"დღეს კატასტროფულად ჭირს კვალიფიკაციური კადრები კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად..." განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კუთხით არაერთ პროექტსა თუ პროგრამას ახორციელებს. ბოლოდ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფროსკლასებში, განსაკუთრებით მე-12 კლასში პროფესიული პროგრამების დანერგვა იგეგმება. საკითხის დაზუსტების მიზნით mshoblebi.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელს მარიკა ზაქარეიშვილს გაესაუბრა.
- იგეგმება თუ არა მე-12 კლასში პროფესიული პროგრამების დანერგვა და უფრო დაწვრილებით, რომ გვითხრათ, რისი სწავლა იქნება პროგრამით გათვალისწინებული?
- ასე ცალსახად არ არის საქმე. ნებისმიერ სკოლას არსებული კანონმდებლობით, რომელსაც აქვს ზედა საფეხურები - მე-10, მე-11, მე-12 კლასები, ახლაც კი შეუძლია ავტორიზაციაში გაატაროს პროფესიული პროგრამა და სკოლის სასწავლო პროგრამის პარალელურად ზედა საფეხურებზე ისარგებლოს პროფესიული პროგრამებით. ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენ რასაც ახლა ვიწყებთ სკოლებში მე-7, მე-8 კლასის საფეხურებზე, ეს არის შრომითი გაკვეთილების დანერგვა, რაც გულისხმობს 48-საათიანი სხვადასხვა სახელობო პროგრამის შესწავლას. მაგალითად, კულინარია, დურგლობა, მეფუტკრეობა და ა.შ. სკოლას შემოაქვს განაცხადი პროფესიულ პროგრამასთან ერთად და კონკურსის საფუძველზე იგებს გრანტს, რომლის საშუალებითაც 48-საათიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმავლობაში ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.
თუ როგორ და რა ფორმით ხდება პროფესიული პროგრამებით სწავლება სკოლებში, ამის შესახებ ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ ’’იბერიას” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა ცუცქირიძე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს.
- სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამები ხორციელდება ჩვენი სასწავლებლის პედაგოგების ჩართულობით 14 პროფესიაზე, 14 საჯარო სკოლაში, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩართული არის სკოლის წარმომადგენელი სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში. პროგრამა გულისხმობს სწავლების 48-საათიან კურსს, რომელიც დავიწყეთ 30 ოქტომბერს და დასრულდება 22 დეკემბერს. სკოლაში პროფესიული სწავლა ხდება კვირაში სამი დღე. ეს პროგრამა გათვალისწინეულია მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის. ვასწავლით საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ქუთაისის, წყალტუბოს სკოლის მოსწავლეებს ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა: მკერავ-მოდელიორი, სარესტორნო საქმე, დურგალი, კულინარიული ხელოვნება. გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო არ არის. მოსაწავლეები სურვილებისამებრ ესწრებიან.
- სკოლების მხრიდან ხდება პროფესიული სასწავლებლის შერჩევა?
- იმ სკოლებთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელი სკოლებიც დაგვიკავშირდნენ. ინფორმაცია სკოლებს მიწოდებული ჰქონდათ სამინისიტროს მიერ და სკოლის დირექტორებმა, რომლებმაც გამოხატეს სურვილი, რომ მათთან განხორციელებულიყო პროგრამა შრომითი უნარების შესახებ, დაგვისახელეს ის პროფესიები, რომლებიც უნდა გვესწავლებინა მათი მოსწავლეებისთვის.
- რამდენად დიდია მოსწავლეების მხრიდან ინტერესი?
- სწავლების ამ მოკლე დროის განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებულნი არიან მოსწავლეებიც და პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტებიც. თვითონ ბავშვებმაც ძაალიან დიდი ინტერესი გამოავლინეს პროფესიების შესწავლის მიმართ. ასევე, ჩვენ სამ პროგრამას ვახორციელებთ ქუთაისის ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონატში, სადაც შეზღუდული შეასძლებობის ბავშვები არიან და ვასწავლით მათ კერვას, კულინარიულ ხელოვნებას, სტილისტობას.
- პროფესიული პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარზე ვინ არის პასუხისმგებელი?
- ამ პროექტის ფარგლებში, როცა ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, შევიტანეთ ყველა ის მასალა, რაც ამ მოკლევადიანი კურსის გავლისთვის იყო საჭირო. პროფესიის შესაბამისად შევიძინეთ საჭირო ინვენტარი და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადავეცით სკოლებს, რომელიც რჩებათ მათ საჩუქრად. მინდა ხაზი გავუსმა იმასაც, რომ კვებაც არის გათვალისწინებული პროგრამაში, რადგან სკოლის გაკვეთილების შემდეგ ბავშვი მოშიებულები არიან.
ასევე იხილეთ: გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი და რისთვის არის 12-წლიანი სწავლება საჭირო
- ცხრაკლასდამთავრებულთათვის რას ითვალისწინებს პროფესიული პროგრამები ?
- პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტში გათვალისწინებულია, რომ პარალელურად ცხრაკლასდამთავრებულს შეუძლია ისწავლოს ის ზოგადი საგნები, რაც ისწავლება სასკოლო პროგრამით და აიღოს პროფესიული სასწავლებლის დიპლომი, რომელიც გათანაბრებული იქნება 12 კლასის სასკოლო ატესტატთან. თუ, რა თქმა უნდა, ცხრაკლასდამთავრებულს სურს დამატებითი საგნების შესწავლა.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად აუცილებელია ახალგაზრდებში პროფესიული პროგრამების მეტი პოპულარიზაცია ”საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტ მიშა კორძახიას ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება.
- ჩვენ ვახორციელებთ გემანიის სახელმწიფოს მხარდაჭერით ”პროფესიული განათლება და სწავლება კავკასიის ქვეყნებში” პროექტის ფარგლებში პროფორიენტაციებს, მივდივართ სკოლებში, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით და ერთი დღის განმავლობაში რეალობასთან მიახლოებულ სამუშაოებს ვასრულებინებთ ბავშვებს. ვაკეთებთ სიმულაციებს, რომელშიც მონაწილე ბავშვებს გუნდურად უწევთ მაგალითად, სახლის აშენება, კედლების შეღებვა, გადახურვა. მხოლოდ კვირა დღეს ვიყენებთ ამისთვის. ეს პროექტი იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება სკოლის ასაკიდან დაიწყოს ორიენტირება ბავშვმა პროფესიაზე, გავუღვიძოთ მას ინტერესი პროფესიული საქმიანობის მიმართ, რათა მომავალში საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეძლოს დასაქმება. დღეს კატასტროფულად ჭირს კვალიფიკაციური კადრები კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად.
რუსკა კილასონია