რეგიონებში მცხოვრები თინეიჯერების ახდენილი ოცნება "ჩემთვის "ლიბერთინსი" "პალიტა L"-ის პროექტზე ბევრად მეტია _ გამიმძაფრა სურვილი, უფრო მეტი წიგნი წამეკითხა და ჩავღრმავებოდი. თავდაპირველ შერჩევაზე ჩემი მეგობარიც გავიდა და ძალიან ვწუხდი იმის გამო, რომ მე არ მქონდა შესაძლებლობა, პროექტის წევრი გავმხდარიყავი. ასეთი შანსი მეორედ აღარ მექნება, ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად გთხოვოთ, თქვენს პროექტში ჩამრთოთ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე კარგ ბავშვს ვერ ნახავთ და არც თავის ქებას დავიწყებ. ყველანაირი პასუხის შემთხვევაში თქვენი ერთგული მკითხველი ვიქნები. და მაინც, გთხოვთ! მე შევძლებ, ვუხელმძღვანელო ჩემს ჯგუფს, ჩვენ შევძლებთ, შემოგთავაზოთ ახალი წიგნები, რომლებსაც დიდი გამოხმაურება ელით".
ეს წერილი მეათე კლასის მოსწავლეს, 15 წლის ვახო სალთხუციშვილს ეკუთვნის. ვახო გურჯაანში ცხოვრობს და როგორც აღნიშნავს, წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, "ლიბერთინსი" მას საუკეთესო პროექტად მიაჩნია და მოხარულია, რომ სურვილი აუსრულდა - მისი წევრობის შესაძლებლობა თავადაც მიეცა და ახლა უკვე "ლიბერთინსელია".
შეგახსენებთ, რომ "ლიბერთინსი" უკვე ორი წელია, თინეიჯერებს მათთვის სასურველი და მსოფლიოში პოპულარული თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებებით ანებივრებს. აქამდე, "ლიბერთინსელობა" მხოლოდ თბილისელ ახალგაზრდებს შეეძლოთ, ახლა კი ეს შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრებ თინეიჯერებსაც მიეცათ. 15 ივლისს "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - ემი იტერანტას "ნაქსოვი ქუჩების ქალაქის" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქციის ფარგლებში ღირებულზე უფრო დაბალ ფასად შეიძინეს.
ვახო სალთხუციშვილი, "ლიბერთინსელი":
- ჩვენს რეგიონებში ბევრი წიგნის ყიდვისა და წაკითხვის ფუფუნება არ გვაქვს, რადგან აქ წიგნის მაღაზიაც კი არ არის. როდესაც პირველად პროექტ "ლიბერთინსის" შესახებ შევიტყვე, გამიჩნდა სურვილი, რომ "ლიბერთინსელების" რიგებში მოვხვედრილიყავი, თუმცა, ამის შესაძლებლობა იმის გამო არ მქონდა, რომ დედაქალაქში არ ვცხოვრობდი. როდესაც გავიგე, რომ პროექტში უკვე რეგიონებიც ერთვებოდნენ, პირველი ვიყავი, ვინც გურჯაანიდან გავგზავნე მოთხოვნა. თინეიჯერულ ლიტერატურას სხვებიც გამოსცემენ, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტი არავის აქვს. "ლიბერთინსი" ამ ეტაპზე ერთადერთი და განუმეორებელი პროექტია, მიუხედავად იმისა, რომ მიმბაძველები ნელ-ნელა ჩნდებიან. ძალიან მომწონს და ბევრ ადამიანს ვიცნობ ისეთს, ვინც სწორედ ამ პროექტის წყალობით შეიყვარა წიგნების კითხვა. აქციით, რომელიც გურჯაანში პირველად ჩატარდა, "ლიბერთინსმა" შესანიშნავი საშუალება მოგვცა და პირველ სამ წუთში 50-დან 30 წიგნი უკვე გაყიდული იყო, რამდენიმე ხანში კი საერთოდ აღარ დარჩა, მაგრამ ბავშვების რაოდენობა მაინც არ წყდებოდა, კიდევ მოდიოდნენ, რომ ეს წიგნი ჩაეგდოთ ხელში.
- გარდა იმისა, რომ წიგნის მაღაზია არ არის, რა პრობლემებია რეგიონში ამ მხრივ? ადგილობრივი ან სასკოლო ბიბლიოთეკა თუ ფუნქციონირებს?
- საჯარო ბიბლიოთეკა გვაქვს, რომელიც წელს ცოტა უფრო "წამოიქაჩა", მანამდე არც ამ ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა არ გვქონდა. ახლა უკვე ბევრი წიგნია, მაგრამ ბავშვების უმეტესობა ვერ ვსარგებლობთ, რადგან პირადობის მოწმობაა საჭირო. რეგიონებში, ძირითადად, მატერიალური პრობლემები აქვს ხალხს. თუმცა, ვახერხებ, რომ ჩემთვის სასურველი წიგნები შევიძინო. ჩემი პატარა ბიბლიოთეკით ძალიან ვამაყობ. ოჯახში ძალიან გამიმართლა, დედასთვის თქმაც არ მჭირდება, წიგნის საყიდელ ფულს თვითონვე მაძლევს ხოლმე.
- თქვენს თანატოლებს უყვართ კითხვა? თუ აქვთ სურვილი, რომ კარგი წიგნები ჰქონდეთ?
- სიმართლე გითხრათ, აქამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ გურჯაანში იყო ბავშვების ის კატეგორია, რომლებიც წიგნს კითხულობდნენ. 15 ივლისის აქციამ კი ყველაფერზე ამიხილა თვალი. მეგონა, აქტივობა ნაკლები იქნებოდა.
- როგორია თქვენი სასკოლო ცხოვრება? იქაურ აქტივობებში თუ ხართ ჩაბმული? რა ინტერესები გაქვთ?
- კი, როცა საშუალება გვაქვს, ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობთ. ვერ ვიტყვი, რომ თავგადაკლული სწავლით გამოვირჩევი, მაგრამ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, რამდენიმე ორგანიზაციაში ვარ ჩართული, სადაც სხვადასხვა პროექტს, კონკურსებს ვახორციელებთ, ღონისძიებებს ვგეგმავთ და მათში ბევრი ბავშვის წახალისება ხდება ხოლმე. ასევე, ერთ-ერთ გამომცემლობაში სტაჟიორი ვარ, ჟურნალისტური მიმართულებით. შშმ პირებთან გვაქვს კონტაქი, მათთან მივდივართ, ვართობთ, ვეთამაშებით და ა.შ. უამრავი ჰობი მაქვს, ერთ რამეზე ჩაციკლვა არ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ, ახალი რამ ვიპოვო და ჩემი თავი წარმოვაჩინო.
თიკო ფეიქრიშვილი, პროექტ "ლიბერთინსის" მენეჯერი:
- თინეიჯერთა ჯგუფი, რომელიც ლიტერატურას არჩევდა, მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ თბილისში გვყავდა, ახლა კი მასშტაბები გავზარდეთ და პროექტის - "გახდი შენი ქალაქის "ლიბერთინსელის" ფარგლებში ბავშვები სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩაერთვნენ. ამჟამად 7 ქალაქია ჩართული - რუსთავი, გურჯაანი, გორი, ბორჯომი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი. ასე რომ, ამიერიდან ამ ლიტერატურას მხოლოდ დედაქალაქელი ბავშვები კი არ შეარჩევენ, მთელი საქართველოს არჩევანია. 15 ივლისს ახალი წიგნის პრეზენტაცია გვქონდა - "ნაქსოვი ქუჩების ქალაქი". წიგნის ავტორი ნოემბერში საქართველოშიც გვყავდა მოწვეული. აქციის ფარგლებში, 12 ლარის ნაცვლად მკითხველმა წიგნი 4 ლარად შეიძინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონების ბავშვების სურვილია, თავიანთ თანატოლებს გააცნონ, რა არის "ლიბერთინსი", გამართონ წიგნების პრეზენტაციები, შეაყვარონ თავიანთ თანატოლებს კითხვა...
- "ლიბერთინსის" მიერ გამოცემული წიგნებიდან თინეიჯერებში რომელი სარგებლობს ყველაზე მეტი პოპულარობით?
- მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი" აქტუალობას დღემდე არ კარგავს, ასევე, ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალის ტროლოგია", რიკ იანსის "მეხუთე ტალღა" და ა.შ. "ლიბერთინსი" ორი წელია, რაც არსებობს, ამ დროის განმავლობაში 30 წიგნი გამოიცა და ყველა მათგანი ბავშვების მიერაა შერჩეული.
თამთა დადეშელი