"მასწავლებლებსაც არ სიამოვნებთ ამ ნაწარმოების ბავშვებისთვის სწავლება"
"ესეც ჩემი მარიამის პირველი საჯარო პროტესტი განათლების სამინისტროს" - ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელშიც სკოლის მოსწავლე ნუგზაირ შატაიძის მოთხრობას "მოგზაურობა აფრიკაში" აპროტესტებს, უმრავი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა აღნიშნული ნაწარმოების სასკოლო პროგრამაში შეტანა იმ თვალსაზრისით, რომ ნარკოტიკის მოხმარების შესახებ აწვდიდა მოსწავლეებს ინფორმაციას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მოთხრობის ბოლომდე წაკითხვა იყო აუცილებელი, რათა სწორი დასკვნები გამოტანა შეძლებოდათ მკითხველებს.
mshoblebi.ge დაუკავშირდა გია ყრუაშვილს, რომელმაც გაავრცელა შვილის საპროტესტო ვიდეო სოციალურ ქსელში.
"ზოგადად მარიამისგან არ ვართ მიჩვეული, რომ რამე ასე გაეპროტესტებინა. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ეს მოთხრობა სრულად წაკითხული.როცა ბავში კითხულობდა და შემომესმა სიტყვები: დამაბოლეს, ვეფხვები, სპილოები, დავინტერესდი. მას მერე, რაც გავიგე რას კითხულობდა, ცოტა გავღიზიანდი... კულუარულად მაქვს ინფორმაცია, რომ მაინცდამაინც მასწავლებლებსაც არ სიამოვნებთ ამ ნაწარმოების ბავშვებისთვის სწავლება. მე-7 კლასში სწავლობს მარიამი, ყველა საგანში ვამზადებ, ყველა საგანში ვიხდი ფულს. თუ სწავლაზე და განათლებაზე ფიქრობენ, სწავლების ხარისხი გააუმჯობესონ.
ვიღაცებმა ისიც აღნიშნეს, რომ თითქოს ჩემი დავალებით გადაიღო ბავშვმა ვიდეო და მე ავატვირთინე. მე არაფერ შუაში ვარ. თვითონ ბავშვს ჰქონდა პროტესტი. სხვანაირი ხასიათის ბავშვია, ეკლესიაში დადის, მარხვას ინახავს, შარვალს არ იცვამს, განა ეს ჩემი დამსახურებაა, თვითონ უნდა ასე.
არავითარ შემთხვევაში, ეს ასე არ არის, ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი, რომელიც ამ მოთხრობაზე ქირქილობდა და ამბობდნენ, ჩვენც ხო არ გაგვესინჯაო. ისე კი არ აღიქვეს ამ მოთხრობის შინაარსი, რომ ნარკომანობა ცუდია და სწორედ ეს უნდა ამოიკითხონ აქ. არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ეს მოთხრობა ეწეროს მე-7 კლასის სახელმძღვანელოში. ჩვენ თუ შვილებთან მართლა გვინდა ვისუბროთ იმ ტრაგედიაზე, რასაც ნარკოტიკის მოხმარება იწვევს, სხვა ფორმითაც შეიძლება ავუხსნათ ბავშვებს. მე მაგალითად სკოლაში, რომ ვიყო თვითონ ნარკომანებს ვაჩვენებ ბავშვებს, ვეტყვი, აი, შვილო, ნარკომანი აგერ რომ არის და ცეროზი აქვს, მისი ცხოვრება რას დაემსგავსა, ოჯახი დაენგრა და ა.შ. რომელ გოგოს და რომელ ქალბატონ სურს ნარკომანის გვერდზე ცხოვრება? უამრავ ბავშვს განახებთ, რომელიც სიგარეტით ხელში გამოდის კლასიდან და სკოლიდან. თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ უნდა ვებრძოლოთ კრიმინალს და უნდა ვებრძოლოთ ძველბიჭურ მენტალიტეტს, რას ვაკეთებთ ამისთვის? ვასწავლით, რომ ნარკოტიკს ვეფხვები მოჰყავს და ამით ვაგვარებთ პრობლემას ?
იმისათვის, რომ თვითონ მასწავლებლის პოზიციიდან დაგვენახა, რამდენაც აუცილებელია სასკოლო პროგრამაში ისწავლებოდეს "მოგზაურობა აფრიკაში" 79-ე საჯარო სკოლის ფილოლოგს, თამარ ვეფხვაძეს გავესაუბრეთ.
"როცა ვასწავლით, არის ხოლმე ბავშვების მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება, თუმცა ვუხსნით, რის გამოც არის ეს მოთხრობა შეტანილი სასკოლო პროგრამაში. ვეუბნებით მათ, რომ ეს არ გაიმეორონ, მაგალითი არ აიღონ ასეთი ქცევისგან, არამედ პირიქით, მიხვდნენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ცუდია. მოთხრობაშიც ხომ ეს აზრია. გიას მეგობარი წუპაც ხომ გარდაიცვლება, რაც თავისთავად იმის მინიშნებაა, თუ როგორი ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკის მოხმარებას. თვითონაც ბავშვების რეაქცია იყო ადეკვატური, როცა წაიკითხეს ეს ნაწარმოები. მათ დაგმეს ნარკოტისკის მოხმარება.
როგორც ფიქრობთ, უნდა იყოს ეს მოთხრობა სასკოლო პროგრამაში შეტანილი? თუ მასწავლებელი კარგად განიხილავს და თუ სწორ მიმართულებას მისცემს ბავშვს, არაფერი დასაძრახი არ წერია მასში ისეთი, რომ არ ისწავლებოდეს. ჩვენ ამ მოთხრობას მე-9 კლასში ვასწავლით.
"მოგზაურობა აფრიკაში" ნუგზარ შატაიძის მოთხრობაა, რომელსაც გამოქვეყნებისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2009 წელს რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მოთხრობის მიხედვით მხატვრული ფილმი "გაღმა ნაპირი" გადაიღო, რომელიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს. სურათი ოცდაათამდე ქვეყანაში უჩვენეს და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა. ავტორმა გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის პრიზიც მიიღო.
რუსკა კილასონია