"ბავშვისთვის რაც კარგია, ის გააკეთეთ და ყურს ნურავის უგდებთ..." საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, მათემატიკოსია, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, კომაროვის სკოლაში სწავლობდა. მთავრობის მეთაურსაც სწორედ იქიდან იცნობს, რომელმაც მინისტრად წარდგენისას კომაროვის სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულად გააცნო საზოგადოებას.
43 წლის მინისტრი საბანკო სისტემაშიც არის ნამუშევარი, "მართვის აკადემიის" აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მათემატიკურ მეცნიერებათა მაგისტრი და ორი მოზრდილი ქალიშვილის - 22 და 14 წლის - მამაც გახლავთ. შვილები ადრე მოესწრნენ, რადგან 20 წლის იყო, ცოლი რომ მოიყვანა - ასევე მათემატიკოსი, 19 წლის ნატალია მუხადგვერდელი. ამიტომ ამბობენ, რომ ერთად გაიზარდნენ.
ინტერნეტსივრცეში ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ "მართვის აკადემიაში" ჩატარებული ლექციების ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, სადაც ბატონი მინისტრი ამბობს:
"ღელვა არის ყველაზე პროდუქტიული ტერიტორია განვითარების კუთხით. შარში თუ არ მოხვდი, განვითარება არ იწყება... ღელვის შემდეგ დგება მუღამში ყოფნა. ეს მაშინ ხდება, როცა რთული ამოცანები გაქვს და მაღალი კვალიფიკაცია - ძალიან რთული რამე დაგისახეს მიზნად და გაიყვანე ბოლოში... მუღამში ყოფნა ბედნიერების ელექსირია. ვინც არის მუღამში, ის არის ბედნიერი... მაღალკვალიფიციური ადამიანი მარტივი ამოცანებით - ამას ჰქვია მოწყენილობა... ბედნიერების მეთოდი არის მარტივი - გაეხვიე შარში, ისწავლე, ისწავლე, განვითარდი, სანამ არ მიაღწევ მუღამს".
- ბატონო ალექსანდრე, რაც მინისტრად დაინიშნეთ "მუღამში" ხართ თუ მოწყენილობას გრძნობთ?
- უკიდურეს ღელვაში ვარ, შარში გავეხვიე. ქართული განათლების სისტემის გადაკეთება რთული ამოცანაა და ღელვას იწვევს. ვწვალობ და ვვითარდები.
- რა გედარდებათ ამ სისტემაში?
- ყველაზე მეტად მედარდება ბავშვების თავისუფალი აზროვნება. ადრე მასწავლებელი გეუბნებოდა სიმართლეს და შენ ვერ გადაწყვეტდი, შუშანიკი კარგი ქალი იყო თუ ცუდი. ახლა იმდენი ინფორმაცია მოდის, შეიძლება გაგიჟდე. ამიტომ თანამედროვე სკოლა ისეთი უნდა იყოს, ბავშვმა ამ არეულ გარემოში ჰარმონიულად იცხოვროს, თავისი აზრი ჰქონდეს.
ჩვენ გვეჩვენება, რომ სკოლაში ცოდნის შეძენაა მთავარი და დაგვავიწყდა, რომ სკოლა, პირველ რიგში, აღმზრდელობითი დაწესებულებაა. ეს სტრატეგიული შეცდომაა.
- რის გაკეთებას გეგმავთ ამ მიმართულებით?
- სულ უნდა ვიარო კოლებში. მასწავლებლებს ვეუბნები, რაც იცით, რომ ბავშვისთვის კარგია, ის გააკეთეთ და ყურს ნურავის უგდებთ, ნუ გეშინიათ-მეთქი. მასწავლებელს, პირველ რიგში, მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება.
ძალიან სახალისოა ბავშვებთან შეხვედრა. მთელი სტრესი, რაც გიგროვდება, ბავშვებთან ერთი შეხებით ქარწყლდება. უზომოდ საყვარლები არიან.
- სტრესში რა გაგდებთ?
- რაც უფრო მაღალ თანამდებობაზე ხარ, ბევრი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული. "ფეისბუქზე" დღეში 100 წერილი მაინც მომდის და ყველას ვპასუხობ. ძალიან მძიმე ტექსტებიც არის. ვერ გაემიჯნები გასაჭირს.
ყოფილი მასწავლებლის გასაჭირიც მეხება, ჩაჭრილი სტუდენტისა და იმ ბავშვის მშობლისაც, რომელსაც საშუალება არ აქვს, შვილის სწავლის საფასური გადაიხადოს.
ერთი სიტყვით, სტრესის მთელი თაიგული მოდის ჩემი მიმართულებით. თანამშრომლის აყვანაც მიწევს, გაშვებაც... მიხარია, რომ ოჯახის მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერა და ხელშეწყობა მაქვს, სტრესი იქიდან არ მოდის. ძირითადად მე ვსტრესავ ჩემი ოჯახის წევრებს.
- თქვენი ოჯახური კამათი როგორ გამოიყურება?
ნატალია: არასოდეს ყვირის და ჩხუბობს, მაგრამ ხანდახან ისეთ რამეს გეტყვის, იმას ყვირილი სჯობია. ძირითადად ჩვენი უფროსი შვილის თინეიჯერობის ასაკის დროს ვჩხუბობდით. მე და მაკოს გვქონდა ხოლმე უთანხმოება და მე და სანდროს იმიტომ მოგვდიოდა შელაპარაკება, რომ მაკოს იცავდა.
ალექსანდრე: კონფლიქტში შედიოდა ბავშვთან. ის თინეიჯერი იყო და ტვინი აბნეული ჰქონდა, ნატო 90%-ში თავს იკავებდა, მაგრამ რაღაც მომენტში დავაში გადადიოდა. მე კი ვცდილობდი, ნატოსკენაც ვყოფილიყავი და ბავშვიც დამეცვა.
- ახლა მეორე შვილი გყავთ თინეიჯერობის ასაკში. მასთანაც იგივე მეორდება?
ალექსანდრე: ჩვენ გავიზარდეთ. მაშინ ჩვენც პატარები ვიყავით. ვღელავდით, გვეგონა, რომ ვერ ვზრდიდით. ახლა ვუყურებთ, როგორი საოცრება გამოვიდა მაკო, არაჩვეულებრივი, ზღაპრული ადამიანია. თამამად ვიტყვი, რომ დედასაც სჯობია და მამასაც! თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ამთავრებს და ამერიკაში აპირებს წასვლას სასწავლებლად.
დამოუკიდებლობის გაძლიერებული სურვილი აქვს. 12 წლის იყო, როცა დამოუკიდებლად უნდოდა გადაწყვეტილებების მიღება. ახლა 22 წლისაა და 2 წელია ჩვენთან არ ცხოვრობს. თავის ბიძაშვილთან - ნატოს ძმისშვილთან და მეგობართან ერთად ცხოვრობს.
რუსუდან ადვაძე
ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ ჟურნალში "სარკე"