მოსწავლეების და სკოლის თანამშრომლების ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება ან სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ არის ძალადობა...
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარტმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
სახალხო დამცველის აპარატმა 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონი შეამოწმა.
კვლევის მიხედვით, კითხვარები შეავსო მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 1861-მა მოსწავლემ და სკოლაში დასაქმებულმა 1739-მა პირმა, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა.
მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა, რომ მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია ბავშვთა უფლებებისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, თუმცა მათი ცოდნა ზედაპირულია და უჭირთ უფლებებისა და მოვალეობების ერთმანეთისგან გამიჯვნა. სკოლებში გავრცელებულია ძალადობის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ფორმები, თუმცა ხშირია მოსწავლეთა შორის ძალადობის, განსაკუთრებით, ბულინგის შემთხვევების იგნორირება. მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს დახმარების მიღების იმედი და გამოცდილება, არც ინფორმაცია დახმარების მიღების გზების შესახებ.
სკოლაში, უფროსებს შორის, ძალადობის განმახორციელებლად ყველაზე ხშირად გვევლინებიან მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირები - საგნის მასწავლებელი და დამრიგებელი. ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად.
იმის გასარკვევად, თუ როგორია ძალადობის აღქმა და მისი გამოვლენის ფორმები სკოლაში, რა ქმედებებს მოიაზრებენ ძალადობად სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები, ინტერვიუების შედეგად გაირკვა, სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მანდატურები არ ფლობენ ბაზისურ ცოდნას ძალადობის სახეების შესახებ; მათ უჭირთ ძალადობის ცნების განსაზღვრა; სკოლებში არ არსებობს ძალადობის იდენტიფიცირებისა და რეაგირების ერთგვაროვანი მექანიზმი.
ყურადღებას იქცევს ასევე იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც აშკარა ძალადობის ფაქტებს ძალადობად არ აღიქვამენ, მაგალითად, სრულად ან უფრო არ ეთანხმებიან ფიზიკური ძალადობის ისეთ თვალსაჩინო გამოვლინებებსაც კი, როგორიც არის ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვა.
სკოლის თანამშრომლების, და განსაკუთრებით მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს, ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლის დასჯის მიზნით, გაკვეთილის განმავლობაში ფეხზე დაყენება, დასჯის მიზნით მოსწავლის მიერ საკლასო ოთახის/ეზოს/ სკოლის დერეფნის/ტუალეტის დალაგება, სკოლის თანამშრომლების მიერ მოსწავლის (მოსწავლეების) დაბარება შინამეურნეობაში დასახმარებლად.
სკოლებში უცხო არ არის დისკრიმინაციული გამოვლინებები ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, არაპრესტიჟულ უბანში ცხოვრების, დაბალი/მაღალი აკადემიური მოსწრების, ჩაცმულობის და აქსესუარების ტარების და ა.შ. გამო. მოსწავლეების და სკოლის თანამშრომლების ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება ან სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ არის ძალადობა.
რაც შეეხება, სკოლის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, მონიტორინგის პროცესში, 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მათივე თქმით, ეს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირების გავრცელებული ფორმაა. 5 ფოკუს ჯგუფში ბავშვებმა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მკაცრად ისჯებიან. მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: "დებილო!", "სულელო", "უჭკუო", "დაუნო", "ლაწირაკო", "უტვინოებო", "ბატებო", "ჩლუნგებო", "სახედრებო", "თახსირშვილებო", "ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით", "დედა ნახე, მამა ნახე...", "თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით", "ეშმაკსაც წაუღიხართ","ოჯახში არ იზრდები?!", "ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი", "შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი", "ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს", "სისხლი გაგიშრათ თქვენ", "მათხოვრებო", "დეგენერატებო", "საღორეში იზრდებით","წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი".
ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკვნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს. მაგალითად, ბავშვებმა ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს: "მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, არავისთვის რომ არ მოეყოლა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა". "მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო მასწავლებელმა მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა". ბავშვებმა გაიხსენეს შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლის სიტყვიერი დამცირება/დაცინვა პედაგოგის მხრიდან მის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა იყო და არა რეაგირება მოსწავლის არასწორ ქცევაზე. "გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ", "სპილოს ყურები გაქვს", "მე რამდენჯერმე მითხრა მასწავლებელმა, შენს კლასელებთან შედარებით რა პატარა ხარო და მთელმა კლასმა გაიცინა", "ერთი მასწავლებელია და ვინც ვერ სწავლობს, ყველას დასცინის, მაგალითად, იცის, რომ ბავშვმა კარგად არ იცის კითხვა და სიცილით ამბობს იმაზე - ბავშვებო, ახლა ის წაიკითხავს ყველაზე კარგადო".
აღსანიშნავია, რომ ფოკუს ჯგუფებში, ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა პედაგოგების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის მოსწავლეთა მიმართ. ბავშვები ყვებიან, რომ ისტორიის მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე მთელ კლასს ალოცებს. კლასში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ლოცვის დროს ფეხზე უნდა ადგნენ. მეორე შემთხვევაში, ფოკუს ჯგუფში მონაწილე ბავშვებში მოხვდნენ შშმ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები. კლასში მყოფმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ერთი მოსწავლე "ინკლუზიური" იყო, მეორე კი -"არაქართულენოვანი". ისინი არ უნდა შეგვერჩია, რადგან ვერაფერს გვეტყოდნენ. ამ მოსწავლეებმა თავი შერცხვენილად იგრძნეს. რაც შეეხება ინტერვიუებს დირექციის წარმომადგენლებსა და მანდატურებთან, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა დისკრიმინაციული მიდგომები ზოგიერთი არასრულწლოვნის, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის ან სოციალურად დაუცველი ბავშვის მიმართ. სკოლის დირექტორი დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანზე: "ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა".
განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოიკვეთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარების მიმართ. ერთ-ერთი დირექტორის თქმით, ამ სახლის აღსაზრდელები მის სკოლაში არ ირიცხებიან და არც აქვს ამის სურვილი, რადგან ისინი უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ სხვა ბავშვებზე. სხვა დირექტორი ერთ-ერთ მოსწავლეზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლების თანდასწრებით: "მიეცით ამ გაჭირვებულს კალამი, მაინც სოციალურად დაუცველია".
სკოლის თანამშრომლები მოსწავლეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე მოსწავლეებთან შედარებით უფრო "მსუბუქად" საუბრობენ, ამასთან, მათი პასუხები აჩვენებს, რომ მოსწავლეების ჩაგვრა/დამცირება/ძალადობა მარტო სკოლაში კი არა, სკოლის გარეთაც (ოჯახი და სხვ.13) ხდება. შემთხვევათა მხოლოდ 15.7%-ში (267 შემთხვევა) ამბობენ სკოლის თანამშრომლები, რომ თავიანთი პროფესიული საქმიანობის დროს ბავშვის მიმართ ძალადობის რაიმე ფორმა არ შეუნიშნავთ. შემთხვევათა 2.4%–ში პასუხს თავი აარიდეს. დანარჩენ შემთხვევებში მეტ-ნაკლები სიხშირით უთითებდნენ, რომ ბავშვები გამხდარან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა სკოლის უსაფრთხოების საკითხი. უსაფრთხოების განცდაზე საუბრისას, მოსწავლეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუმცა მოსწავლეების ნაწილი საფრთხის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს (გამოკითხულთა 10.5%) მნიშვნელოვანია, რომ "ძალზე უსაფრთხოდ" მცირეკონტინგენტიან სკოლებში უფრო მეტი მოსწავლე გრძნობს თავს (75.5%), ვიდრე დიდკონტინგენტიან სკოლებში (55.5%), რაც იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების განცდაზე გავლენას ახდენს, როგორია სკოლა - დიდი თუ მცირეკონტინგენტიანი. სადაც მეტი მოსწავლეა, იქ საფრთხის განცდა შედარებით მეტია.