არც ერთი მშობლისთვის არ იქნება ძნელად გასაგები, რა დღეში ვიყავი ის დღეები, რამდენჯერ ვრეკავდი ბავშვებთან, ღმერთს ვთხოვდი, ყველაფერი მალე დამთავრებულიყო და სახლში მშვიდობიანად დაბრუნებულიყვნენ (ბანაკი თუ…)
3 აგვისტოს გურჯაანიდან დაახლოებით 60 ახალგაზრდა ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორდის ეროვნული პარკის მიმართულებით გაემგზავრა. მათ შორის იყო ჩემი ორივე შვილი.
ვჯიჯგნე და ვჯიჯგნე სტატიის ტექსტი, მაინც ვერაფერი მოვუხერხე. ემოცია ებრძოდა ჩვევას, მიკერძოებული ვიყავი, ვბრაზობდი, ვბობოქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ბლოგი უნდა დამეწერა და არა სტატია.
რამდენიმე კვირის წინ, მეგობარმა მითხრა, ბავშვს ახალგაზრდულ ბანაკში ვაგზავნი, ძალიან ლამაზ ადგილას, ოკაცეს კანიონზე მიდიან და თანაც ბევრ კარგ ღონისძიებასაც გეგმავენო, დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი და იდეა მართლაც მომხიბვლელი მეჩვენა. ჩემი მოტივაცია ის იყო, რომ ნანუკა, რომელიც 14 წლისაა, კომპიუტერისთვის ცოტა ხნით მაინც მომეცილებინა, დარწმუნებული ვარ, მშობლების უმრავლესობა ამას იოლად გაიგებს.
ჯერ ინტერნეტში „დავგუგლე“ , ინფორმაცია მალევე ვიპოვე, ნამდილად ეტყობოდა კარგად ორგანიზებული პიარის ხელი. ნანახმა ისე მომხიბლა, რომ უფროს შვილსაც შევთავაზე ბანაკში წასვლა, უფრო სწორად, კი არ შევთავაზე, დავაძალე.
გიორგი ვაშაძის ორგანიზაციასთან დამაკავშირებელი რგოლიც მალევე მოვნახე; ვთხოვე, თუ შესაძლებელია, იქნებ ბავშვები თვის დასაწყისშივე გააგზავნოთ, რადგან აგვისტოს მეორე ნახევარში სხვა გეგმები გვაქვს-მეთქი. დამთანხმდნენ, ის კი არა, პირველივე ნაკადში ჩასვეს.
ბანაკის პოპულარიზაციისთვის მენეჯერებმა ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენეს: სოციალური ქსელი, ტელევიზია, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები. გადასახადი მიზერულ თანხას 25 ლარს შეადგენდა და შესაბამისად, უამრავი მსურველიც გამოჩნდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, მხოლოდ გურჯაანიდან საზაფხულო ბანაკში 400 ახალგაზრდა უნდა წასულიყო (ამ თემაზე speqtri.ge-მ ნიუსიც მოამზადა).
ლიბერთი ბანკში 50 ლარი გადავიხადეთ და ქვითრები ორგანიზატორს გადავეცით. ბავშვებმა ფეისბუქის ჯგუფში ინსტრუქცია მიიღეს, მკაცრად იყო აკრძალული ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, სიგარეტისა და წამლების წაღებაც კი. ნანუკა ალერგიულია და ორი აბი „ვანსეარი“ მაინც ვუყიდე, ვიფიქრე, ჯგუფის ხელმძღვანელს ვთხოვ, გამონაკლისი დაუშვას-მეთქი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვილებს კარგ, საიმედო ადგილას ვგზავნიდი და ამას თავისი შედეგი ნამდვილად ექნებოდა, ბავშვებს სახარჯოდ მხოლოდ 20 ლარი გავატანე, ესეც ყოველი შემთხვევისთვის.
ბანაკი მართალია საველე პირობებს ითვალისწინებდა, მაგრამ, მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმები. ასევე იგეგმებოდა ტრენინგები, რომელსაც, როგორც გვარწმუნებდნენ, ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების წამყვანი ლექტორები ჩაატარებდnენ. სემინარები შეეხებოდა თემებს- ეკოლოგია, ამერიკული და ევროპული ლიდერშიფი, ეკონომიკა, ლიდერობა, გუნდის მართვა და საჯარო გამოსვლის სტრუქტურა.
ბავშვები 3 აგვისტოს დილის 9 საათზე გურჯაანის იუსტიციის სახლის წინ შეიკრიბნენ, გავაცილეთ და მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვეთ. საღამოს უფროსმა ქალიშვილმა დამირეკა, დედა შენ არ იცი, აქ რა ხდება, ვიღაცის სახლში შეგვიყვანეს, სადაც არც საწოლი გვაქვს, არც სკამი, იატაკზე ქვეშაგები ყრია, იქ ვწევართ და ოთახს, სადaც 13 ბავშვია, კარი საერთოდ არ აქვსო. გულს შემომეყარა, მაგრამ მის ნათქვამში მაინც ეჭვი შემეპარა. ვიფიქრე, დაღლილია და ხვალ ალბათ, ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედავს-მეთქი. მეორე დილას მე თვითონ შევეხმიანე, საჭმელი საშინელი გემოსია, ანტისანიტარიაა, ვერაფერს ვჭამთ და არც იმდენი ფული გვაქვს, რომ მაღაზიაში ვიყიდოთ რამეო. დავურეკე ჯგუფის ხელმძღვანელს, არც მე ვიცოდი ეს ამბავი თუ დაგვხვდებოდაო, – მითხრა.
ალბათ, არც ერთი მშობლისთვის არ იქნება ძნელად გასაგები, რა დღეში ვიყავი ის დღეები, რამდენჯერ ვრეკავდი ბავშვებთან, ღმერთს ვთხოვდი, ყველაფერი მალე დამთავრებულიყო და სახლში მშვიდობიანად დაბრუნებულიყვნენ. გაგრძელება