უშგულში მოხალისედ წასული მასწავლებლის ცხოვრება და პრობლემები ლიანა სამნიაშვილი უშგულში საცხოვრებლად 6 წლის წინ გადმოვიდა. ის უშგულის სკოლაში პედაგოგად მუშობს. იმის გამო, რომ იმ დროისთვის სკოლას მათემატიკის პედაგოგი არ ჰყავდა, მუშაობის დაწყება აქ, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მოუწია. როგორც ქალბატონი ლიანა ჩვენთან საუბარში ამბობს, მთის მკაცრ გარემო პირობებთან შეჩვევა არ გასჭირვებია და ადგილობრივებმაც განსაკუთრებულად თბილად მიიღეს...
- უშგულში პროგრამა "ასწავლე სქართველოსთვის" ფარგლებში მოვხვდი. ძალიან მაინტერესებდა სვანეთი, სვანი ხალხი და კონკრეტულად უშგული. როდესაც გავიგე, რომ სვანეთში უნდა მემუშავა, დიდი სიხარულით შევხვდი ამ ფაქტს. მანამდე სხვადასხვა სკოლაში ვმუშაობდი, დაახლოებით 10 წელი დავყავი იქ. უშგულში კი ჩემი ყოფნის მეექვსე წელი დაიყო.
- როგორ მიეჩვიეთ მთის რთულ პირობებს?
- რთული არ იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, რთულია, აქ ცხოვრება მაგალითად, ზამთარი აქ 9 თვე მაინც არის, მაგრამ როცა გინდა, გაინტერესებს, ეგუები და აღარაფერს ნიშნავს ეს შენთვის. ხალხიც თბილია. არ დამავიწყდება, როგორ მიმიღეს თავდაპირველად უშგულელებმა... მიღებას ხომ გააჩნია? ეს უფრო მეტად გიადვილებს ხალხთან ურთიერთობის დაწყებას და შეჩვევას ამ მკაცრ გარემოსთან.
- სკოლას მათემატიკის პედაგოგი წლები არ ჰყავდა. ცოდნის მხრივ როგორი მდგომარეობა დაგხვდათ?
- ამის მხრივ ცოტა არ იყოს ჩამორჩენა იყო. რა თქმა უნდა, როდესაც საფუძვლის წყვეტა აქვს ბავშვს, მას ცოდნის მხრივ ბევრი აკლდება, უჭირდათ ახალი თემების ათვისება, მაგრამ ახლა მდგომარეობა უკეთესად არის იმიტომ, რომ აღარ აქვთ გაცდენები და სრული ცდონით მოდიან. ნიჭი ნამდვილად ყველას აქვს, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ მათ უფრო ხელოვნებისკენ, ისტორიისა და ფილოლოგიის მხრივ აქვთ მიდრეკილება. სხვანაირად ვერც იქნება ალბათ, იმიტომ, რომ ასეთ გარემოში, ასეთ ბუნებაში იზრდებიან.
- რამდენი ბავშვია სკოლაში?
- სკოლაში ამჟამად 41 ბავშვი და 18 მასწავლებელია. სკოლა საშუალო, თუმცა ბავშვთა დიდი რაოდენობით დიდად არ გამოირჩევა. მაგალითად, მესამე და მეცხრე კლასში თითო-თითო მოსწავლეა, ამის გამო არის კლასკომპლექტიც და გვიწევს რამდენიმე კლასის გაერთიანება. წელს პირველ კლასში მივიღეთ 7 ბავშვი, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ეს არის ყველაზე მეტი მიღებული მოსწავლეების რაოდენობა.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- ამბობენ, მთაში ბავშვები სხვანაირები არიანო...
- ვიტყვი იმას, რომ ძალიან მონდომებულები არიან. სკოლის გარეთ ისინი თავიანთი მშობლების გვერდით დგანან და ყველანაირ, ეს იქნება ფიზიკური თუ შედარებით მარტივი საქმე, მათთან ერთად აკეთებენ. მთაში ცხოვრება მარტივი არ არის, აქ შრომა უმეტესად ფიზიკურად უწევთ. ამაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ძალიან დიდი პლუსია, რომ შრომას თავიდანვე ეჩვევიან. ბარში მცხოვრებ ბავშვებს ამგვარი შრომა არ უწევთ. მათი მშობლები სულ გასულები არიან სახლიდან, ნაკლებად ხედავენ მათ და ბავშვიც შედარებით მოკლებულია მშობლის ყურადღებას.
- სკოლის შენობა რა მდგომარეობაშია?
- დღეს რა შენობაშიც გვიწევს სიარული, სკოლის შენობისთვის ძალიან არა სტანდარტულია. არ არის საჭირო რაოდენობის საკლასი ოთახები. კლასიდან გარეთ რომ გამოვიდეთ, გვიწევს მეორე კლასის გამოვლა, სადაც გაკვეთილები მიმდინარეობს ხოლმე. ძველი სკოლა სადაც ყოფილა, ის დამწვარა და მას შემდეგ აქ მოუწიათ გადმოსვლა. ამ შენობაში კი ადრე რესტორანი ყოფილა. მომავალი წლის ზაფხულიდან იგეგმება ამ შენობის რეაბილიტაცია, ალბათ გადააკეთებენ ისე, რომ მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც უფრო მოსახერხებელი და კომფორტული იყოს.
- რა პრობემას აწყდება მაღალმთიანეთში სამუშაოდ ასული მასწავლებელი?
- პრობლემა პროექტით ამოსული მასწავლებლებისთვის არის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. ადგილობრივებს უჭირთ ფართის გამოყოფა მაშინ, როდესაც ამ ყველაფრიდან შემოსავალს იღებენ. რამდენიმე წელი ერთ სახლში ვცხოვრობდი. იმის გამო, რომ უშგულში ტურიზმი დღითი დღე ვითარდება, ამ სახლის პატრონები უკან დაბრუნდნენ. მე სხვაგან მომიწია გადასვლა... უშგულში საკმაო რაოდენობის დაცლილი და გამოკეტილი სახლია, მაგრამ გამოუსადეგარია საცხოვრებლად. არაერთხელ მითქვამს ამ პრობლემის შესახებ იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ევალებათ... ადრე მასწავლებლის სახლები არსებობდა, სადაც ასე ჩასულ მასწავლებელს შეეძლო ცხოვრება. კარგი იქნებოდა, თუ სამინისტრო დაინტერესდებოდა ამ პრობლემით და შეეცდებოდა რამენაირად მის მოგვარებას.
ნინო ჩიქოვანი