მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისა და ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისა და ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 5 დეკემბერია. მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა კი 7 000 ლარი.
კონკურსის, მისი მიზნებისა და პირობების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს მანანა რატიანს ვესაუბრეთ.
როგორია საგრანტო კონკურსის პირობები?
გრანტის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს შესაბამისი საგნის მასწავლებლებთან სტანდარტების საჯარო განხილვები, ფოკუს-ჯგუფები და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში. ასევე, უნდა განახორციელოს სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი საგნობრივი სტანდარტისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შედარებით ანალიზს.
დაგეგმილი კვლევის შესახებ განცხადება 5 დეკემბრამდე უნდა შემოიტანონ. მათ ცენტრი 9 დეკემბრის ჩათვლით განიხილავს. პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში გაერთიანებებს მოთხოვნილი თანხის 50 პროცენტი ჩაერიცხებათ. შემდეგ კი მათ წარმოდგენილი გეგმა კვლევის შესახებ უნდა განახორციელონ და 28 დეკემბრამდე წარმოგვიდგინონ. საბოლოო ანგარიშში კვლევის მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები უნდა აისახოს. თუ კვლევაც განაცხადის შესაბამისი იქნება, თანხას სრულად მიიღებენ. მიღებულ ანგარიშებს, რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და მასწავლებელთა სტანდარტის დასახვეწად აღნიშნულით ვიხელმძღვანელებთ. სასწავლო გეგმის რევიზიის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს დოკუმენტები.
რა მიზანი აქვს საგრანტო კონკურსს?
ჩვენ გვინდა მასწავლებელთა ასოციაციების რეკომენდაციები და ხედვები უკეთ გავიგოთ. საგანმანათლებლო სისტემაში გეგმების შემუშავება თუ პროექტების შედგენა ძირითადად ექსპერტულ დონეზე ხდება. კონსულტაციები სამინისტროსთან და მასთან არსებულ სტრუქტურებთან ტარდება. მასწავლებლებიც ჩართული არიან ხოლმე ამ პროცესში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას და განვითარდეს მასწავლებლების გაერთიანებები. ამ შემთხვევაში მასწავლებლების ხმის მოწვდენა უფრო ორგანიზებული ფორმით მოხდება. ჩვენ სწორედ ამ პროცესების სტიმულირება გვინდა.
განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ასოციაციები აქტიურად არიან ჩართული საგანმანანათლებლო პოლიტიკის ნებისმიერ დონეზე. ისინი მონაწილეობენ განხილვებში, ამა თუ იმ დოკუმენტზე შეფასებებს აკეთებენ.
საქართველოში გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვდა. საგნების ნაწილში ასოციაციები არსებობს. ზოგი მათგანი ძლიერია და მიმდინარე პროცესებზე გავლენა აქვთ. თუმცა არის საგნები, რომლებშიც დღეისთვის საგნობრივი გაერთიანება არ არსებობს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ გარემო, რომლიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს მათ გეგმებსა და ქმედებებს. ასოციაცებს დიდი როლის შესრულება შეუძლიათ მიმდინარე პროცესებში, რადგან ამ ფორმით აქტიური მასწავლებებლები უკეთესად აწვდენენ ხმას მიზნობრივ აუდიტორიას. გაერთიანებაში მასწავლებლის ხმა უფრო ფოკუსირებულია.
თქვენი აზრით, საგანმანათლებო სექტორში რა შეიცვლება კონკურსის დასრულების შემდეგ?
ვიცით ბევრი მაწავლებელი, რომელსაც ასოციაციის შექმნა უნდა, მაგრამ დაფინანსების საკითხის მოუგვარებლობის გამო ამას არ აკეთებს. ახლა ამ საგრანტო კონკურსის შესახებ ყველა გაიგებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ის ყოველწლიური გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს დამატებითი მოტივაცია იქნება და მეტი ასოციაცია შეიქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი და აქტიური გაერთიანება არსებობდეს. რადგან მასწავლებისთვის საინტერესოა არა მხოლოდ ზოგადად მასწავლებლებთან, არამედ მისივე საგნის მასწავლებლებთან კომუნკიკაცია. მათ ერთნაირი პრობლემები და საჭიროებები აქვთ. გადაჭრის გზები კი საკუთარი მიმართულების სპეციალისტებთან უფრო მარტივი მოსაძებნია. საკუთარი მიღწევების გაზიარებასა და ინტერესების ლობირებასაც უკეთესად შეძლებენ.
რამდენი ასოციაციაა ამჟამად და რა აქტივობებს ახორციელებენ ისინი?
ამჟამად 14 ასოციაციაა. ყველაზე ძველი ინგლისური ენის გაერთიანებაა, რომელიც საკმაოდ საინტერესო პროექტებს ახორციელებს. საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა გაერთიანება ხშირად ატარებს ტრეინინგებს. დონორებთან ერთად ლაბორატორიაც შექმნეს. სამოქალაქო განათლების ასოციაციაც ძალიან აქტიურია.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მათი რაოდენობა გაიზარდოს. საინტერესოა, ეს კონკურსი როგორ გაზრდის აქტივობას და მომავალ წელს რამდენი ასოციაცია იქნება ან რამდენი შემოიტანს განაცხადს. ჩვენ კი ღია ვართ მათთან თანამშრომლობისთვის და ჩვენ მიერ შედგენილი დოკუმენტების ექსპერტიზას სიამოვნებით მივანდობთ მათ.
ნანა მღებრიშვილი