განათლებასიახლეები
"მარტივად ვიტყვი - ეს იყო დღეები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება" - ქართული ბანაკი, რომელიც მოზარდებს განუმეორებელ შთაბეჭდილებებს უტოვებს
"მარტივად ვიტყვი - ეს იყო დღეები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება" - ქართული ბანაკი, რომელიც მოზარდებს განუმეორებელ შთაბეჭდილებებს უტოვებს
ეს იმ ბავშვების ჩანაწერებია, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან ამ ადგილას: 

"რამდენჯერმე ვცადე მომეყოლა საზოგადოებისთვის ის შთაბეჭდილება, რომელიც თუშეთის ეკობანაკმა დამიტოვა, თუმცა მივხვდი, რომ ამხელა ემოციის სიტყვებად ტრანსფორმირება არ შემეძლო... მე გამიმართლა, რადგან მოვხვდი ეკოვიზიის ბანაკში, მქონდა შესაძლებლობა გამეცნო უნიკალური ადამიანები, რომლებისგანაც ენით აღუწერელი სითბო მოდიოდა... იყო გართობა, იყო პოეზიის საღამოები, იყო სიმღერა, ცეკვა, თამაშები, მოგზაურობა ულამაზეს სამყაროში, იყო შემეცნებითი აქტივობები, ბევრი რამ იყო... რამაც მთლიანად პოზიტიურად დამმუხტა.... ვიგრძენი, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა მძიმე და დატვირთული წლის ბოლოს..."

"მე ერთ-ერთი ვარ,
ვინც თუშეთის "ეკობანაკში" იყო და მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. თუშეთის სილამაზეს მე ნამდვილად ვერ აღგიწერთ. რა თქმა უნდა, ველოდებოდი ლამაზ ბუნებასა და გარემოს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, ასეთი ზღვარგადასული სილამაზე თუ დამხვდებოდა იქ. ესეც თქვენი პირველი გაუმართლებელი მოლოდინი. რაც შეეხება მეორე გაუმართლებელ მოლოდინს, ეს იყო თვითონ ბანაკი. ვიცოდი, რომ კარგი ბავშვები იქნებოდნენ, აქტივობებიც საინტერესო იქნებოდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ყველანი ასე დავახლოვდებოდით და ასეთ მეგობრულ, თბილ, მოსანატრებელ და დასათმობად რთულ გარემოს შევქმნიდით და ნებისმიერ დავალებას ასე შემართებით, ამდენი ადამიანი ასე ურთიერთშეთანხმებით გავართმევდით თავს.
ერთ-ერთი საუკეთესო ბანაკია "ეკობანაკი" ბანაკებს შორის თავისი იდეითა და
იმით, რასაც ეს ადამიანები მოზარდებს ასწავლიან და ვიცი, რომ მათი შრომა და ენერგია არ დაიკარგება, რადგან, დარწმუნებული ვარ, ყოველ ბავშვს, რომელიც "ეკობანაკის" ნებისმიერ ნაკადში მოხვდა, არასდროს არ დაავიწყდება განცდილი და ნასწავლი".
mshoblebi
"მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა ბანაკი, მაგრამ ეს მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ უამრავი ახალი რამ მესწავლა და ამავდროულად ახალი, ძალიან კარგი, ძალიან საყვარელი მეგობრები შემეძინა. ყოველმხრივ პოზიტიურად დატვირთული დღეები იყო, ულამაზესი ბუნება, ველორბოლა, ჯომარდობა, ლაშქრობა, ჩვენი პერფორმანსები, ფლეშმობი, ტრენინგები, ყველაფერი მენატრება, მათ შორის დილით ადრე გაღვიძება და ვარჯიშიც კი, მაგრამ განსაკუთრებით მეგობრები მენატრებიან. შემიძლია ბევრი დავწერო, უამრავი სახალისო ფაქტი გავიხსენო ჩვენი ბანაკური ცხოვრებიდან, მაგრამ მარტივად ვიტყვი - ეს იყო დღეები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება".

"ეკობანაკი იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, ეს ერთი არაჩვეულებრივი კვირა დაუვიწყარი გახდა ჩემთვის. წარმოუდგენელია სიტყვებით აღიწეროს ის საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოდნა, რაც ამ რამო]დენიმე დღეში მივიღე, ის არაორდინალური ადამიანები, რომლებიც გავიცანი და დავუმეგობრდი კიდეც. ბანაკში რომ მივდიოდი, ეკოლოგიაზე იმაზე მეტი არ ვიცოდი, რასაც სკოლაში გვასწავლიდენ და არც დიდად ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ამ ბანაკმა სულ სხვა მხრიდან დამანახა ცხოვრება და ბუნება ჩემ გარშემო".

მაინც რა არის ეკობანაკი, ადგილი, სადაც უფროსკლასელები უამრავ სასარგებლო რამეს სწავლობენ, ერთობიან, ვარჯიშობენ და მათივე თქმით, ცხოვრების საუკეთესო პერიოდს ატარებენ? გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვას/EcoVision"-ის პრესსამსახურის უფროსი ქეთი ჟვანია:

- რა არის ეკობანაკი და რა მიზნებს ემსახურება? 
- საზაფხულო ეკობანაკი "ეკოხედვა" იმართება არასამთავრობო ორგანიზაციას "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებითა და "მოქალაქეს" მხარდაჭერით. ეკობანაკები ეწყობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და მასში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოწავლეები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. გასულ წელს 300-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს ეკობანაკებში.
ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების (ჯომარდობა, სამთო ველოსიპედებით რბოლა, Zip-Line ტური და ა.შ.) მეშვეობით.
mshoblebi
- როგორ არჩევთ ბანაკისთვის ბავშვებს? როგორ უნდა მოხვდეს ბავშვი ეკობანაკში?
- "ეკოხედვას" ეკობანაკში მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთია ჩვენი ტელეგადაცემის "ეკოვიზიის" ეკოვიქტორინაში გამარჯვება. "ეკოვიზია" ერთადერთი გარემოს დაცვითი შემეცნებითი გადაცემაა ახლგაზრდებისთვის ქართულ ტელესივრცეში და გადის ყოველ კვირას, 12 საათზე GDS-ზე.

ეკობანაკში მოხვედრის მეორე გზაა ჩვენს სხვადასხვა კონკურსში გამარჯვება, რომლებიც ხშირად ტარდება ამა თუ იმ გარემოს დაცვით თემაზე, მათ შორის ენერგოეფექტურობასა და ენერგოდაზოგვაზე, ნარჩენების მართვაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებაზე, ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ა.შ. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სასკოლო ვიდეო-კონკურსი პროექტის "SPARE" ფარგლებში, რომლის ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ 3 მოსწავლესაც ეკობანაკის საგზურით ვაჯილდოებთ.

ეკობანაკში "ეკოხედვა" მოხვედრის მესამე გზაა არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქე" სამოქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეკობანაკი "ეკოხედვა" "მოქალაქის" მხარდაჭერით იმართება.

- რას აძლევს ეს ბანაკი მოზარდებს?
- ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით:

• ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;
• ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა;
• განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა;
• ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა;
• ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
• სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.
mshoblebi
ეკობანაკების მონაწილეებს გარემოსდაცვით თემებზე პოპულარულ ლექციებს უკითხავენ ამ დარგის პროფესორები და ექსპერტები. 
ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მეშვეობით.

- რამდენად მოხიბლულები რჩებიან ეკობანაკის შემდეგ და რას ნახულობენ, როგორ პირობებში ცხოვრობენ – ცოტა დაწვრილებით გვითხარით ეკობანაკის შიდა სამზარეულოზე, დარწმუნებული ვარ, ბევრი მშობელი დაინტერესდება...
- როგორც გითხარით, ეკობანაკები ეწყობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. მოზარდები ნახულობენ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ ადგილებს, ეცნობიან ბუნებრივ სიმდიდრეს.
რაც შეეხება, თუ რამდენად მოხიბლულები რჩებიან ბანაკის მონაწილეები, ჩვენ შევქმენით სპეციალური ბლოგი ეკობანაკში მიღებული შთაბეჭდილებების გასაზიარებლად და შეგიძლიათ ეწვიოთ მას და დარწმუნდეთ, რომ მოზარდები მათთვის დაუვიწყარ 1 კვირას ატარებენ "ეკოხედვას" ეკობანაკში.
რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, ეკობანაკის მონაწილეები ცხოვრობენ საუკეთესო სასტუმროებში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

- ალბათ რთულია ამდენ ბავშვზე ზრუნვა, დიდი პასუხისმგებლობაა. როგორ ანაწილებთ ამ პასუხისმგებლობას და როგორ ახერხებთ ბავშვებზე ზრუნვას?
- რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკობანაკებში 100%-ით დაცული იყოს ბავშვების უსაფრთხოება. ბანაკის მონაწილე ყოველ 5 ბავშვს ჰყავს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია მათზე. ბანაკის ყველა ლიდერს უტარდება ტრენინგები, მათ შორის პირველადი დახმარების კურსები.

- უჯერებენ ხელმძღვანელებს?
- ხელმძღვანელები, იგივე ლიდერები სიმკაცრესთან ერთად ძალიან მეგობრულებიც არიან და თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად უდგებიან, ეხმარებიან ყველაფერში, ისე რომ მათი ინტერესებიც გაითვალისწინონ და ბანაკში მოქცევის წესებიც დაცული იყოს. ეკობანაკის 1-კვირიანი პროგრამა იმდენად დატვირთულია სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობებით, რომ მოსწავლეებს დრო არც რჩებათ იმისთვის, რომ მოიწყინონ ან, ასე ვთქვათ, შეუფერებლად მოიქცნენ.

- რამდენად აინტერესებთ მშობლიური ადგილები და რა იციან საერთოდ საქართველოზე? რა ხიბლავთ ყველაზე მეტად?
- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აინტერესებთ და უკვირთ კიდეც, რამდენი საინტერესო და ლამაზი ადგილი ყოფილა საქართველოს ამა თუ იმ კუთხეშიო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც რამდენიმე მონაწილეს აღუნიშნავს, რომ როცა ზაფხულში ზღვაზე მიდიან ხოლმე დასასვენებლად, მათი ყოველდღიური გრაფიკი ასეთია ძირითადად: ზღვა, კაფე, სასტუმრო. ბავშვების უმეტესობა ჩვენი ბანაკის მეშვეობით მოხვდა პირველად მტირალას ეროვნულ პარკში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, მაჭახელას და კოლხეთის ეროვნულ პარკებშსი, პირველად გაისეირნეს პალიასტომის ტბაზე და ა.შ. ეს რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას, ასევე უამრავი ადგილია საქართველოს სხავდასხვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც ეკობანაკის მონაწილეები სტუმრობენ ხოლმე. იხილეთ ვიდეო

- მშობლებს რას ეტყოდით? რას ურჩევდით? რაზე უნდა ესაუბრონ, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მათ შვილებს მშობლიური ბუნებისადმი მეტი მოწიწება და სიყვარული ჰქონდეთ?
- მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, მშობლები უნდა ეცადონ, რომ ანახონ მშობლიური ბუნება, წაიყვანონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაათვალიერებინონ დაცული ტერიტორიები. ჩვენი ბანაკის მონაწილე ბავშვები აღნიშნავენ ხოლმე, რომ ეკობანაკის საშუალებით მათ გაიგეს, რატომ უნდა უყვარდეთ თავიანთი ქვეყანა და რატომ უნდა მოუარონ მას. ასეთი ცნობილი გამონათქვამებიც არსებობს: "ადამიანს უყვარს მხოლოდ ის, რასაც იცნობს." და "რასაც ადამიანი იცნობს და უყვარს, იმას იცავს".
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ მაგალითს. როცა მშობელი თვითონ ექცევა ბუნებას მოწიწებით, იცავს მას და არ აზიანებს, ბავშვიც ასევე იქცევა ხოლმე უმეტესად.

- ძირითადად რეგიონებში დაგყავთ ბავშვები, რამდენად მძიმეა დღეს რეგიონებში ეკოლოგიური სიტუაცია და ზოგადად როგორ შეაფასებთ ამ მხრივ დღევანდელ მდგომარეობას?
- ნარჩენების პრობლემა უფრო მწვავეა რეგიონებში, ვიდრე თბილისში, რადგანაც უმეტეს რეგიონებში არასაკმარისი ურნებია ან საერთოდ არ არის. ასევე ზოგ რეგიონში ნაგავსაყრელებიც არ არის და ამის გამო მოსახლეობა ნარჩენებს ხევებსა და მდინარეებში ყრის.

- ეკობანაკში ნამყოფი ბავშვები ალბათ გაცილებით ფრთხილად მოეკიდებიან მშობლიურ ბუნებას და დაიცავენ გარემოს. თუ უზიარებენ შემდეგ თანატოლებს აზრებს და თუ ცდილობენ, საკუთარი მაგალითით მართლა მოახდინონ გავლენა არსებულ რეალობაზე?
- რა თქმა უნდა. ეკობანაკში ნამყოფი ბავშვები გაცილებით ფრთხილად და მეტი სიყვარულით ეკიდებიან გარემოს და იცავენ მას. ისინი არა მარტო თანატოლებს, არამედ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს უზიარებენ საკუთარ აზრებსა და გამოცდილებას. ეკობანაკის მონაწილეები საკმაოდ აქტიურად ერთვებიან გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში, ასევე თვითონვე მართავენ სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებას და ცდილობენ, რომ მთელი სკოლა აიყოლიონ ასეთ წამოწყებებში და არა მარტო სკოლა.
ლელა ზურებიანი
ბეჭდვა