ძველი იქნება სახელმძღვანელოები თუ ახალი? დაარიგებენ თუ არა კომპიუტერებს? - პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე სკოლებში სწავლის დაწყების თარიღი ახლოვდება. ამ პერიოდში სასკოლო სამზადისი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები მეტად აქტუალური ხდება. ბოლო პერიოდში, მშობლების ნაწილის ღელვას პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერებისა და უფასო სახელმძღვანელოების საკითხი იწვევს. ”ძველი წიგნები წელს აღარ გამოდგება”; ”სახელმძღვანელოები უფასოდ აღარ დარიგდება”; ”კომპიუტერებს ისევ დაარიგებენ?” - მოსწავლეთა მშობლების მიერ დაწერილ ამ შინაარსის კომენტარებს სოციალურ ქსელში ალბათ თქვენც ხვდებით. mshoblebi.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რამდენად რეალურია მათი შიში?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.
2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება.
უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.
2017 სასწავლო წლისთვის 4 724 660 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა. პროცენტულობით 60% ახალი სახელმძღვანელოა, 40% კი მეორადია.
თითოეული მოსწავლისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოების პაკეტში იქნება როგორც გამოყენებული, ასევე ახალი წიგნები. სკოლები მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს თავად უნაწილებენ.
რაც შეეხება პორტაბელურ კომპიუტერებს. ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ.
15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლაში მისულ პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა.
წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული, ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდებიან.
პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც.
წელს სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.
როგორც ცნობილია, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
ანა მარშანია