საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო.
როგორც წესი, ამ დღეს ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირების მიზნით, მშობლები და ზოგჯერ მათი მეგობრები, თუ ნათესავები დილის 09:00 საათზე კომპიუტერებთან მომზადებულები სხდებიან. მათ უმრავლესობას ელექტონული ველის შესავსებად საჭირო მონაცემები წინასწარ აქვს მომზადებული, თუმცა ამა თუ იმ სკოლაზე განსაკუთრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ხშირად დაინტერესებული პირი ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. ზოგიერთ სკოლაში თავისუფალი ადგილები რამდენიმე წამში ივსება და მშობელს არჩევანის გაკეთება სხვა სკოლაზე უწევს.
საქართველოს მასშტაბით 2085 საჯარო სკოლაა. ამ დროის მონაცემებით, 113 სკოლაში პირველკლასელთათვის თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის. მათგან შევსებული 69 სკოლა თბილისშია, 12 აჭარაში, 11 სამეგრელო - ზემო სვანეთში, 9 იმერეთში, 6 ქვემო ქართლში, 1 აფხაზეთში, 1 კახეთში, 1 მცხეთა-მთიანეთში, 1 შიდა ქართლში, 1 სამცხე-ჯავახეთსა და 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ლიმიტირებული ადგილები მომენტალურად შეივსო იმ სკოლებში, რომლებზეც ტრადიციულად მაღალი მოთხოვნაა და კონკურენცია დიდია. მათ შორის არის თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, სადაც 275 მოსწავლე რეგისტრაციის პირველსავე დღეს დარეგისტრირდა; ასევე, თბილისის №161 საჯარო სკოლა 225 მოსწავლით; თბილისის №175 საჯარო სკოლა 200 მოსწავლით; გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა 150 მოსწავლით; თბილისის კლასიკური გიმნაზია 150 მოსწავლით; თბილისის №24 საჯარო სკოლა 125 მოსწავლით; რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა; ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა; მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია და სხვა სკოლები.