ბაჩო წიკლაური მაქართის დაწყებითი სკოლის მესამე კლასში სწავლობს ბაჩო წიკლაური მაქართის დაწყებითი სკოლის მესამე კლასში სწავლობს. არა მხოლოდ კლასში, ის სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა. ბიჭუნას არც კლასელი ჰყავს, არც - სკოლელი. სამაგიეროდ, ჰყავს ორი მასწავლებელი: მუსიკას და ინგლისურს ინგა მასწავლებელი ასწავლის, ყველა სხვა საგანს - ლია მასწავლებელი.
გუდამაყარსა და ბაჩოს ოჯახში დეკემბერში ვიყავით. მაშინ კვირა დღე იყო, სემესტრის მიწურული. უქმე დღის მიუხედავად, ბიჭუნა არ დაგვზარდა, გამოგვყვა სკოლამდე, ეზოში ფოტოებიც გადავიღეთ. ლია მასწავლებელი შეუძლოდ იყო. "ხომ არ ავიდე გასაღების ჩამოსატანად?"- შემოგვთავაზა ბაჩომ. ჩვენ დავპირდით, რომ არდადეგების მერე აუცილებლად ვესტუმრებოდით მის სკოლას. რამდენიმე დღის წინ დანაპირები ავასრულეთ.
ჩვენი სტუმრობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. "ამ სკოლით და ხეობით არავინ ინტერესდებაო", - გვეუბნება ლია მასწავლებელი.
სკოლა კერძო სახლშია განთავსებული. გვეუბნებიან, რომ ადრე აქ სოფლის საბჭო იყო, პირველ სართულზე კი - კლასები. შემდეგ შენობის პრივატიზება მოხდა. სკოლა ერთ ოთახში, უფრო სწორად დერეფანში დატოვეს. ერთ მოსწავლეს და ორ მასწავლებელს ეს პატარა ოთახიც ჰყოფნით. წინ კედლებზე დაფაა, უკან - თვალსაჩინოებებია გაკრული. კარის ღრიჭოებიდან უბერავს, თუმცა ახლა რა უშავს, თბილი ზამთარია, ღუმელიც ანთია და არ ცივა.
დილას სკოლაში ჯერ ლია მასწავლებელი მიდის. ის ღუმელს ანთებს, რომ ბაჩოს თბილი ოთახი დაახვედროს. ბაჩო ან დედამისი, როგორც წესი, ფანჯრიდან უყურებენ. "ზემოდან გამოვიხედები ხოლმე და რომ დავინახავ, ლია მასწავლებელი ჩამოდის, მეც ვეშვები, ხან ფეხით, ხან - ციგით", - გვეუბნება ბაჩო.
ხანდახან დიდი თოვლი თუ არის, ფეხი ცურავს და ბიჭი დედას ჩამოჰყავს.
- ბაჩო ხუთოსანი ხარ? - ტრადიციულად, რატომღაც ასე ვკითხეთ მაშინ, პირველი შეხვედრისას და...
-არა, ათოსანი! - იწყინა ბიჭმა.
კლასში ერთია. ვერც ვერავინ უკარნახებს რამეს და ვერც ვერავისგან გადაიწერს. ყოველდღე ყველაფერს, ყველა გაკვეთილს, მას ეკითხებიან, ამიტომ კარგად სწავლობს. განსაკუთრებით ქართული და ინგლისური უყვარს.
- ბაჩო, აბა, რა გვქონდა გაკვეთილად? - ეკითხება ლია მასწავლებელი. მოსწავლემ ტექსტი ერთხელ უკვე წაიკითხა, ახლა მასწავლებელს შეკითხვებზე პასუხობს.
ქართულის გაკვეთილი აქვთ. ვთხოვთ, გაკვეთილი ისე ჩაატარონ, როგორც სხვა დროს ხდება. ჩვენ არ მოგვაქციონ ყურადღება. მთლად ასე არ გამოდის. ფოტოაპარატის ჩხაკუნზე ბიჭს ყურადღება ეფანტება. ლია მასწავლებელი გვთხოვს, ჩვენი სტუმრობა სკოლის დირექტორსაც ვაცნობოთ. მაქართის სკოლა გუდამაყრის სკოლას ექვემდებარება. ჟუჟუნა წიკლაური გაკვეთილებზე დასწრებაზე უარს არ გვეუბნება. ვთანხმდებით, რომ მოგვიანებით ზანდუკში, სკოლაში შევხვდებით.
ამ დროს მოსწავლე და მასწავლებელი გაკვეთილზე წაკითხულის შესახებ ბჭობენ.
"მესამედ რომ შეუყარა ბუხარში ფული, რატომ დაიწყო შვილმა ბუხარში ძებნა?"
"იმიტომ, რომ ის თავად გამოიმუშავა".
"მანამდე რატომ არ ეძებდა?"
"იმიტომ, რომ მანამდე დედამ მისცა ფული".
"რას გვასწავლის ეს მოთხრობა, ბაჩო?", – ისევ ეკითხება ლია მასწავლებელი.
"გვასწავლის, რომ უნდა ვიშრომოთ, არ ვიზარმაცოთ", – პასუხობს ბიჭუნა.
შემდეგ რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს არჩევენ და გაკვეთილი მთავრდება კიდეც.
მეორე მატემატიკის გაკვეთილი აქვთ. ასეულებს, ათეულებსა და ერთეულებს გადიან. ბაჩო ჯერ დავალებას კითხულობს და მერე დაფასთან მუშაობს.
– აბა დაწერე 245. რამდენია ასეულია? რამდენი ათეული? ერთეული?
– ორი ასეული, ოთხი ათეული და ხუთი ერთეული.
12 საათისთვის ინგა მასწავლებელიც მოდის. მათემატიკის მერე მესამე, ერთადერთ კლასს ინგლისური აქვს. ინგასთან ერთად სკოლაში ბაჩოს დედაც ჩამოდის. ჩვენ ვსარგებლობთ და ვესაუბრებით მათ.
"კარგია, რომ სოფელში დაწყებითი სკოლა მაინც არსებობს, თორემ ბიჭუნა ძალიან გაწვალდებოდა ფეხით უნდა ევლო", – ამბობს ლელა წიკლაური, ბაჩოს დედა. ბაჩოს უფროსი ძმა და კიდევ ორი ბავშვი საშუალო სკოლაში დადიან ზემოთ, ზანდუკში, ყოველდღე ფეხით 4 კილომეტრს გადიან ბავშვები თოვლსა და ყინვაში.
ლია მასწავლებელს, ლია წიკლაურს თავადაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული. მაშინ გუდამაყრის ხეობაში რამდენიმე დაწყებითი და ერთი საშუალო სკოლა იყო. "ჩვენ ბევრნი ვიყავით, თუმცა მერე ჩვენც ზემოთ დავდიოდით სკოლაში", – იგონებს მასწავლებელი. უკვე ათ წელზე მეტია, ამ სკოლაში მუშაობს, ხშირად კლას–კომპლექტებიც ჰქონდათ ხოლმე, 4–5 მოსწავლით. ბაჩო რომ გადავა საშუალო სკოლაში, მეტი ბავშვი არც იქნება...
არადა, ლია მასწავლებელი მარტოხელა დედაა, მშობლების ოჯახში ცხოვრობს და სკოლის ხელფასით ინახავს ერთადერთ ვაჟს, რომელიც წელს, იქვე, ხეობაში ამთავრებს საშუალო სკოლას.
ინგა მასწავლებელი, ინგა ჩოხელიც, გუდამაყრელია, სოფელ ჩოხიდან არის, მაქართაშია გათხოვილი.
– ბაჩო შენ გარდა სოფელში სხვა ბავშვები არ არიან? – ვეკითხებით ბიჭუნას.
– კი, როგორ არა, ნუცაა, – გვეუბნება ბაჩო. ნუცა ბაჩოს მეზობელია, ინგა მასწავლებლის შვილი, ის მერვე კლასშია და ბიჭებთან ერთად საშუალო სკოლაში დადის. კიდევ ორი უფროსკლასელი დათო... ეს არის და ეს... ზამთარში მეტი არავინ რჩება.
"ზაფხულობით კარგია გუდამაყარი, ბევრი ხალხია, ბაჩოს კბილა ბიჭები და გოგონებიც ჩამოდიან", – გვეუბნებიან მასწავლებლები.
"ხან მდინარეზე დავდივართ საბანაოდ, ხან დამალაობანას, დაჭერობანას ვთამაშობთ", – გვეუბნება ბიჭუნა, რომელსაც ზამთრობით სწყინდება ხოლმე.
"რომელ მდინარეზე? ეს რა ხეობაა ბაჩო?
– გუდამაყრის.
– აქ რომელი მდინარე მოდის?
– არაგვი?
– რომელი არაგვია, ბაჩო? თეთრი თუ შავი?
– თეთრი- გვპასუხობს თავიდან და
– ბაჩო რა ჰქვია ჩვენს მდინარეს? - აზუსტებინებს ლია მასწავლებელი
– შავი არაგვი".
მეოთხე გაკვეთილი ბუნება უნდა ჰქონდეს, მაგრამ მანამდე ჩვენი ხათრით მუსიკას "ატარებენ":
"ტიალო დარიალაო, კლდენი ხარ ცარიალაო", – მღერის ბაჩო.
ბაჩო ყოჩაღი ბიჭია, ის გვპირდება, რომ გაიზრდება, იშრომებს და იყოჩაღებს: სახლსაც მოუვლის და სოფელსაც.