"დაახლოებით 1000 ლარამდე ჯდება მისი აქტივობები..." ძვირად ღირებულმა სკოლებმა, ბავშვების ცოდნის დონის ასამაღლებლად კერძო პედაგოგთან მომზადება ვერ ჩაანაცვლა. ვისაც საშუალება აქვს, სკოლის პარალელურად საკუთარი შვილი კერძო პედაგოგებთან, სპორტსა და სხვადასხვა წრეებზე დაჰყავს. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც.
ეკა კახიანის ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე ახლა მე-11 კლასშია. ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ქეთო თოფურიძემ ბიზნესის სფეროში მოღვაწეობა აირჩია და ახლა გამოცდებისთვის ემზადება.
ქეთო თოფურიძე:
- წელს ოთხ საგანს ვაბარებ საატესტატო გამოცდებისთვის. სკოლის გარდა დავდივარ პილატესზე, მათემატიკაზე და ინგლისურზე. ახლა დავიწყებ ქიმიაში და ფიზიკაში მომზადებას. მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარს, მესამე კლასიდან ვემზადები და ეკაც ყოველთვის ხელს მიწყობს. როგორც ყველა დედა ეკაც მკაცრად მეუბნება, იმეცადინეო.
- რა თანხა გიჯდებათ მომზადება?
- მე ძლიერ პედაგოგებთან ვემზადები, ჩემი მეგობრები 5 და 6 მასწავლებელში რასაც იხდიან, იმ თანხას ორ პედაგოგთან ვიხდი. მირჩევნია ძვირი გადავიხადო და კარგ პედაგოგთან მოვემზადო. მხოლოდ ინგლისურში და მათემატიკაში 600 ლარამდე ვიხდი.
ვერიკო ტურაშვილის ქალიშვილი ლიზა ბერუჩაშვილი 12 წლისაა, სკოლაში კარგად სწავლობს, თუმცა დედას სხვადასხვა წრეებზეც დაჰყავს, რაც ლიზას სურვილია.
ვერიკო ტურაშვილი (ლიზას დედა):
- ლიზა ახლა 12 წლის არის. პირველი კლასიდან ემზადება ინგლისურ ენაში, ასევე დადის ცურვაზე, მუსიკალურ სკოლაში და ერთ-ერთ კლინიკაში სპეციალურ ვარჯიშებზე. ეს თვითონ მოინდომა საკუთარი ფიგურისთვის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უფრო მეტად დავაკავებდი. რაც უფრო მეტად დაკავებულები იქნებიან, ნაკლებად იფიქრებენ სისულელეებზე. ახლა გადავთვალე პირველად, რა მიჯდება ეს ყველაფერი. იაფი არ არის, ამ ეტაპზე 300-400 ლარი ჯდება მისი მომზადება სხვადასხვა წრეზე.
ანასტასია ხაჩიძე ყველაზე პოპულარული ბავშვია საქართველოში. ფაქტიურად ყველას თვალწინ გაიზარდა. პატარა გოგონა, ახლა სკოლაში დადის, თუმცა სკოლის პარალელურად აქტიურად არის დაკავებული მუსიკით, ცეკვით და სხვადასხვა წრეებით.
ზურა ხაჩიძე (ანასტასიას მამა)
- ანასტასია დადის სოლფეჯიოზე, ასევე ეუფლება საოპერო ხელოვნებას, ევგენი მიქელაძის სასწავლებელში. პედაგოგმა დოდო დიასამიძემ პირველად როცა მოუსმინა, თავად აიყვანა ანასტასია სასწავლებლად. ჩემი ქალიშვილი ასევე ძალიან ძლიერია მათემატიკაში და ხათუნას გადაწყვეტილებით კომაროვის სკოლაშიც მივიყვანეთ. ასევე ორი თვეა თეა დარჩიასთან დადის ცეკვაზე. ბავშვთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს ეს. დაძალებით ვერაფერს გააკეთებინებ. საკუთარი თავისთვისაც უნდა დარჩეს დრო. დიდ თანხებთანაც არ არის დაკავშირებული მისი მომზადება, დაახლოებით 1000 ლარამდე ჯდება მისი აქტივობები. განაგრძეთ კითხვა