"დეგენერატებო", "საღორეში იზრდებით","წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი" - გამაოგნებელი ტერმინები, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ
"დეგენერატებო", "საღორეში იზრდებით","წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი" - გამაოგნებელი ტერმინები, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარტმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

სახალხო დამცველის აპარატმა 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონი შეამოწმა.

კვლევის მიხედვით, კითხვარები შეავსო მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 1861-მა მოსწავლემ და სკოლაში დასაქმებულმა 1739-მა პირმა, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა.

მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა, რომ მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია ბავშვთა უფლებებისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმების
შესახებ, თუმცა მათი ცოდნა ზედაპირულია და უჭირთ უფლებებისა და მოვალეობების ერთმანეთისგან გამიჯვნა. სკოლებში გავრცელებულია ძალადობის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ფორმები, თუმცა ხშირია მოსწავლეთა შორის ძალადობის, განსაკუთრებით, ბულინგის შემთხვევების იგნორირება. მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს დახმარების მიღების იმედი და გამოცდილება, არც ინფორმაცია დახმარების მიღების გზების შესახებ.

სკოლაში, უფროსებს შორის, ძალადობის განმახორციელებლად ყველაზე ხშირად გვევლინებიან მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირები - საგნის მასწავლებელი და დამრიგებელი. ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად.


იმის გასარკვევად, თუ როგორია ძალადობის აღქმა და მისი გამოვლენის ფორმები სკოლაში, რა ქმედებებს მოიაზრებენ ძალადობად სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები, ინტერვიუების შედეგად გაირკვა, სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მანდატურები არ ფლობენ
ბაზისურ ცოდნას ძალადობის სახეების შესახებ; მათ უჭირთ ძალადობის ცნების განსაზღვრა; სკოლებში არ არსებობს ძალადობის იდენტიფიცირებისა და რეაგირების ერთგვაროვანი მექანიზმი.

ყურადღებას იქცევს ასევე იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც აშკარა ძალადობის ფაქტებს ძალადობად არ აღიქვამენ, მაგალითად, სრულად ან უფრო არ ეთანხმებიან ფიზიკური ძალადობის ისეთ თვალსაჩინო გამოვლინებებსაც კი, როგორიც არის ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვა.

სკოლის თანამშრომლების, და განსაკუთრებით მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს, ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლის დასჯის მიზნით, გაკვეთილის განმავლობაში ფეხზე დაყენება, დასჯის მიზნით მოსწავლის მიერ საკლასო ოთახის/ეზოს/ სკოლის დერეფნის/ტუალეტის დალაგება, სკოლის თანამშრომლების მიერ მოსწავლის (მოსწავლეების) დაბარება შინამეურნეობაში დასახმარებლად.

სკოლებში უცხო არ არის დისკრიმინაციული გამოვლინებები ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, არაპრესტიჟულ უბანში ცხოვრების, დაბალი/მაღალი აკადემიური მოსწრების, ჩაცმულობის და აქსესუარების ტარების და ა.შ. გამო. მოსწავლეების და სკოლის თანამშრომლების ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება ან სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ არის ძალადობა.

რაც შეეხება, სკოლის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, მონიტორინგის პროცესში, 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მათივე თქმით, ეს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირების გავრცელებული ფორმაა. 5 ფოკუს ჯგუფში ბავშვებმა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მკაცრად ისჯებიან. მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: "დებილო!", "სულელო", "უჭკუო", "დაუნო", "ლაწირაკო", "უტვინოებო", "ბატებო", "ჩლუნგებო", "სახედრებო", "თახსირშვილებო", "ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით", "დედა ნახე, მამა ნახე...", "თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით", "ეშმაკსაც წაუღიხართ","ოჯახში არ იზრდები?!", "ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი", "შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი", "ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს", "სისხლი გაგიშრათ თქვენ", "მათხოვრებო", "დეგენერატებო", "საღორეში იზრდებით","წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი".

ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკვნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს. მაგალითად, ბავშვებმა ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს: "მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, არავისთვის რომ არ მოეყოლა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა". "მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო მასწავლებელმა მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა". ბავშვებმა გაიხსენეს შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლის სიტყვიერი დამცირება/დაცინვა პედაგოგის მხრიდან მის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა იყო და არა რეაგირება მოსწავლის არასწორ ქცევაზე. "გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ", "სპილოს ყურები გაქვს", "მე რამდენჯერმე მითხრა მასწავლებელმა, შენს კლასელებთან შედარებით რა პატარა ხარო და მთელმა კლასმა გაიცინა", "ერთი მასწავლებელია და ვინც ვერ სწავლობს, ყველას დასცინის, მაგალითად, იცის, რომ ბავშვმა კარგად არ იცის კითხვა და სიცილით ამბობს იმაზე - ბავშვებო, ახლა ის წაიკითხავს ყველაზე კარგადო".

აღსანიშნავია, რომ ფოკუს ჯგუფებში, ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა პედაგოგების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის მოსწავლეთა მიმართ. ბავშვები ყვებიან, რომ ისტორიის მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე მთელ კლასს ალოცებს. კლასში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ლოცვის დროს ფეხზე უნდა ადგნენ. მეორე შემთხვევაში, ფოკუს ჯგუფში მონაწილე ბავშვებში მოხვდნენ შშმ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები. კლასში მყოფმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ერთი მოსწავლე "ინკლუზიური" იყო, მეორე კი -"არაქართულენოვანი". ისინი არ უნდა შეგვერჩია, რადგან ვერაფერს გვეტყოდნენ. ამ მოსწავლეებმა თავი შერცხვენილად იგრძნეს. რაც შეეხება ინტერვიუებს დირექციის წარმომადგენლებსა და მანდატურებთან, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა დისკრიმინაციული მიდგომები ზოგიერთი არასრულწლოვნის, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის ან სოციალურად დაუცველი ბავშვის მიმართ. სკოლის დირექტორი დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანზე: "ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა".

განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოიკვეთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარების მიმართ. ერთ-ერთი დირექტორის თქმით, ამ სახლის აღსაზრდელები მის სკოლაში არ ირიცხებიან და არც აქვს ამის სურვილი, რადგან ისინი უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ სხვა ბავშვებზე. სხვა დირექტორი ერთ-ერთ მოსწავლეზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლების თანდასწრებით: "მიეცით ამ გაჭირვებულს კალამი, მაინც სოციალურად დაუცველია"

სკოლის თანამშრომლები მოსწავლეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე მოსწავლეებთან შედარებით უფრო "მსუბუქად" საუბრობენ, ამასთან, მათი პასუხები აჩვენებს, რომ მოსწავლეების ჩაგვრა/დამცირება/ძალადობა მარტო სკოლაში კი არა, სკოლის გარეთაც (ოჯახი და სხვ.13) ხდება. შემთხვევათა მხოლოდ 15.7%-ში (267 შემთხვევა) ამბობენ სკოლის თანამშრომლები, რომ თავიანთი პროფესიული საქმიანობის დროს ბავშვის მიმართ ძალადობის რაიმე ფორმა არ შეუნიშნავთ. შემთხვევათა 2.4%–ში პასუხს თავი აარიდეს. დანარჩენ შემთხვევებში მეტ-ნაკლები სიხშირით უთითებდნენ, რომ ბავშვები გამხდარან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.


მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა სკოლის უსაფრთხოების საკითხი. უსაფრთხოების განცდაზე საუბრისას, მოსწავლეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუმცა მოსწავლეების ნაწილი საფრთხის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს (გამოკითხულთა 10.5%) მნიშვნელოვანია, რომ "ძალზე უსაფრთხოდ" მცირეკონტინგენტიან სკოლებში უფრო მეტი მოსწავლე გრძნობს თავს (75.5%), ვიდრე დიდკონტინგენტიან სკოლებში (55.5%), რაც იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების განცდაზე გავლენას ახდენს, როგორია სკოლა - დიდი თუ მცირეკონტინგენტიანი. სადაც მეტი მოსწავლეა, იქ საფრთხის განცდა შედარებით მეტია.

6536
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
0
Zaladobis faqtebi,samwuxarod ,zalian gaxshirda.rogorc maswavleblis mxridan ,aseve moswavleebis mier maswavleblebze.da ara marto.direqtorebis mxridanac.me maswavlebeli var.erti shekitxva minda davsva da iqneb gamarkviot.direqtorebis zaladobisgan maswavlebelma tavi rogor unda daicvas?
02:33 / 26-04-2018
მარი
3
იმაზე იმსჯელეთ რატომ ხდება ასე,თორემ რომ ხდება ყველამ იცის!!!ბავშვის ცემა-ტყეპა მიუღებელია,მაგრამ წარმოიდგინეთ მისი მშობლები:გაუბედურებულები შრომისგან(თუ ორივე ყავს) და მაინც ძლივს არჩენენ 4-5 სულიან ოჯახს!იმის თავიც კი არა აქვთ შვილს კითხოს დღეს რა მოხდა სკოლაში?!მერე ეს მიტოვებული ბავსვი მიდის იმ საცოდავ სკოლაში სადაც მის მასწავლებელსაც ანალოგიური სიტუაცია აქვს და ერთი სული აქვს გაკვეთილს როდის მორჩება,რომ სახლში მიიღოს მოსწავლეები!(აბა იმ მოსწავლეს კი არ ცემს ვინც ფულს უხდის)....მოკლედ რისი თქმა მინდა:ქვეყანაში არის გაუსაძლისი მდგომარეობა 100 დან 80 მშიერია!!!ამიტომაც გარბიან ევროპაში ოჯახები!იფიქრეთ იმაზე,რომ რა მე შეიცვალოს ზევით!!!ხო,ხო ზევით,რადგან თუ ზემდგომი ორგანოები არ იზრუნებენ ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,მასინ სულ იქნება ძალადობა სკოლაშიც და ოჯახშიც!!!უმეტეს ოჯახში არის ძალადობა მშობლების (მაგრამ სხვა ამას ვერ ხედავს) და ბავშვიც მოძალადეა,მას ეცოდება ერთ-ერტი მშობელი,მაგრამ რა ქნას პოლიციასი დარეკოს?!არა ეცოდება მშობელი!მერე არ სწავლობს,არის გაღიზიანებული,არ ყავს მეგობრები და ა.შ....თევზი თავიდან ყროლს!!!გამგები გაიგებს!!!
00:31 / 12-03-2018
ლალუკა
2
უარესი გითხრათ? სირი დაუძახა ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეს, წარმოიდგინეთ ახლა რა აქვს ამ მასწავლებელს ტვინში გაჩხერილი, იყო დრო მასწავლებელი მასწავლებლობდა, წავიდა ეგ დრო. ასე რომ ზედმეტად ნუ იქნებით თავგამოდებული.
18:43 / 11-03-2018
კვაზი
1
გამოვფხიზლდეთ მოქალაქენო, მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტებისა და ამასთანავე ოჯახებისა და ქორწინების ცნების დამახინჯება.... საუბარია გაუთავებლად ძალადობაზე პოლიციის მხრიდან, საუბარია გაუთავებლად ძალადობაზე მამაკაცის მხრიდან ქალზე, ახლა დაემატა და სულ უფრო მეტი საუბარია სკოლაში მასწავლებლების მხრიდან ძალადობაზე, შემდეგ ამას მოყვება ლაპარაკი უფლებებზე, რატომღაც არავის ახსენდება რომ არსებობს მოვალეობებიც! რომ ერთი და ორი ძალადობის შემთხვევა ოჯახში არ ნიშნავს იმას რომ ყველა მამაკაცი უნდა დაისაჯოს, რომ რამდენიმე შემთხვევა პოლიციის მხრიდან შეუსაბამო ქმედებაზე არ ნიშნავს იმას რომ ყველა პოლიციელი დამნაშავეა, არც მასწავლებლების შემთხვევაში შეიძლება იმის თქმა რომ თუ მოსწავლემ წყობიდან გამოიყვანა და ხმას აუწია ფაშისტია და დასაჭერი..... გონს მოუხმეთ როცა ძალადობაზე და უფლებებზე საუბრობთ არასამთავრობოელი სახალხო დამცველის თანამოაზრეები! და სწორედ რომ იმ ოჯახში უნდა აღიზარდოს თურამეა (თორემ გაზრდით კი გაიზრდება) ის მოსწავლე და შემდეგ ზრდასრული, ჩამოყალიბებული მოქალაქე, რომელ ინსტიტუტსაც თქვენ ყველაზე მეტად ებრძვით და ცდილობთ რომ მაქსიმალურად დაამახინჯოთ!
00:18 / 11-03-2018
infanta
0
ბაღებში უარესი სიტუაციაა ... ფსიქოლოგიური ძალადობა საშინელ ფორმებს აღწევს უკვე ... მე თვითონ შევესწარი , თუ როგორ მიმართა მომვლელმა 2 წლის ბავშვს, რომელიც ტიროდა... " მოდი, მოდი შე საწყალო, მაინც არ უნდიხარ ბებიაშენს".. ბავშვი კი არა მე თვითონ ისე დავისტრესე, რამდენიმე დღე ძალიან ცუდად ვიყავი
09:49 / 10-03-2018
მსგავსი სიახლეები