიტრა" რამდენიმე მოსწავლის მშობელს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს მათ შვილებს სკოლაში ახლებთან ერთად რამდენიმე ისეთი დაზიანებული წიგნი გადასცეს, რომლითაც სწავლა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ ზოგმა თავად უყიდა შვილს ახალი ან გამოყენებული, მაგრამ ნაკლებად დაზიანებული წიგნი ე.წ. "შავ ბაზარზე". მეტიც, სკოლასა და ერთ-ერთ მშობელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან ჩანს, რომ მესამე კლასის მოსწავლეს ერთი 7 ქულით და ორიც 8 ქულით შეფასებული წიგნი გადასცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი სახელმძღვანელო, რომელიც მას სახელმწიფომ "აჩუქა", მინისტრის, თამარ სანიკიძისვე ბრძანების მიხედვით, უვარგისია გამოყენებისთვის.
მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანებაში განმარტებულია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი სკალით ფასდება და მოსწავლეს გამოსაყენებლად არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო უნდა გადაეცეს. წიგნი გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუ მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა რვა ან რვაზე ნაკლებია.
მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც "კვირის პალიტრას" ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ სკოლებმა მათგან სასწავლო წლის დასასრულს, მათივე გაცემული, თავიდანვე დაზიანებული წიგნები უკან ყოველგვარი შეფასების გარეშე მიითვალეს. როგორც ჩანს, ახლა განათლების სამინისტროსთვის
წიგნების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი. თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის დასაწყისში გამოყენებისთვის უვარგისი სახელმძღვანელოები ახალ მფლობელს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში გადაეცემა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ასეთი წიგნები ბავშვების ჯანმრთელობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქაღალდი, რომელმაც რამდენიმე მფლობელი გამოიარა, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გადამტანი გახდეს.
მინისტრი მშობლებს კანონის წაკითხვას ურჩევს
ახალი სახელმძღვანელოების არდაბეჭდვასთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე გაჩნდა საზოგადოებაში და განათლების მინისტრმაც ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ყველა სასკოლო საფეხურისთვის განკუთვნილი წიგნების ნაკრები დაახვედრა და პრესკონფერენციის დაწყებამდე იკითხა: "ნახეთ სახელმძღვანელოები? გადაათვალიერეთ? მერე რა უჭირს ამ სახელმძღვანელოებს, რომ გვიწუნებენ"?
ჩვენ, რა თქმა უნდა, მას ის მიღება-ჩაბარების აქტი წარვუდგინეთ, საიდანაც ჩანს, რომ მოსწავლეს სკოლამ სამი გამოუსადეგარი წიგნი გადასცა, რაზეც მინისტრის ასეთი პასუხი მივიღეთ: "აი, ეს წიგნები უნდა დაგებრუნებინათ სკოლისთვის".
- სკოლას თუ უფრო ახალი წიგნი არა აქვს, საიდან უნდა მოგცეს მაგიერი?
- როგორ არა აქვთ, მათ თუ არ ჰქონდათ, ჩვენ გვექნებოდა საწყობში. დაერეკა მშობელს ცხელ ხაზზე და დავაკვალიანებდით, როგორ უნდა მოქცეულიყო.
- მშობელი არ უნდა ხარჯავდეს ამდენ დროს შვილისთვის სახელმძღვანელოს მოსაპოვებლად, მაშინ, როცა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ყველა მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოს.
- ვერ გეტყვით... სკოლა რომ გავაკონტროლო, აუცილებლად რაღაც შეტყობინება უნდა შემომივიდეს, რომ ბავშვს მისცეს სახელმძღვანელო, რომელიც ჩემი დადგენილი წესის თანახმად, არ უნდა მიეცათ. ერთ წამში გავუშვებდი მონიტორინგს და იქვე გამოასწორებდა ყველაფერს.
განათლების მინისტრის ლოგიკა დაახლოებით ასეთია - თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელმა, ფაქტობრივად, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვას და სკოლიდან დაწყებული, რესურსცენტრის გავლით განათლების სამინისტროთი დამთავრებული, შვილისთვის ვარგისი სახელმძღვანელოების მოპოვებას უნდა შეეცადოს.
თამარ სანიკიძე: "იმის გამო, რომ ქსელში არსებობს ვარგისი წიგნების სოლიდური მარაგი, წელს შედარებით ნაკლები სახელმძღვანელო და რვეული გვექნება დასაბეჭდი, და არა მხოლოდ დასაბეჭდი, არამედ ნაკლებს შევისყიდით გამომცემლობებისგანაც. მოგეხსენებათ, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოს, რომლითაც სარგებლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ის თავად ბეჭდავს, თუმცა არის ასევე არაგრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც ასევე სავალდებულო ლიტერატურას წარმოადგენს და მათი შეძენა პირდაპირ ხდება გამომცემლებისგან. შესაბამისად, ჯამში, როგორც სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, ისე შესაძენად, ჩვენ 6 მილიონ ლარს დავხარჯავთ. აქედან დაახლოებით 4 მილიონი დაიხარჯება გამომცემლებისგან სახელმძღვანელოების შესაძენად (ამ ციფრების მოყვანისას ხომ არ გვაწვდის მინისტრი არასრულ ინფორმაციას, ამ სტატიის ბოლო ნაწილში გაიგებთ - ე.ტ.), დანარჩენი კი ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის არის განსაზღვრული. ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც დასრულდება სამშაბათს (30 ივნისს) და გვეცოდინება, ვინ იქნება ახალი სახელმძღვანელოების მომწოდებელი. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო წელს ბაზრის კვლევა.
გასული ორი წლის განმავლობაში, როცა ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, შეკვეთის მოცულობიდან გამომდინარე, რეალურად ერთი პრეტენდენტი არსებობდა - "გაერთიანებული ქართული სტამბა" და შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის წესით. წელს ბაზრის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა სხვა მოთამაშეებიც, რაც შეკვეთის მცირე მოცულობამაც განაპირობა. გამოჩნდნენ იმ ზომის სტამბები, ვისაც შეუძლია ამ შეკვეთის შესრულება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ თუნდაც შეზღუდულ ვადებში, მაგრამ ტენდერი გამოგვეცხადებინა.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების მდგომარეობას, უკვე ჩატარდა წიგნების ფიზიკური ინვენტარიზაცია. წელს, რადგან ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, რომ უნდა გამოცხადდეს ახალი გრიფირება, რაც იმას ნიშნავს, რომ I-VI კლასის სახელმძღვანელოები მომავალ წელს გვექნება სრულიად ახალი, ჩავატარეთ ფიზიკური ინვენტარიზაცია. ამის შემდეგ მოხდა სახელმძღვანელოების ერთ სივრცეში კონსოლიდაცია, სადაც მიმდინარეობს მათი გადარჩევა. ეს არის სახელმძღვანელოები, რომელსაც არა აქვს დაზიანებული ყდა, არ არის შიგნით გაკეთებული ჩანაწერები, არ არის შესრულებული ის სამუშაოები, რომელიც ფურცლის ამოჭრასთან ან მარკირებასთან არის დაკავშირებული. სკოლებში არსებობდა ასევე ნაშთები, რომელიც გათვალისწინებული იყო მობილობისთვის. შესაბამისად, მომავალ სასწავლო წელს არც ერთი მოსწავლე სახელმძღვანელოს გარეშე არ დარჩება. გაგრძელება