მათ პრობლემებზე სხვადასხვა თოქ-შოუში ბევრჯერ უმსჯელიათ, მაგრამ თავად მოზარდებისგან შეფასებები არ მოგვისმენია დღეს მასმედიის საშუალებებში იშვიათად მოისმენთ მოზარდების ხმას. მათ პრობლემებზე სხვადასხვა თოქ-შოუში ბევრჯერ უმსჯელიათ, მაგრამ თავად მოზარდებისგან შეფასებები არ მოგვისმენია. რა აწუხებთ დღეს ჩვენს შვილებს, მოზარდ თაობას. რას ფიქრობენ თავიანთ სკოლაზე, წიგნებზე, უფროსებზე, როგორ აფასებენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას და რა პრობლემები აქვთ.
თეო, 14 წლის. "მოზარდებს აკლიათ ყურადღება, უფროსებს ჩვენი არ ესმით და არც აინტერესებთ ჩვენი აზრი. თავადაც განვიცდი ამას. სხვების თვალში ძალიან უცნაური ვარ, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს - ჩემს ბიოლოგიის მასწავლებელს ყოველთვის ესმის ჩემი. ამიტომ არის, რომ ყველაფერს მას ვუყვები და მასთან ძალიან გახსნილი ვარ. მინდა უფროსებს ვურჩიო, სანამ განგვსჯიან, ჯერ ჩვენი აზრიც მოისმინონ", - ამბობს თეო.
მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით მისი ასაკის მოზარდებისთვის აქტუალურ საკითხებზე.
- თეო, გიყვარს სკოლაში სიარული, თუ მხოლოდ იმიტომ დადიხარ, რომ აუცილებელია?
- სკოლა მიყვარს, მაგრამ მაინც ალბათ ვალდებულების გამო უფრო დავდივარ.
- სწავლის დონე თუ მოგწონს? გაკმაყოფილებს თუ მეტი გჭირდება?
- ჩემი აზრით, სწავლის დონე მაღალია ჩემს სკოლაში, თუმცა მე პირადად არ მომწონს სწავლების მეთოდი, ბევრმა მასწავლებლებმა უბრალოდ არ იცის, როგორ უნდა მიუდგეს ბავშვს. დღევანდელ სკოლაში ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. ბავშვების მიმართ ან უაზროდ ლმობიერები არიან, ან მეტისმეტად მკაცრები. უბრალოდ რომ იმეგობრონ ბავშვებთან და გაუგონ მათ, არ უნდათ. გამიმართლა, რომ ჩემს ბიოლოგიის მასწავლებელთან შემიძლია მისვლა, როცა მიჭირს.
- მობილური ტელეფონი თუ გაქვს და როგორ ფიქრობ, აუცილებელია ძვირად ღირებული სპარტფონი შენი ასაკის ბავშვისთვის? როგორც ვიცი, ამის გამოც ხშირად არის უთანხმოება ბავშვებს შორის, რომ ვიღაცას უფრო ძვირი ტელეფონი აქვს და ვიღაცას - ნაკლები...
- მე მაქვს ტელეფონი... "აიფონი" არ არის, თუმცა ჩემს ტოლებს აქვთ საკმაოდ ძვირად ღირებული "აიფონები". სიმართლე გითხრათ, ეს არ მომწონს, ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავ იმაში, რომ 14 წლის ბავშვს ძვირიანი ნივთები ეჭიროს და "იმარიაჟოს", თანატოლები გააღიზიანოს. ჩვეულებრივი ტელეფონიც სავსებით საკმარისია.
- ხშირად ამბობენ, რომ შენი ასაკის გოგონები და ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ იცვამს, ვის აქვს უკეთესი სახლი, უკეთესი მობილური და ა.შ. გამიგონია, ზოგიერთ ბავშვს მხოლოდ იმიტომ არ მიჰყავს შინ კლასელები, რომ მისი ნაკლებ კეთილმოწყობილი სახლი არ ნახონ და მერე არ დასცინონ...
- ჩემს კლასში ასეთი რამ არ ხდება, თუმცა გამიგონია. მე თუ მკითხავთ, დიდი უაზრობაა. არავისი საქმე არ არის, მე როგორ ვიცვამ და როგორი სახლი მაქვს.
- რა დროს ატარებ კომპიუტერთან? თამაშობ თუ სწავლისთვის სასარგებლო ინფორმაციას ეძებ?
- კომპიუტერთან საკმაოდ დიდ დროს ვატარებ, მეც და ჩემი თანატოლებიც. ძირითადად სოციალური ქსელებით ვსარგებლობ, თამაშებს ნაკლებად ვთამაშობ. როცა საჭიროა, ინფორმაციასაც ვიღებ, თუმცა - ნაკლებად.
- რაზე ლაპარაკობთ ხოლმე მეგობრები, როცა ერთად ხართ? ერთმანეთის ამბებზე, სკოლაზე, წაკითხულ წიგნებზე, ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებზე?
- მე და ჩემი მეგობრები სკოლაში უფრო იმაზე ვლაპარაკობთ, ვინ გავაბრაზოთ (იცინის), ან რა გავაკეთოთ შაბათ-კვირას, რა მოხდა ახალი. წიგნებზე რა გითხრათ, - არც კი მახსოვს, თუ გვილაპარაკია როდისმე წაკითხულ წიგნზე.
- თავად გიყვარს წიგნების კითხვა?
- მაინტერესებს მხოლოდ ის წიგნები, რომლებიც ძველ ეგვიპტეს შეეხება, სხვა - არა.
- მომღერლები და მსახიობები რომელი მოგწონს?
- მე, ისევე როგორც ბევრს ჩემ გარშემო, ძალიან მომწონს ჯასტინ ტიმბერლეიკი და რეპერი ბუბა. მსახიობებიდან - რობერტ პატინსონი. ჯასტინის სიმღერები იმიტომ მომწონს, რომ ყოველთვის რაღაც ახალს აკეთებს, ბუბას სიმღერებში კი ყოველთვის განასაკუთრებული სიტყვებია, გულში ჩამწვდომი.
- განათლების მინისტრი რომ იყო, რას შეცვლიდი სკოლაში?
- მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, ცოტა გავაადვილებდი სწავლის პროცესს და მეტ ყურადღებას მივაქცევდი სპორტულ თუ სხვა სახის შეჯიბრებებს. კარგია, როცა ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაიმე საგანში ან სპორტულ ასპარეზობებში, ეს სწავლასაც უფრო საინტერესოს ხდის და ერთმანეთთან ურთიერთობისთვისაც კარგია.
- თუ გაქვს გადაწყვეტილი, ვინ გახდები მომავალში და რას აკეთებ დღეს ამისთვის?
- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ჟურნალისტი მინდა, რომ გამოვიდე და ვცდილობ, ამ სპეციალობისთვის საჭირო საგნები კარგად ვისწავლო.
ამის შემდეგ რეგიონის სკოლის მოსწავლეების პრობლემებით დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მათ კლასგარეშე წრეები აკლიათ და არც მასწავლებლების პროფესიონალიზმი აკმაყოფილებთ.
ქეთი, 13 წლის.
"სოფლებში მოზარდებს ბევრი რამ აკლიათ. არც არჩევანი გვაქვს, რომ სკოლის შემდეგ რაიმეთი დავკავდეთ. ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ - ცურვა, მუსიკა, გიტარა, სპორტის სხვადასხვა სახეობა. მე იმით ვივსებ დანაკლისს, რომ წიგნებს ვკითხულობ, ეს ჩემი ჰობია. ბიბლიოთეკიდან გამომაქვს წიგნები და დიდი ინტერესით ვკითხულობ. თუმცა ჩემს გვერდით ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც წიგნებით ვერ ინტერესდება და სხვა გასაქანიც არ აქვს, უსაქმურადაა და დროს ტყუილად აცდენს. ბიჭები სიგარეტის მოწევაში, ბანქოს თამაშსა და ბირჟაზე დგომაში ატარებენ დროს. გოგოების დიდი ნაწილი ინტერნეტში კლავს დროს.
მეშვიდე კლასელლები ვართ, ჩვენს თანატოლ ქალაქელებს ალბათ არ უჭირთ ინგლისური ენა, ჩვენ კი ძალიან ჩამორჩენილები ვართ. მეოთხე კლასში ნახევარი სემესტრი რუსული ვისწავლეთ, მეორე ნახევარი - ინგლისური. მერე ინგლისურის რამდენიმე დონეც გამოვტოვეთ და რუსულიც ვერ ვისწავლეთ ნორმალურად. ახალგაზრდა მასწავლებელიც ძალიან ცოტა გვყავს, ასაკოვნებს კი ჩვენი საერთოდ არ ესმით, არც მეთოდები აქვთ ჩვენთან საურთიერთოდ. ახსნისა და ნორმალური საუბრის ნაცვლად პირდაპირ ყვირილზე გადადიან, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც ხშირია, ცემაზეც არ იხევენ უკან. თმას წიწკნიან, ყურს უწევენ ბავშვებს. ჩემი ნება რომ იყოს, ხანში შესული მასწავლებლების უმრავლესობას გავათავისუფლებდი".
ქეთის თქმით, სოფლის სკოლებში მასწავლებლების პროფესიონალიზმი და სწავლების დონეც პრობლემაა. არც არის გასაკვირი - ქალაქში განათლებამიღებული თანასოფლელები მშობლიურ კუთხეს აღარ უბრუნდებიან. ამიტომ სკოლა კარგი მასწავლებლების ახალ ნაკადს ვერ იღებს.