რა რჩევებს აძლევენ აბიტურიენტებს მაია მიმინოშვილი და ივა მინდაძე
რა რჩევებს აძლევენ აბიტურიენტებს მაია მიმინოშვილი და ივა მინდაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს რჩევას აძლევს.
როგორც მიმინოშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათი, სადაც მითითებულია როგორც საგამოცდო ადგილი, ასევე დრო. ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს აბიტურიენტებს, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ მისამართებზე და გაიარონ რეგისტრაცია.

”ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით. საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, დააკვირდნენ ცენტრის მისამართს და, რაც მთავარია, დროულად გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილია საქართველოს ყველა
ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. თბილისში ათი საგამოცდო ცენტრია გახსნილი, ქუთაისში - სამი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კი აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც ივა მინდაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ხვალ პირველი სესიის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება და აუცილებელია აბიტურიენტებმა თან იქონიონ ყველა საჭირო საბუთი და დაიცვან წესრიგი.

”წელს რაიმე გამორჩეული სიახლე არ გვაქვს. გამოცდები ტარდება კვლავ ნახევრად ელექტრონული ფორმით, როგორც წინა წელს.

08:00 საათზე დილით ველოდებით აბიტურიენტებს პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის.

მე მოვუწოდებ აბიტურიენტების მშობლებს და ვთხოვ მათ, რომ მაქსიმალურად
მშვიდი გარემო შეუქმნან საკუთარ შვილებს, რათა უკეთესად უპასუხონ კითხვებს. ასევე არ დაიგვიანონ აბიტურიენტებმა და თან იქონიონ პირადობის მოწმობა და მოსაწვევი”, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ.

სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. 
ინტერპრესნიუსი
1005
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი