ამ საოცარ ფენტეზზე მალე მსოფლიო ალაპარაკდა ბავშვებში კითხვის სურვილის გაღვიძება თანამედროვე მშობლებისთვის იმდენად პრობლემური გახდა, რომ ვცდილობთ, ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა იმ გამოცემაზე, რომლებმაც მთელ მსოფლიოში შეძლეს უმცროსი ასაკის მკითხველის დაინტერესება.
"ბავშვებს ძალიან გაუჭირდებათ ამ წიგნის გვერდით გადადება", " ფენტეზი, რომელიც რეალური ცხოვრების სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს" - ასეთი იყო მსოფლიო პრესის გამოხმაურება, როცა ამერიკელი მწერლის ბრენდონ მულის Spirit Animals-ის პირველი წიგნი გამოვიდა. ის უმცროსი ასაკის მკითხველისთვის იყო განკუთვნილი.
მას სწაფად მოჰყვა მომდევნო 6 წიგნი და სულ მალე მულის საოცარ ფენტეზზე მსოფლიო ალაპარაკდა.
როგორც წესი, მსოფლიო ბესთსელერები ადრე თუ გვიან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი ხდება. შვიდტომეულის პირველი წიგნი, "თავისუფლებისთვის დაბადებულნი" გამომცემლობა პალიტრა L-მა ახლახან თარგმნა და პროექტ ლიბერქიდსის ფარგლებში გამოსცა. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ბრენდონ მულის წიგნებს ქართველი ბავშვებიც ისეთივე ინტერესით შეხვდებიან, როგორც მათი ამერიკელი და ევროპელი თანატოლები. ჩვენი მხრივ, მშობლებიც ველით, რომ ადგილობრივ წიგნის მაღაზიებში აღმოვაჩენთ წიგნებს, რომლებიც ჩვენს შვილებს წიგნის ხიბლს აგრძნობინებს და ინტერესიან მკითხველად ჩამოაყალიბებს.
Spirit Animals ფანტასტიკური ჟანრის 7 წიგნს აერთიანებს. პირველი წიგნი "თავისუფლებისთვის დაბადებულნი" საქართველოში უკვე გაყიდვაშია. რას წარმოადგენს იგი და რით მოიპოვა მსოფლიოში მილიონობით ბავშვის ინტერესი?
ალბათ იმით, რომ მასში ერთდროულადაა სათავგადასავლო, მისტიკური და ფანტასტიკური მოტივები. რაც მთავარია, ყველაფერი ძალიან დინამიურად, "ჰარი პოტერივით" ზღაპრულ-მისტიკურად და "ბეჭდების მბრძანებელივით" მძაფრი სცენარით ვითარდება. სწორედ ისე, როგორც თანამედროვე ბავშვებს მოსწონთ.
რაზე გვიამბობს მული?
სამყაროს გადასარჩენად 4 ბავშვი იბრძვის. ისინი ჯადოსნური ნექტრის შესმის შემდეგ ოთხ ლეგენდარულ მეომარ ცხოველს გამოიხმობენ - მგელს, ჯიქს, პანდასა და სონღულს. ეს ცხოველები ბავშვებს ზებუნებრივი ძალებით ავსებენ, თავად კი მათ მკლავებზე სვინგებად არიან მოკალათებულნი და საჭიროების დროს ცოცხლდებიან. ადამიანები და ცხოველები სახიფათო დავალების შესასრულებლად ერთ მუშტად უნდა შეიკრან. წარსულიდან დაბრუნებულ წყვდიადის ძალების შეჩერება მხოლოდ მათ შეუძლიათ თავიანთი არაადამიანური ძალებით. პატარა მკითხველის თვალწინ სამყაროს გადასარჩენად ბრძოლა იწყება. საფრთხე, შიში, სიმამაცე, საბრძოლო ხელოვნება და ზებუნებრივი ძალები მთელ თავგადასავალს თან სდევენ. შესაბამისად, ეს წიგნი ყველაზე ცნობისმოყვარე, სათავგადასავლო ამბების მოყვარულ ბავშვებს მოეწონებათ. თავად ბრენდონ მული მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და მოუწოდებს ბავშვებსა და სტუდენტებს, იკითხონ, იფიქრონ და იოცნებონ, რადგან წარმოსახვა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. "თავისუფლებისთვის დაბადებულნი" კი წარმოსახვისა და შთაგონებისთვის მართლაც უმდიდრესი წყაროა.
P.S.პროექტი "ლიბერქიდსის" ფარგლებში, როგორც წესი, 8-12 წლის ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატუტრა შედის, თუმცა Spirit Animals-ის მითხველი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სათავგადსავლო ფენტეზის მოყვარულია.