"გამიჩნდა მთავარი კითხვა: სად იყურება განათლების სამინისტრო?" მოსკოვში გამოცემულ სასკოლო წიგნში, კერძოდ, მეშვიდე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოსა და ატლასში მსოფლიოს რუკაზე სახელმწიფოები ნომრებით არის აღნუსხული. გრძელ სიაში თანამიმდევრობით ინაწილებენ ადგილებს აფხაზეთი (19), სამხრეთ ოსეთი (20) და საქართველო (21). ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულების გამო გასაკვირი არ არის, რომ ჩრდილოელი მეზობელი სკოლის მერხიდან ჩააგონებდეს მომავალ თაობებს, როგორ უნდა დაყონ და იბატონონ, რათა რუსული იმპერიალიზმი მარადიული იყოს. გასაკვირი ის არის, რომ ასეთი სახელმძღვანელოები საქართველოში, თბილისში, ისანში მდებარე კერძო სკოლა "ინტელექტში" მეშვიდეკლასელებს დაურიგდათ.
ინფორმაცია ამ სახელმძღვანელოს შესახებ სოციალური ქსელით გავრცელდა. "ფეისბუკზე" გიორგი შენგელიამ საკუთარ გვერდზე განათავსა მოსკოვში დაბეჭდილი ოკუპაციური შინაარსის სახელმძღვანელოს ფოტოები. "გეოგრაფიის წიგნი, მე-7 კლასი, რუსული სკოლა, თბილისი, საქართველო. აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ყირიმი კი - რუსეთი. განათლების სამინისტრო, ვერ გავიგე?!" - წერდა გიორგი ფოტოების გასწვრივ.
გიორგი შენგელია: - ჩემი მეგობარი უცხოელია და საქართველოში ცხოვრობს ოჯახით, ბავშვები კერძო სკოლა "ინტელექტში" მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ ჩემი სტუმრობის დღეს (სწავლის დაწყებამდე) სკოლამ სახელმძღვანელოები მიჰყიდა მშობლებს. რახან წიგნები რუსულენოვანი იყო, დამაინტერესა, რა ეწერა გეოგრაფიის სახელმძღვანელოში, რომელიც მოსკოვშია დაბეჭდილი. სახტად დავრჩი, როდესაც დანომრილი რუკა და მის გვერდით - ქვეყნების ნუსხა ვნახე.
რუკაზეც დაჭრილია საქართველო - ცალ-ცალკეა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასევე დაჭრილია უკრაინა: ყირიმი ცალკეა მონიშნული, რუსეთის ფერად.
ისე აღვშფოთდი, რომ ისტორიის სახელმძღვანელო აღარ მინახავს, არადა, ალბათ იქაც იქნება ის, რასაც არსად, სკოლებში არ უნდა ასწავლიდნენ, როგორც ისტორიულ სიცრუეს. მართლა გამაკვირვა ამ ფაქტმა და გამიჩნდა მთავარი კითხვა: სად იყურება განათლების სამინისტრო? ნუთუ ამ ტიპის წიგნები შეთანხმებული არ უნდა იყოს საქართველოს განათლების სამინისტროსთან? აქ დარღვევაა როგორც სკოლის, ისე სამინისტროს მხრიდან. მეტი სიფრთხილე რომ გვმართებს, ხომ უნდა ხვდებოდნენ?
ჩემმა მეგობარმა მაცნობა, რომ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ სკოლამ წიგნები უკან წაიღო და სასწავლო პროცესში აღარ ჩაეშვება, მაგრამ რომ არ მენახა, ხომ დაუბრკოლებლად ისწავლიდნენ ბავშვები - საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო ერთი კი არა, ცალ-ცალკე ქვეყნები რომ ყოფილა და ხომ გახდებოდნენ რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის მსხვერპლი?" განაგრძეთ კითხვა